ესპანელი სტუდენტი ინეს კონდოი ფრანკო ბსუ-ში

ესპანელი სტუდენტი ალკალას უნივერსიტეტიდან, ინეს კონდოი ფრანკო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ერასმუს+ ფარგლებში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე თარგმანმცოდნეობას სწავლობს. ის ბათუმში 3 თვით იმყოფება. მისთვის ბათუმში ცხოვრება და სწავლა  საინტერესო გამოცდილებაა. ინესი ხაზს უსვამს ქართველი მასწავლებელ-პროფესორების, ახალგაზრდების თბილ დამოკიდებულებასა და კეთილგანწყობას. ესპანეთის შემდეგ ის აქტიურ ცხოვრებას ბათუმშიც აგრძელებს.   ინესი კითხულობს ლექციებს ესპანურ ენაში, ასევე ჩართულია ბსუ-ს თეატრალურ დასში. მისთვის მთავარი აღმოჩენა ქართული ენა და ანბანი გახლავთ. ესპანეთში დაბრუნების შემდეგ აპირებს პირად ბლოგზე ბათუმის გამოცდილებაზე დაწეროს და ესპანელ თანატოლებს საქართველო გააცნოს.





მოლოდინები და რეალობა საქართველოს შესახებ
საქართველოში წამოსვლამდე ბევრი არ ვიცოდი ამ ქვეყნის შესახებ, ამიტომ ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია, დავუკავშირდი მადრიდში ქართულ საელჩოს, ვიყიდე ქართულ-ესპანური ლექსიკონი. სამწუხაროდ google-ში არ არის ზუსტი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. ხშირად წერენ, რომ საშიშია აქ წამოსვლა და ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი, თუმცა რეალობა სრულად განსხვავებულია.თუ კი ინფორმაციას მოიძიებ საქართველოს ბუნების, სილამაზის, ისტორიის შესახებ ნამდვილად გაოცებული დარჩებით. ლამაზი ქვეყანაა საინტერესო წარსულითა და კულტურით.

ქართული ტრადიციები, წეს-ჩვეულებები, სამზარეულო და კულტურა
ხალხი ძალიან თბილია, ყოველთვის მიღიმიან. როდესაც ხედავენ, რომ ენა არ მესმის, ყველა გზით ცდილობენ გამაგებინონ და დამეხმარონ.
ქართული სამზარეულო განსხვავებულია. საკმაოდ ნოყიერი საჭმელები გაქვთ. სადაც არ უნდა წავიდეთ ყველგან ხაჭაპური და ხინკალია, ამ ყველაფრის ფონზე კი ძალიან რთულია ფორმა შეინარჩუნო.
კულტურული შოკი მივიღე საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით. თავდაპირველად მეშინოდა ქუჩაზე გადასვლის, ძალიან  ქაოტური მოძრაობაა. ასევე, ჩემთვის გასაოცარი ადრეული ქორწინების პრაქტიკაა. ჩემს კურსზეც არიან გოგონები, რომლებსაც უკვე რამდენიმე შვილი ჰყავთ.

აქტივობები ბათუმში
ძალიან ბევრი ჰობი მაქვს. მიყვარს ფოტოგრაფია, ენები, ლიტერატურა, წერა, მოგზაურობა. შეძლებისდაგვარად ვცდილობ ჩავერთო სხვადასხვა აქტივობაში, სამწუხაროდ, 3 თვე არ არის საკმარისი ჩემი ყველა ინტერესის დასაკმაყოფილებლად. თუმცა ვცდილობ ვიმოგზაურო, დავათვალიერო საქართველოს ულამაზესი მხარეები, გადავიღო სურათები. ქართულ ენასაც ვსწავლობ, ეს განსხვავებული გამოცდილებაა ჩემთვის. ასევე, ვასწავლი ესპანურ ენას ესპანური განათლებისა და კულტურის ცენტრთან „იბერია“ თანამშრომლობის ფარგლებში. ძალიან მიყვარს კულტურა, ამიტომ ჩავერთე ბსუ-ს თეატრალურ დასში და ვესწრებოდი სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალს “დებიუტი“. სამწუხაროდ, ბათუმს სწორედ მაშინ ვტოვებ, როდესაც უკვე ბოლომდე გავეცნობი ქალაქსა და სტუდენტურ ცხოვრებას.

 ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტი
დიდი მოლოდინი არ მქონია, არ ვიცოდი ბევრი ამ უნივერსიტეტის შესახებ. პირველადი შეხება მქონდა საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტთან და საკმაოდ კარგი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა.  საკმაოდ თბილი გარემოა ლექტორები და სტუდენტები მუდმივად მეხმარებიან. ლექტორების ცოდნის დონე და ხარისხი ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია.
უნივერსიტეტში ყველა გეხმარება, ცდილობს განვითარდე, ისწავლო მეტი. არსებობს ხარვეზები. ერთ-ერთი რასაც შევცვლიდი არის სასწავლო გრაფიკისა და ცხრილების სისტემის დახვეწა. სწავლების პირველ კვირას გამიჭირდა  ლექციებისა და სემინარების განრიგში გარკვევა.  მიმაჩნია, ამ მხრივ საჭიროა უფრო  მკაცრი მიდგომა. თუმცა ეს ყველაფერი გამოსწორებადია.  ყველაფერს დრო  და გამოცდილება სჭირდება.

