სანდრო კიკნაძე-100 %-იანი გრანტით ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამართალმცოდენობის მიმართულებაზე ისწავლის


 

ვსწავლობდი ბათუმის N2 საჯარო სკოლაში, რომელიც გამოირჩევა პროფესიონალი, მოსწავლეების ინტერესებსა და მათთვის საუკეთესო განათლების მიცემაზე ორიენტირებული მასწავლებლები. დაწყებითი საფეხურიდან ბოლო კლასამდე თითოეული მასწავლებელი ცდილობს და ახერხებს კიდეც, რომ მოსწავლეს სათანადო ცოდნის, უნარების და გამოცდილების მიღების მაქსიმალური შესაძლებლობმისცეს. საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა, რომ ცალკე არც მხოლოდ მოსწავლის სურვილია საკმარისი და არც მასწავლებლის შრომა, წარმატება ამ ორის ურთიერთთანამშრომლობით ხდება, რაც ჩემს შემთხვევაში ნამდვილად მოხდა. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩემს სკოლასა და მასწავლებლებს ხელშეწყობაში, როგორც პიროვნულ, ასევე საგანმანათლებლო კუთხით!

იქიდან გამომდინარე, რომ მამაჩემი იურისტი იყო  და ბავშვობიდანვე ეს სფერო ჩემთვის ,,უცნობი" არ არის, ოჯახისთვის არ იყო მოულოდნელი, რომ ჩემს უფროს დასთან ერთად, მეც გადავწყვიტე გავყოლოდი მამის კვალს. ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი დეტექტიური ჟანრის ფილმებით, სერიალებითა და ნაწარმოებებით, ხოლო როდესაც მათ ვეცნობოდი, ინტუიცია არასდროს მღალატობდა და მოვლენები მუდმივად ისე ვითარდებოდა, როგორც წარმომედგინა. ამ ყველაფერთან ერთად, ყველამ კარგად იცის ჩემი ინტერესი პოლიტიკისადმი, ვცდილობ ხშირად ვადევნო თვალი ქვეყანასა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და როდესაც პროფესიონალ, წარმატებულ იურისტად ჩამოყალიბებაზე ვფიქრობ, იმედი მეძლევა, რომ არჩეული პროფესია საშუალებას მომცემს, ღირსეულად ვემსახურო საკუთარ ქვეყანას და  წვლილი შევიტანო მის ყოველდღიურ განვითარებაში.

ბათუმში, კონკრეტულად კი ბსუ-ში სწავლა, პირველ რიგში, ოჯახის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის გამო გადავწყვიტე. ვთვლი, რომ ბედნიერი და წარმატებული ვიქნები იქ, სადაც ახლა ყველაზე საჭირო ვარ, მით უმეტეს, რომ, დარწმუნებული ვარ, ბსუ იმედებს არ გამიცრუებს და იმაზე მეტს მივიღებ მისგან, ვიდრე წარმომიდგენია. თუმცა, პირადი ცხოვრება გვერდით რომ გადავდოთ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ განათლების მისაღებად ბსუ საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც ასევე ერთ-ერთი საუკეთესო და მოწინავეა გაცვლითი პროგრამებისდა სტუდენტებთვის კომფორტული გარემოს შექმნის, მათთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მხრივ.

იქიდან გამომდინარე, რომ ხშირად ვცდილობ თვალი ვადევნო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, ბსუ არ დარჩენილა ჩემი ყურადღების მიღმა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ის მშობლიურ ქალაქში მდებარეობს. ბსუ მუდმივად ცდილობს მაქსიმალურად მოერგოს სტუდენტების მოთხოვნებს, უცხოეთში განათლების მიღების შესაძლებლობა მისცეს, ასევე შეუქმნას მათ უსაფრთხო, კომფორტული და თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული გარემო და რაც მთავარია, მიაწოდოს ხარისხიანი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული განათლება.

სტუდენტობა ცხოვრების ახალი ეტაპია წარმატებული მომავლისთვის საფუძველის ჩასაყრელად და, რა თქმა უნდა, ეს მოსწავლეების დიდი ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ხშირ შემთხვევაში სტუდენტობა უბრალოდ ქართული სტერეოტიპია, რაც მომავალში პრობლემა უქმნის როგორც თავად სტუდენტს დასაქმებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკას. ჩემი რჩევა იქნება, რომ მომავალი სტუდენტები აუცილებლად კარგად დაფიქრდნენ მათ მიერ არჩეულ პროფესიაზე და იმაზე, თუ რამდენად ხედავენ ისინი საკუთარ თავს ამ სფეროში. ხოლო რაც შეეხება აბიტურიენტობის პერიოდს, ის არ უნდა იყოს ისეთი გადატვირთული, როგორსაც ამას აღწერენ. საკმარისია დროის სწორად გადანაწილება, რათა მოახერხოთ როგორც მაქსიმალური ცოდნის მიღება, ისე განტვირთვა. ემოციების კონტროლი იქნება თქვენი ყველაზე დიდი გამოცდა, რადგან ხშირად ემოციური კრიზისი ბევრად დიდ ზეგავლენას ახსენს თქვენს შედეგებზე, ვიდრე თქვენ მიერ დაგროვებული ცოდნა. თავად გამოცდები და შედეგად მიღებული თუნდაც მაქსიმალური ქულები კი ყოველთვის ბევრად ნაკლები იქნება, ვიდრე თქვენი ცოდნაა. ყველას გისურვებთ წარმატებებს!

ყოველთვის მჯეროდა, რომ საკუთარ შესაძლებლობებს ყველაზე კარგად საგამოცდო მაგიდაზე წარმოვაჩენდი და ასეც მოხდა. სიმართლე გითხრათ, პირველი გამოცდის შედეგის გაგებისთანავე ვხვდებოდი დაახლოებით როგორ განვითარდებოდა მოვლენები, თუმცა დარწმუნებული მაინც არ ვიყავი და შედეგების დადებას მოუთმენლად ველოდი. რა თქმა უნდა, შედეგმა ძალიან გამახარა, თუმცა იმ ფაქტმა უფრო გამაბედნიერა, რომ ჩემი ყველა გულშემატკივრის, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრების, იმედების გამართლება მოვახერხე და ყველაფერი ისე წარიმართა, რისი მოლოდინიც და სურვილიც მქონდა.

 

Comments