ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მესამე კურსის სტუდენტი მილენა გულაბერიძე გაცვლითი პროგრამით ბულგარეთში, ქალაქ რუსეში იმყოფება.
ინფორმაცია გაცვლითი პროგრამების შესახებ ყოველთვის განთავსებულია უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა ვებგვერდზე. მე, პირადად, გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია გავიგე სმს შეტყობინებით, ხოლო შემდეგ სასარგებლო ინფორმაცია მივიღე გაცვლით პროგრამასთან დაკავშირებით სტუდენტებისათვის გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე.
ბსუ-ს გაცვლითი პროგრამა უდიდესი შესაძლებლობაა ჩვენი კარიერული განვითარებისა და წარმატებისთვის. ამ შემთხვევაში არა მხოლოდ განათლებას, არამედ ცხოვრებისეულ გამოცდილებას იღებ და ეზიარები ამა თუ იმ ქვეყნის ტრადიციებსა და კულტურას. გაქვს შანსი, შეხვდე შენს თანატოლებს სხვადასხვა ქვეყნიდან და გაიგო მეტი მათი სამომავლო გეგმებისა თუ კულტურის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ არ მქონდა გამოცდილება, ვფიქრობ, ამ კონკურსში ჩემი გამარჯვება განაპირობა მიზანდასახულობამ, შრომისუნარიანობამ და რა თქმა უნდა, ინგლისური ენის ცოდნამ.
იმისათვის, რომ სტუდენტმა მოიპოვოს უპირატესობა გაცვლით პროგრამაში, საჭიროა კარგი აკადემიური მოსწრება, უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა და მოტივაცია, ასევე მზად უნდა იყოს ყოველგვარი გამოწვევებისათვის.
რუსე ბულგარეთის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია, რომელიც მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით მეხუთე ქალაქია. რუსე მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე დუნაის მარჯვანე სანაპირო ზოლში, სანაპიროს მეორე მხარეს კი არის რუმინეთის ქალაქი ჯურჯუ. ეს არის შთამბეჭდავი არქიტექტურის ქალაქი, ლამაზად მორთული მოედნებით, რუსე გამოირჩევა XIX-XX საუკუნეების ნეობაროკოს და ნეოროკოკოს არქიტექტურული სტილით. თითქოს ვენის პატარა ნაწილი გატყდა და დუნაის ნაპირთან დაეცა. მისი წარსული უხვად არის ნაჩვენები რამდენიმე მუზეუმსა და დანგრეულ რომაულ ციხესიმაგრეში, რომელიც დგას დუნაის ზემოთ.
თავიდანვე მეგონა, ახალ გარემოში მოხვედრას თავისი სირთულეები მოყვებოდა. კონკურსში გამარჯვების შემდეგ დამიკავშირდნენ მასპინძელი უნივერსიტეტიდან კოორდინატორები და ლექტორები, რომლებმაც დიდი სითბოთი და სიყვარულით მიმიღეს. მათ ყველა საჭირო ინფორმაცია მომაწოდეს, რითაც თავიდან ავირიდებდი სხვადასხვა სახის სირთულეს, თავს მასქიმალურად დაცულად და კოფორტულად ვიგრძნობდი. რუსეში ბსუ-ს 3 სტუდენტი გავემგზავრეთ, ამანაც გამიმარტივა ამ პროცესებთან გამკლავება.
მიმღებ უნივერსიტეტში მაქვს საკმაოდ თავისუფალი სასწავლო გრაფიკი. ვსწავლობ 8 საგანს, აქედან 2 არის სასწავლო პრაქტიკა. საგნები გადანაწილებულია 4 სასწავლო დღეზე. ლექტორები მაქსიმალურად ცდილობენ, მოარგონ სასწავლო პროცესი ჩვენს გრაფიკს და დრო დაგვიტოვონ მოგზაურობებისა და ქალაქის დათვალიერებისთვის. ამიტომ, დღისა და კვირის უმეტესი ნაწილი თავისუფალი მაქვს. სასწავლო პროცესი არის ძალიან საინტერესო, რადგან განათლების მიღების პროცესის პარალელურად ვეუფლები პროფესიულ უნარებს და ვსწავლობ მუშაობას სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან, რაც ძალიან საინტერესოა. სასწავლო პრაქტიკა მაქვს რუსეს „National school of art” - ში. აქაურ სკოლაში სწავლა ჩემი დღის საუკეთესო ნაწილია, რადგან მიწევს ურთიერთობა მოზარდებთან და ვცდილობ, გაკვეთილები საინტერესო და სახალისო გავხადო მათთვის.
გაცვლითი პროგრამით დაინტერესებულ თანატოლებს ვურჩევდი, რომ არ გაუშვან ეს საოცარი შესაძლებლობა ხელიდან. ეს არის შესაძლებლობა, მიიღო განათლება ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში, გაეცნონ სხვადასხვა კულტურას, შეიძინონ უამრავი მეგობარი დედამიწის სხვადასხვა წერტილიდან, იმოგზაურონ და რაც მთავარია, მიიღონ უდიდესი გამოცდილება.
სამომავლოდ ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე. ასევე მსურს, მონაწილეობა მივიღო გაცვლით პროგრამებშიც, რაც ჩემი კარიერული განვითრებისათვის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება. მინდა ჩემი ცოდნა და მიღებული გამოცდილება გადავცე ჩემს თანატოლებს და მომავალ თაობას.
Comments
Post a Comment