ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების მესამე კურსი სტუდენტი ნინო ბერიძე ესპანეთში, ქალაქ მურსიაში ,,Erasmus+”- ის გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა.

ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი რატომაც ავირჩიე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სწორედ, გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვნება გახლდათ. ბსუ ამ მხრივ, მართლაც ძალიან დიდ შესაძლებლობას გვაძლევს. დამოუკიდებლად, საკუთარი ფინანსური სახსრებით ესპანეთის უნივერსიტეტში სწავლა დიდი ფუფუნებაა. როდესაც იქ აღმოვჩნდი, სხვა სტუდენტებთან საუბრისას მივხვდი, რამდენად პრივილეგირებული ვიყავი ჩემი პირობებით.

იმისათვის, რომ კონკურსში გაიმარჯვო, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება, მაგრამ  ვთვლი, რომ  არა გადამწყვეტი. ჩემს შემთხვევაში, ყველაფერი ძალიან უცებ მოხდა. საბუთები ბოლო დღეს შევაგროვე, შემდგომ კი უბრალოდ მივყევი კონკურსის ეტაპებს. არ ვთვლი, რომ ჩემი დოკუმენტაცია საუკეთესო იყო, მაგრამ მიმაჩნია, რომ კონკურსის სამივე ეტაპზე გამოვავლინე გამარჯვების დიდი სურვილი. გამარჯვების მიზეზი კი ინგლისური ან სხვა უცხოური ენის ცოდნა, კარგი აკადემიური მოსწრება და მიმღებ უნივერსიტეტთან საგნების თანხვედრაა. მიუხედავად ამ კრიტერიუმებისა, მაინც ვთვლი, რომ უპირატესობას თქვენი ამბიციებით და ავთენტურობით მოიპოვებთ.

ციტრუსის ხეები, უამრავი კაფე, წვრილი ქუჩები, პატარა სახლები, ისტორიული შენობები და ეს მურსიაა. პატარა ქალაქი გამოირჩევა ულამაზესი არქიტექტურით, კეთილი ადამიანებით და რაც მთავარია, მუდამ მზიანი ამინდით. აქვთ უამრავი ჩვენთვის უჩვეულო და საინტერესო ტრადიცია თუ დღესასწაული. წვიმიანი ან თუნდაც ღრუბლიანი დღე აქ იშვიათობაა, შესაბამისად 30-40 წუთში შეგიძლიათ სანაპიროზე აღმოჩნდეთ. ქალაქში ორი დიდი უნივერსიტეტი ფუნქციონირებს, ამიტომაც ტრამვაიში სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე სტუდენტების საუბარსაც გაიგონებთ. ხალხი ქუჩაში გიღიმის და გესალმება. იქ ყოფნით გავაცნობიერე, რომ ესპანელებმა იციან როგორ დააბალანსონ მუშაობა დასვენებასთან, ასევე მათთვის ასაკი თუ გენდერი უმნიშვნელო დაბრკოლებას წარმოადგენს. ვესტუმრე ესპანეთის რამდენიმე ქალაქს და გაოცებული ვარ კულტურით. ესპანური ხასიათის სიტყვებით გადმოცემა რთულია. იგი იგრძნობა ყველგან: ფერწერაში, არქიტექტურაში, მუსიკაში, ლიტერატურასა და ცეკვაში. ყველაზე მთავარი, რაც ამ ქვეყანას აქვს, არის ის, რომ უკან დაბრუნების სურვილს გიტოვებს. დარწმუნებული ვარ იმ ქვეყანაში აუცილებლად დავბრუნდები. 

არასდროს მიმოგზაურია ქვეყნის გარეთ, თან მარტოს. ფრენამდე რამდენიმე დღით ადრე ძალიან ვნერვიულობდი. გონებაში წარმოდგენილი მქონდა სიტუაციის ცუდად განვითარების ყველანაირი შესაძლო სცენარი. რაციონალურიც, ირაციონალურიც. მთელი ეს პროცესი ერთბაშად ძალიან რთული და საშიში ჩანს, მაგრამ დამიჯერეთ, ეტაპობრივად მათთან გამკლავება ძალიან მარტივია. იმის გააზრებამ, რომ შიში ბუნებრივი რეაქციაა, მე ძალიან დამეხმარა. სირთულეებს გამოცდილების მიღების სურვილი და ცნობისმოყვარეობაც ამარტივებდა. ახალ გარემოსთან შეუმჩნევლად გავიარე ადაპტაცია და საბედნიეროდ, არც ერთი ზემოთხსენებული სცენარი არ გამართლებულა.

უნივერსიტეტი საკმაოდ დიდია, შენობა ისტორიულ ძეგლს მოგაგონებთ.  სასწავლებლად სტუდენტები როგორც სხვადასხვა ქვეყნიდან, ასევე ესპანეთის რეგიონებიდან ჩამოდიან. ვსწავლობდი 4 საგანს. აქცენტი პრაქტიკულ ნაწილზე კეთდებოდა. ლექტორები უშუალო, მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ. ცდილობდნენ, ჩარჩოებში არ ჩასვათ სასწავლო პროცესი. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკურმა ბაზამ. ასევე, ძალიან კომფორტულია ის, რომ ციფრული და ტექნოლოგიური სიახლეები ყოველდღიურ სასწავლო პროცესშია დანერგილი. იქ არც ერთი დღე არ გავს მეორეს, ამიტომ ვცდილობდი, აკადემიური ნაწილის და  გართობის დაბალანსებას.

სტუდენტებს და მომავალ აბიტურიენტებს კი ვურჩევდი: არ შეგეშინდეთ კონკურენციისა და ეჭვქვეშ არ დააყენოთ თქვენი შესაძლებლობები. თუ ეს შევძელი მე და კიდევ უამრავმა სტუდენტმა, ამას შეძლებთ თქვენც. გირჩევთ, ჩემი გამოცდილება არ გაითვალისწინოთ და გაცვლითი პროგრამის შესახებ განცხადების გაგებისთანავე დაიჭიროთ თადარიგი, დაიწყოთ დოკუმენტების შეგროვება. ბუნებრივია, შეიძლება შეგექმნებათ სირთულეები, მაგრამ იცოდეთ, რომ დახმარებისთვის ძალიან ბევრი ადამიანია მზად.

ვგეგმავ მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელებას, რადგან ფსიქოლოგიის სპეციალობა და პროფესია ბაკალავრიატის საფეხურზე მიღებული განათლებით ვერანაირად ვერ შემოიფარგლება.

 

Comments

  1. The reason for victory is English or something else Knowledge of a foreign language, good academic performance and subjects at the receiving university It is a coincidence.
    Tel-U

    ReplyDelete
  2. Erasmus 18 is set to tour the US, UK, and Europe in the coming months. The US tour dates are yet to be confirmed, but the official website and social media will provide updates. The UK tour will take place in Stoke-On-Trent, Blackpool, Mold, Birmingham, Swansea, Townhill, Tonyrefail, Pillgwenlly, Littleham, Exeter, Chippenham, Dunoon, Washington, Edinburgh, Dunoon, Dunoon, Dunoon, Ulster, Castwellan, Dunannon, Magherafelt, Lisburn, Cookstown, Monaghan, and Belfast. Europe will be in Lisieux, Caen, Hannover, Nuremberg, Munich, Verona, and Benevento fairfax Weapons Offense Lawyer.

    ReplyDelete

Post a Comment