ნინი დავითაძე - 100 %-იანი გრანტით ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდნეობის მიმართულებაზე ისწავლის
სკოლას უდიდესი წვლილი მიუძღვის ახალი თაობის აღზრდასა
და განათლებაში. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. ჩაქვის 1-ელი საჯარო სკოლა ჩემი განვითარებისა
და წარმატების მთავარი სტიმული იყო. პედაგოგების ზრუნვა და ყურადღება არასდროს მაძლევდა მოდუნების ან უკან დახევის საშუალებას.
ვფიქრობ, საკუთარი შესაძლებლობების და ნიჭის გამოვლენას ვერასდროს მოვახერხებდი, რომ არა მათი დიდი ენთუზიაზმი და მონდომება.
მეგობრული და თბილი გარემო მე და ჩემს მეგობრებს ყოველგვარ შიშსა და დაძაბულობას გვიხსნიდა, რითაც მხოლოდ სწავლისა და განვითარებისაკენ მოგვიწოდებდა.
„დიდი რომ გაიზრდები ვინ უნდა გამოხვიდე?“ - ამ კითხვაზე ჩემი პასუხი მუდამ იცვლებოდა ხოლმე. უკვე მეხუთე თუ მეექვსე კლასში დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემი მომავალი სამართალს უნდა დაკავშირებოდა. მშობლებთან ერთად ნანახი ფილმები ჭკვიან გამომძიებლებზე, სამართლისთვის მებროლ უშიშარ ადამიანებზე ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. იმედი გამიჩნდა, რომ ოდესღაც მეც შერლოკ ჰოლმსივით (მაშინ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა ამ სახელზე) საინტერესო ცხოვრება მექნებოდა და მასსავით შევძლებდი ყველა გამეოცებინა ჩემი შესაძლებლობებით.
ბსუ-ს არჩევა მრავალმა საკითხმა განაპირობა. პირველ რიგში, შესაძლებლობა მაქვს უმაღლესი განათლება ჩემს საყვარელ ქალაქში, ახლობელ ადამიანებთან დაშორების გარეშე მივიღო. ბსუ-ს არჩევისკენ მიბიძგა ჩემი მეგობრებისა და ნაცნობების რჩევებმაც, მრავალი მათგანი ამ უნივერსიტეტში სწავლობს. შესაბამისად მათი დადებითი შეფასება და კმაყოფილება მეტად სანდოა ჩემთვის. საინტერესოა ასევე ბსუ-ს გაცვლითი პროგრამები და სხვადასხვა პროექტები, რომლებსაც ჯერ კიდევ აბიტურიენტობის დროს ვადევნებდი თვალს.
აქამდე ბსუ-ს შესახებ ინფორმაციას ძირითადად ამ უნივერსიტეტის სტუდენტებისაგან ვიღებდი. თუმცა უშუალოდ არჩევნის გაკეთების შემდეგ, თვალს ვადევნებდი ბსუ-ს ოფიციალურ გვერდს და გამოქვეყნებულ სიახლეებს.
მინდა მომავალი რამდენიმე წელი ჩემი ცხოვრების ყველაზე პროდუქტიული და სასარგებლო პერიოდი გახდეს. ამ დროის მანძილზე იმედია მრავალი საინტერესო ადამიანის გაცნობას და მათთან ერთად განვითარებას შევძლებ. მომავლის განჭვრეტა რთულია, თუმცა დარწმუნებული ვარ წინ ბევრი სირთულე და ამოცანა მელოდება. მაგრამ ვიცი, რომ თითოეული მათგანი წარმატებასთან მიახლოების საშუალება იქნება.
თითოეული დღე დიდი შესაძლებლობაა. მომავალ სტუდენტებს
ვურჩევ, რომ გაითვალისწინონ მასწავლებლების
რჩევები, არ დაზოგონ თავი და არ დაკარგონ დრო, რადგან საკუთარი წარმატებითა და მიღწევით
გამოწვეული ბედნიერება ფასდაუდებელია. არ შეგაშინოთ წარუმატებლობამ. თქვენი მარცხი
შეიძლება დიდი სტიმულის წყაროდ აქციოთ და ბევრისთვის სიამაყის მიზეზი გახდეთ.
ჩემი ქულების გაგების შემდეგ შესაბამისი მოლოდინიც მქონდა. მაგრამ ბუნებრივია რეალური შედეგის დანახვამ დიდი სიხარული მომანიჭა. მიხაროდა, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო და ოჯახის წევრებისა და ნაცნობების იმედები გავამართლე.
Comments
Post a Comment