ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტი ანდრია სიმონიშვილი სწავლას პოლონეთის ქალაქ ვროცლავში განაგრძობს.
გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა უნივერსიტეტში ჩარიცხვის დღიდან დავისახე მიზნად და რეგულარულად ვამოწმებდი სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის სიახლეებს.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი შესაძლებლობის და განვითარების, კარიერული და აკადემიური წინსვლის პერსპექტივას გვანიჭებს, ბსუ ცნობილია გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვნებით, მაგალითად ,,ერაზმუსის+“-ის გაცვლით პროგრამა საშუალებას გვაძლევს, ვიცხოვროთ და ვისწავლოთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში. აღსანიშნავია, რომ პროგრამით სარგებლობენ არა მარტო სტუდენტები, არამედ აკადემიური პერსონალიც, რაც მათ მუდმივ განვითარებას ხელს უწყობს, რაც, რასაკვირველია, ბსუ-ს სასწავლო პროცესზეც დადებითად მოქმედებს. ასევე ჩვენს უნივერსიტეტშიც ხშირად ჩამოდიან ევროპული უნივერსიტეტების პროფესორები და საინტერესო შეხვედრებს გვიტარებენ.
გაცვლითი პროგრამა გვეხმარება
როგორც აკადემიურ, ასევე პიროვნულ განვითარებაში. საერთაშორისო გამოცდილების
მიღება, ახალი კულტურის, ენის და ტრადიციების შესწავლა, დამოუკიდებლად ცხოვრება და
სხვა მრავალი არის გაცვლითი პროგრამის შემადგენელი ნაწილი. გარდა ამისა ბევრი დამსაქმებელი, მათ შორის
საერთაშორისო კორპორაციებიც დიდ ყურადღებას აქცევენ კანდიდატის რეზიუმეში მის
საერთაშორისო გამოცდილებას. საერთო ჯამში, გაცვლით პროგრამას დადებითი შედეგი
მოაქვს სტუდენტის აკადემიური განვითარების და
კარიერული წინსვლის პერსპექტივის მხრივ.
იმ ფაქტმა, რომ თავიდანვე ვიცოდი, რატომ და რისთვის ვიღებ კონკურსში მონაწილეობას, შესაბამისად ჩემი სიჯიუტის, მოტივაციის და თავდაჯერებულობის მაჩვენებელი პიკს იყო მიღწეული, ამ ყოველივემ მოიტანა ჩემი პროექტში გამარჯვებაც.
უპირატესობის მოსაპოვებლად, როგორც წესი, მიიჩნევენ მაღალ აკადემიურ მოსწრებას, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან ის მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. მე მივიჩნევ, რომ ყველაზე დიდ გავლენას შედეგზე ახდენს სტუდენტის დამარწმუნებელი მოტივაცია.
ვროცლავი პოლონეთში სიდიდით მეოთხე ქალაქია. ის გაშენებულია მდინარე ოდრაზე და მას „პოლონეთის ვენეციად“ მოიხსენიებენ. ქალაქში სიმბოლურად ყველა კუთხეში სხვადასხვა გნომის ქანდაკებას შეხვდებით. ყველა უნიკალურია და სხვადასხვა საქმიანობას ეწევა. აზარტში შესული ტურისტები და ადგილობრივები დიდი ენთუზიაზმით ეძებენ და ცდილობენ ახალი ჯუჯის აღმოჩენას. გნომები კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა.
ახალ გარემოსთან შეგუება არასდროს არ არის მარტივი საკითხი, თუმცა ეს პროცესი ჩემთვის უფრო მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე მოველოდი. ერთ მხრივ ხელშემწყობი ფაქტორი გამვლელების კეთილგანწყობა და ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემაზე მზადყოფნა იყო. ასევე მადლობელი ვარ იმ სტუდენტების, ვინც გამიზიარა თავისი გამოცდილება და პოტენციურ სირთულეებზე წინასწარ მიმანიშნა.
ვროცლავის უნივერსიტეტი სტუდენტებს მორგებულ გრაფიკს სთავაზობს. სამაგიეროდ ლექცია-სემინარების გაცდენა მხოლოდ საპატიო მიზეზით ხდება და ანაზღაურებას ექვემდებარება. სასწავლო კურსის ათვისება სხვა პრინციპით ხდება, ვიდრე საქართველოში. მაგალითად ტრადიციული შუალედური-ფინალური გამოცდების ფორმატის მაგივრად, სტუდენტი წერს სასემესტრო ნაშრომს, რომლის შესაბამისადაც იღებს ნიშანს. სტუდენტის ცოდნა არ მოწმდება ყოველკვირეულ სემინარებზე, თუმცა სასემესტრო ნაშრომის წერას ხშირ შემთხვევაში სწავლის დაწყებისთანავე იწყებენ. რაც ყველაზე მეტად მომწონს ეს არის მორგებული გრაფიკი, კვირაში 2 ან მაქსიმუმ 3 დღე ეთმობა საუნივერსიტეტო შეხვედრებს, დანარჩენი დრო სტუდენტს რჩება თვითგანვითარებისთვის, მომზადებისთვის, მუშაობისა და მოგზაურობისთვის.
ჩემი რჩევა თანატოლებისთვის და აბიტურიენტებისთვის იქნებოდა, რომ არასდროს არ შეეშინდეთ კონკურენციის, არ შეიტანონ საკუთარ უნარებში ეჭვი და ყველა გაცვლით პროგრამაში მიიღონ მონაწილეობა. წარუმატებლობის შემთხვევაში არ დანებდნენ და სცადონ იქამდე, სანამ არ გამოუვათ. მრავალი მარცხის შემდგომ მიღწეული გამარჯვება ყოველთვის უფრო სასიამოვნოა.
სამომავლო გეგმად ვისახავ ჩემი სპეციალობის მიხედვით დავსაქმდე და გავაგრძელო აკადემიურ სივრცეში მოღვაწეობა.
Comments
Post a Comment