ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის, დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი პროგრამის (მედიცინა) მე-3 კურსის სტუდენტი - ანანო ვერძაძე, საბერძნეთში ქალაქ სიტიაში იმყოფება და ერთი სემესტრის განმავლობაში კრეტას ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტის, ნუტრიციისა და დიეტის დეპარტამენტში განაგრძობს სწავლას.
2020 წლის სექტემბერში სახელმწიფო
70%-იანი დაფინანსებით ჩავირიცხე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტში და ვამაყობ ჩემი არჩევანით, ვამაყობ იმით, რომ უპირატესობა მივანიჭე
ბსუ-ს. გარდა იმ ფაქტისა, რომ უნივერსიტეტი დაკომპლექტებულია კომპეტენტური და
მაღალკვალიფიციური აკადემიური პერსონალით, უნივერსიტეტს აქვს ლაბორატორიები, რომლებიც იძლევა მაღალი სასწავლო-სამეცნიერო მუშაობის განხორციელების
შესაძლებლობას, მას აქვს ძალიან დიდი არჩევანი გაცვლითი პროგრამების მიმართულებით. ბსუ-ს სტრატეგიული
განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აქტიურად მუშაობს ახალი
პარტნიორების მოძიებასა და თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებაზე, რაც ძალიან
მნიშვნელოვანია უნივერსიტეტისთვის.
პირადად ჩემთვის, ეს გაცვლითი
პროგრამა არის დიდი აღმოჩენა და გამარჯვება, მიხარია, რომ ის იმედი, რაც
აბიტურიენტობისას მქონდა გამართლდა, ვიშრომე და გავიმარჯვე ამ გაცვლით პროგრამაში,
შესაბამისად ის სურვილი და მისწრაფება გახდა ცხადი.
გაცვლითი პროგრამის შესახებ გავიგე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის განცხადების მეშვეობით, რომელიც განთავსებული იყო სტუდენტური პორტალის სიახლეების ველში.
ჩემი აზრით, ჩემი გამარჯვება კონკურსში განაპიროპა შრომისმოყვარეობამ და მიზნის მიღწევისთვის ბრძოლამ. ,,Erasmus +“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილობა დაკავშირებულია უამრავ კრიტერიუმთან, რომელიც უნდა დააკმაყოფილო . არსებითი მნიშვნელობა ენიჭება აკადემიურ მოსწრებას, აკადემიურ ღონისძიებებში მონაწილეობასა და ინგლისური ენის ცოდნას. სწორედ ის ფაქტი, რომ აკმაყოფილებდე ამ პროგრამის კრიტერიუმებს დაკავშირებულია ძალიან დიდ შრომასთან, სწავლისადმი სიყვარულთან და აქტიურობასთან.
კონკურსში მონაწილეობა თავისთავად ითვალისწინებს უამრავი კრიტერიუმის
დაკმაყოფილებას. ერთის მხრივ, კრიტერიუმები მოიცავს აკადემიურ ნაწილს, აღვნიშნავ
იმასაც, რომ შესაჩევ ეტაპზე
მნიშვნელოვანია ინგლისური ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარება, და მეორე მხრივ, სტუდენტის მისწრაფების სიცხადე, წრფელი
სურვილი და ყველა შესაძლო სირთულის, გამოწვევის, პრობლემის გადალახვის მზაობა.
სწორედ, ეს სურვილი უნდა იყოს ცხადად წარმოჩენილი სამოტივაციო წერილში. მნიშვნელოვანია, სტუდენტს
გააზრებული ჰქონდეს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა
ასპექტი : ახალი სასწავლო და საცხოვრებელი გარემო, ახალი მეგობრები, მარტო
ცხოვრებისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის აუცილებლობა.
სამშობლო ერთია და ის ჩემთვის საქართველოა, თუმცა არსებობს ერთი ან რამდენიმე ქვეყანა, რომელშიც ვიზიტი მშობლიურ ატმოსფეროსს აღვივებს და გაგრძნობინებს თავს სახლში, პოულობ კულტურულ, რელიგიურ, სოციალურ მსგავსებებს და გრძნობ, რომ არსადაც არ წასულხარ, ან სულაც ეს ადგილი მეორე სახლია შენთვის. სწორედ, მსგავსი შეგრძნება დამეუფლა მას შემდეგ, რაც სასწავლო ვიზიტით ვიმყოფები საბერძნეთში. სადაც არ უნდა გაიხედო, სადაც არ უნდა გაისეირნო ყველგან ანტიკური ეპოქის ჩრდილში ექცევი, გეუფლება გრძნობა, რომ რომელიმე მითოლოგიური ღმერთი, ფილოსოფოსი ან ზევსი შეგხვდება და გაგიზიარებს იმ ისტორიას, რომელიც ისტორიაზე ძველია. რამდენადაც პედანტურად უნდა ჟღერდეს, თავს პრივილეგირებულად ვთვლი, რომ მე თავად მედიკოსი, თვით მედეას ,,სამშობლოში “ განვაგრძობ სწავლას.
ქალაქს, სადაც მე ვსწავლობ და ვცხოვრობ -სიტიას, ზეითუნის ზეთის სამშობლოს ეძახიან, და ამას ადასტურებს არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი მრავალი ნივთი, რომელიც საუკუნეებით თარიღდება და რომელიც მოგვითხრობს იმ დიადი კულტურის შესახებ, რომელსაც ზეთისხილის კულტურა და ზეითუნის ზეთის წარმოება ჰქვია. ლასტიჰის რეგიონი აჭარას მოგაგონებთ, თუმცა ერთი განსხვავებით - აქ მრავლადაა ზეთისხილის ბაღები. სიტიას სიმშვიდესა და სიმყუდროვეს კვირაში რამდენჯერმე სატვირთო და საკრუიზო გემების მეამბოხე ხმა თუ დაარღვევს, რომელიც პორტში შესვლაზე ან დატოვებაზე მიგვანიშნებს. ისევე, როგორც ბათუმში, აქაც ვტკბები ნავსაყუდელისა და მეთევზეების საქმიანობის ყურებით, კულტურის შეცნობითა და ზღვის ტალღების ამბორით.
