ბსუ-ს სტუდენტების პროექტი „ადაპტირებული ბათუმი“ ბათუმის მერიის კონკურსის - „შენი იდეა ბათუმს“ გამარჯვებულია
ბსუ-ს საჯარო მმართველობის საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტების პროექტი „ადაპტირებული ბათუმი“ ბათუმის მერიის კონკურსის - „შენი იდეა ბათუმს“ გამარჯვებულია. პროექტის „ადაპტირებული ბათუმი“ ავტორია ბსუ-ს სტუდენტი დავით კობალაძე და თანაავტორი ბსუ-ს კურსდამთავრებული - შოთა გურგენიძე, ასევე პროექტის ჯგუფის წევრები არიან სტუდენტები: ანეტი ბერიძე, ანამარია ბოლქვაძე, ქრისტინა სურმანიძე და ხვიჩა ცენტერაძე. ბსუ სტუდენტებს ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.
პროექტის „ადაპტირებული ბათუმი“ მიზანია, იზრუნოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, გაუადვილოს კომუნიკაცია, დაეხმაროს ადაპტაციასა და ინტეგრირებაში სპეციალური ინფრაქტრუქტურის სკამების საშუალებით. სპეციალური დიზაინის, ასაკეცი მოწყობილობის სკამები ქალაქის მასშტაბით განთავსდება მათთვის ხელმისაწვდომ ადგილებზე, ესენია: უნივერსიტეტის, ბულვარის, პარკის მიმდებარე ტერიტორია და სკვერები. შშმ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, გარე სივრცეში თავი კომფორტულად იგრძნონ და უარი არ თქვან სახლიდან გასვლაზე. სკამს ექნება მრავალფუნქციური დატვირთვა ასაკეცი მოწყობილობის საშუალებით, თუკი შშმ პირი არ გამოიყენებს ადაპტირებულ სკამს, ამით შეუძლია სხვამ ისარგებლოს. აჭარა ტურისტული რეგიონია და სტუდენტების აზრით, პროექტის განხორციელება დადებით გამოხმაურებას ჰპოვებს საერთაშორისო ასპარეზზე და რეგიონი კიდევ უფრო მეტად მიმზიდველი გახდება უცხოელებისათვის.
კონკურსის ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, მონაწილეობითი ბიუჯეტის საბჭოს სხდომაზე პირველ ეტაპზე გამოვლენილი 6 იდეიდან გამარჯვებულად 2 პროექტი დასახელდა, რომლებიც ბათუმის მერიის 2023 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია 2019 წლიდან ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ის) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამის (GGI-ის) მხარდაჭერით.
Comments
Post a Comment