ქართველი სტუდენტები
ქართველ სტუდენტებს ესპანელებთან შედარებით განსხვავებული მიდგომა და დამოკიდებულება აქვთ სწავლასთან დაკავშირებით. ალბათ ეს გამოწვეულია განსხვავებული საგანმანათლებლო სისტემით. საქართველოში არ გაქვთ საშუალო სკოლის ( high school) ეტაპი, რაც აუცილებელია მოსწავლისთვის, მოემზადოს უმაღლესი განათლების მისაღებად და ახალი ცხოვრების დაწყებისთვის. ესპანეთში სტუდენტები უკვე ჩამოყალიბებული, გათვითცნობიერებული არიან და სწავლასთან დაკავშირებით უფრო სერიოზული მიდგომები აქვთ.
ქართველი ახალგაზრდები საკმაოდ კომუნიკაბელური და გახსნილები არიან. ბევრთან მოვახერხე დამეგობრება.  ადვილი იყო ახალ გარემოსთან შეგუება, ახალგაზრდები ძალიან მეხმარებოდნენ ამ მხრივ.




ქართული და ესპანური საგანმანათლებლო სისტემების შედარება
მნიშნელოვანი განსხვავება რაც შევნიშნე უკავშირდება შეფასების სისტემას. ბათუმის უნივერისტეტში ხშირად ტარდება გამოცდები. ესპანეთშიც გვაქვს შუალედურების ტიპის გამოცდები, თუმცა ძირითადად პრეზენტაციებს ვატარებთ, ასევე გვაქვს ჯგუფური პროექტები.
განსხვავდება სტუდენტისა და ლექტორების ურთიერთობა. საქართველოში შედარებით უშუალო ურთიერთობაა. პირველად კულტურული შოკი მივიღე, როდესაც ვნახე ქართველი სტუდენტები როგორ უკავშირდებოდნენ ლექტორებს პირად ნომრებზე და უთანხმდებოდნენ გარკვეულ საკითხებზე.  მაგალითად, მე ესპანეთში არ შემიძლია ლექტორს სოციალურ ქსელში ან პირად ნომერზე დავუკავშირდე, ძირითადად ელექტრონულ ფოსტაზე გვაქვს კომუნიკაცია.


რა შეცვალა ჩემში ქართულმა გამოცდილებამ
საქართველოში ცხოვრება და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის გამოცდილება ბევრი რაღაცის გაანალიზებაში დამეხმარა. საქართველო ვითარდება საკმაოდ ინტენსიურად, კულტურული თვალსაზრისით ბევრი საერთო აქვს ესპანეთთან. საქართველო არის განვითრების იმ ეტაპზე, რომელიც ჩემი მშობლების თაობამ გამოსცადა, ეს კი დამეხმარა გამეანალიზებინა რამდენად იღბლიანი ვარ, რომ მაქვს თითქმის ყველაფერი რაც ახალგაზრდას სჭირდება. როგორც ვიცი, 90-იან წლებში საქართველოში ელექტრომომარაგების პრობლემა იყო, ვერც კი წარმომედგინა, რომ ასეთი რამ შეიძლებოდა არსებულიყო რომელიმე ქვეყანაში. ეს წარსული გამოცდილება კი ხალხს უფრო ბრძოლისუნარიანს და შრომისმოყვარეს ხდის. შეიძლება ქართველები არ ხართ ისეთი აქტიური ცხოვრებით დაკავებული როგორც ჩვენ ესპანეთში, თუმცა შრომისმოყვარე ხალხი ხართ, რასაც ესპანელებზე ვერ ვიტყოდი, ჩვენ საკმაოდ ზარმაცი ახალგაზრდობა გვყავს.

სამომავლო გეგმები
ახლო გეგმები ესპანეთში დაბრუნებას და სწავლის დამთავრებას უკავშირდება. შემდეგ მაგისტრატურაზე ვაპირებ სწავლის გაგრძელებას, თუმცა ჯერ არ გადამიწყვეტია სად, სავარაუდოდ ავსტრიაში დავბრუნდები. ამ ეტაპზე ვფიქრობ საქართველოში დაბრუნებას დოქტორანტურის საფეხურზე.  დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ სამომავლოდ ქართული ენის სწავლის გაგრძელებას ვაპირებ. ასევე, აუცილებლად ვგეგმავ ჩემს ბლოგზე დავწერო ბათუმისა და უნივერსიტეტის გამოცდილების შესახებ.



Comments