შემიძლია თამამად აღვნიშნო, რომ ახალი
გარემო არის ძალიან კომფორტული აკადემიური და საცხოვრებელი მიზნებისთვის. ეს
გარემო თავისუფალია სხვადასხვა სირთულეებისგან, თუ არ ჩავთვლით ენობრივ ბარიერს, რომელსაც შეიძლება უფროსს თაობასთან კომუნიკაციის დროს გადააწყდე, თუმცა ბერძნული
სტუმარ-მასპინძლობა, კომუნიკაბელურობა და მეგობრული დამოკიდებულება ამ სირთულის
უმალვე გადაჭრის შესაძლებლობას იძლევა.
კრეტას ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტი, რომელიც წარმოადგენს ჩემს მიმღებ უნივერსიტეტს არის რეგიონის ერთ-ერთი წარმატებული უნივერსიტეტი, ხოლო დეპარტამენტი, რომელშიც ვაგრძელებ სწავლას უპირობოდ ერთ-ერთი ლიდერთაგანია, რადგან აქ ვხვდებით სტუდენტებს საბერძნეთის მრავალი დიდი თუ პატარა ქალაქიდან, მათ შორის ათენიდან და თესალონიკიდან. უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი არის მრავალფეროვანი და საინტერესო, რადგან ის მოიცავს, როგორც თეორიულ, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაო პროცესს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დეპარტამენტს ხშირად სტუმრობენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერისტეტების პროფესორები, რომლებიც მართავენ საჯარო, მნიშვნელოვან ლექციებს სხვადასხვა საკითხზე. ამგვარ ლექციებზე დასწრება სასწავლო პროცესს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. დეპარტამენტში შექმნილია მულტიკულტურალური გარემო, რაც გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ სტუდენტთა ერთობლიობას. ,,Erasmus +"-ის გაცვლითი პროგრამით უამრავ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა ისწავლოს ამ დეპარტამენტში და შეიძინოს საერთაშორისო მეგობრები. აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი გამოირჩევა მეგობრული დამოკიდებულებით, გულითადი ქცევითა და დიდი ყურადღებით, რაც თანამშრომლობას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
სასწავლო პროცესი არის მაქსიმალურად საინტერესო ხოლო დღის რეჟიმი არის მორგებული სტუდენტის ცხოვრებასა და მისთვის კომფორტული გარემოს შექმნაზე.
ადგილობრივ პირველ რიგში, მომავალ
სტუდენტებს, რომელთაც არ გადაუწყვეტიათ
ჯერ თუ სად მიიღონ უმაღლესი განათლება, ვურჩევ, რომ თავიანთი მომავალი
დაუკავშირონ ბათუმის შოთა რუსთაველის
სახელმწიფო უნივერსიტეტს, რადგან ეს უნივერისტეტი გამოირჩევა სწავლების მაღალი
ხარისხით, დიდი სასწავლო-სამეცნიერო ბაზის არსებობით, გაცვლითი პროგრამების უამრავი შესაძლებლობითა და განვითარების
უსწრაფესი ტემპით. ჩვენს უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი ხარისხიანი
განათლებისა და სასიამოვნო სტუდენტური ცხოვრების მისაღებად.
რაც შეეხება ჩემს თანატოლებს, რომლებიც დაინტერესებული არიან გაცვლით პროგრამებში მონაწილეობით, ვურჩევ, რომ გააქტიურდნენ და შეუპოვრად იბრძოლონ თავიანთი მიზნების მისაღწევად, რადგან მხოლოდ და მხოლოდ ისინი არიან თავიანთი წარმატების შემოქმედი. მსგავს პროგრამებში მონაწილეობა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, თუმცა სიხარული, რომელსაც გამარჯვება მოგანიჭებთ ყველა უძილო ღამეს და სწავლისადმი მიძღვნილ დღეს გადაფარავს, მერწმუნეთ. იყავით შეუპოვრები და ნუ შეგეშინდებათ უარყოფითი შედეგის, რადგან წარმატების კედელი წარუმატებელი მცდელობების აგურებით შენდება. დაბოლოს, იბრძოლეთ გამარჯვებამდე.
ჩემი სამომავლო გეგმები უკავშირდება
მედიცინის სფეროში ცოდნის გაღრმავებას, აკადემიურ ღონისძიებებში აქტიურ
მონაწილეობასა და წარმატებული მომავლის შენებას.
მშობლიურ უნივერსიტეტში დაბრუნებისას,
პირველ რიგში, ჩემს თანატოლებს გავუზიარებ აქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას,
ხოლო მოგვიანებით საინიციატივო ჯგუფებთან
ერთად განვიხილავ თუ რა სიახლის დანერგვა შეიძლება ჩვენს უნივერსიტეტში სასწავლო
პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესების მიზნით.
მინდა მომავალში რაიმე სასიკეთო
ცვლილება განვახორციელო ფაკულტეტისთვის, სტუდენტებისთვისა და სტუდენტური ცხოვრებისთვის. სტუდენტებთან
კომუნიკაცია, იდეების გაცვლა და გამოცდილებების გაზიარება შთამბეჭდავი
ინტერპერსონალური ურთიერთობების ქონის შესაძლებლობას იძლევა.
Comments
Post a Comment