ბსუ-ს სტუდენტი ანა გორგილაძე ,,ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამით ზალცბურგის უნივერსიტეტში
ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მე-4 კურსის სტუდენტი ანა გორგილაძე ,,ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამით ზალცბურგის (ავსტრია) უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მომცა შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში განათლება მიმეღო ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, რაც მეხმარება განვითარდე, როგორც პიროვნულად ასევე პროფესიულად. აბიტურიენტობისას არჩევანი ბსუ-ზე შევაჩერე და ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე.
სწორედ, ბსუ-სა და სხვადასხვა ევროპული უნივერსიტეტის თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, თვითონ აირჩიონ რომელ ქვეყანაში სურთ გაცვლითი სემესტრის გავლა. ,,ერაზმუს+“-ი სტუდენტებისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ ისწავლონ საზღვარგარეთ, იმოგზაურონ, ახალი ადამიანები და კულტურა გაიცნონ.
კონკურსში გამარჯვება არ არის მარტივი, თუმცა როდესაც მიზანდასახული სტუდენტი არ ნებდება, საბოლოოდ ყველაფერი გამოდის, ამის ნათელი მაგალითი ვარ მეც. პირველ მცდელობაზე არ გამიმართლა. თუმცაღა, მიღებული გამოცდილება შემდეგ მცდელობაზე გამოვიყენე და გავიმარჯვე კიდეც. ვფიქრობ, გამარჯვება სამოტივაციო წერილმა განაპირობა, რომელზეც ძალიან ბევრი ვიშრომე, მასში ჩემი ყველა მიზანი და სწავლის მოტივაცია აღვწერე.
ვფიქრობ, რომ სტუდენტმა საბუთების შეგროვებისას სამოტივაციო წერილზე უნდა იმუშაოს ყველაზე მეტად. გარდა ამისა, თუ ქვეყნის სახელმწიფო ენა იცით (დამწყები დონეც მისაღებია) ესეც პრიორიტეტულია მიმღები უნივერსიტეტისთვის, რადგან სტუდენტს ასე ადაპტაცია უფრო უმარტივდება.
ზალცბურგი პატარა, ულამაზესი ქალაქია, რომელიც ავსტრიის უკიდურეს დასავლეთში, გერმანიასთან ახლოს მდებარეობს. ზალცბურგი არ არის დიდი ქალაქი, თუმცა მას აქვს უდიდესი ისტორია. აქ არის ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი ციხე-სიმაგრე ჰოენზალცბურგი, რომელიც მე-11 საუკუნიდან დღემდე დაუზიანებლად დგას. ასევე ამ ქალაქში დაიბადა მოცარტი, რამაც ქალაქის პოპულარობა უფრო გაზარდა. ქალაქის ირგვლივ არის უამრავი ტბა და ულამაზესი ბუნება და ეს იმის ნახევარიც არ არის, რასაც ამ ქალაქში ნახავთ.
ჩამოსვლისას დამხვდა სირთულეები, რომლებიც ძირითადად წვრილმან საკითხებთან იყო დაკავშირებული. ვნერვიულობდი კიდეც, რადგან არ მქონდა უცხო ქვეყანაში მარტო მოგზაურობის გამოცდილება. დამხვდნენ ძალიან კარგი ადამიანები, რამაც ეს პერიოდი მარტივად გადამატანინა. უნივერსიტეტში პროფესორ-მასწავლებლები ყველანაირად არიან ორიენტირებულები სტუდენტებზე. სწავლის პროცესიც ძალიან კარგადაა მორგებული უცხოელ სტუდენტებზე. მიმღებ უნივერსიტეტს აქვს უამრავი საგანი, რომელიც ინგლისურად ისწავლება. გარდა ამისა, შეგიძლია, აირჩიო საგნის სწავლების ტიპიც (სემინარი, ლექცია...).
ჩემი დღე გერმანულის ლექციით იწყებოდა, რომელზეც კვირაში 4 დღე დავდიოდი. უცხო ენის კურსს უნივერსიტეტი გთავაზობს, გერმანულის გარდა ინგლისური და სხვა ენებიც აქვთ. მეც, რა თქმა უნდა, ასეთი შანსი არ გამოვტოვე, რომ გერმანული ენა ადგილობრივ, გერმანულენოვან პროფესორთან მესწავლა და არ ვნანობ კიდეც. ეს ისეთი გამოცდილება იყო, რომელსაც საქართველოში ვერ მივიღებდი. სწავლის გარდა, ვცდილობდი ბევრი დრო გამეტარებინა ზალცბურგსა და ავსტრიის სხვა ქალაქებშიც. ბევრი ადგილი მოვიარე და ბევრი მოგონებაც შევაგროვე.
ყველა გაცვლითი პროგრამით დაინტერესებულ სტუდენტს ვურჩევ, არ დანებდნენ, არ შეეშინდეთ უცხო ქვეყანაში ცხოვრების, პასუხისმგებლობებისა და სხვა ფაქტორების, რადგან ყველაფერი მიღწევადია და ნამდვილად ღირს ამის გამოცდა. მხოლოდ ერთმა სემესტრმა მომიტანა უამრავი რამ: მარტო ცხოვრების გამოცდილება, ახალი ადამიანები, ახალი მეგობრები, უცხო ენების გაუმჯობესების საშუალება და ა.შ. ასევე არა მხოლოდ ევროპული, არამედ აზიური კულტურის ახლოდან დანახვის საშუალება, რადგან უამრავი ადამიანი გავიცანი სხვადასხვა ქვეყნიდან.
Comments
Post a Comment