ბსუ-ს სტუდენტური პროექტების კონკურსში გამარჯვებული პროექტები
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,სტუდენტთა საგანმანათლებლო, კულტურულ-შემოქმედებითი და სპორტული სახის პროექტების კონკურსი - 2023’’ დასრულდა. კონკურსში მონაწილე 12 პროექტიდან დაფინასება მოიპოვა 6-მა პროექტმა. კონკურსის გამარჯვებულები თავიანთი პროექტების მნიშვნელობასა და სამომავლო შედეგებზე საუბრობენ.
წიგნი „100 წერილი ბსუ-ს“ შეიძლება იყოს მომავლის სიმბოლო და წახალისება. ის მოიცავს იმ ადამიანების, ისტორიას, ციტატებს და გამოსვლებს ვინც აქ სწავლობდა ან სწავლობს.ამ პროექტის იდეა ჩემს მეგობარს გაუჩნდა და ეს რეალობად ვაქციეთ. ბევრი ვიფიქრეთ, თუ როგორ უნდა აგვეწყო და რა მიზნით გაგვეწერა პროექტი, რა სარგებელს მოუტანდა ის საზოგადოებას. „100 წერილი ბსუ-ს“, სახელიც მოულოდნელად და სპონტანურად წარმოვთქვით უბრალოდ საუბრისას.
პროექტის მიზანია, გამოიცეს წიგნი, ბსუ-ს დაარსებიდან 100 წლისთავის იუბილეს ფარგლებში. „100 წერილი ბსუ-ს“, სადაც თავმოყრილი იქნება სხვადასხვა თაობის , ბსუ-ს წარმატებული კურსდამთავრებულების წერილები. წიგნი „100 წერილი ბსუ-ს“ იქნება პირდაპირი ისტორიები და მაგალითები. აბიტურიენტი საკუთარი თვალით გაეცნობა რეალურ ისტორიებს სხვადასხვა პროფესიის, საგანმანათლებლო საფეხურის კურსდამთავლების შესახებ და დაინახავს რეალურ შესაძლებლობებს, იმას თუ რამდენად ამართლებს ჩვენი უნივერსიტეტი მის მოთხოვნებს, აძლევს უსაზღვრო შესაძლებლობებს სტუდენტებს.
ამ პროექტზე ვმუშაობდი და სამომავლოდაც ვიმუშავებ ჩემს მეგობარ, ელენე კურტანიძესთან ერთად, რომელიც იდეების წყარო და მამოძრავებელი ძალაა, რასაც შეუძლია ყველაფრის შეცვლა.
ჩვენს ქალაქში ასტრონომიამ ფეხი XX საუკუნეში მოიკიდა, როდესაც 1957 წელს ბათუმის ობსერვატორიას და ბათუმში მოღვაწე ფიზიკოსებს (ასტროფიზიკოსებს) საბჭოთა კავშირის მეცნიერთა გაერთიანებამ უფლება მისცა ტელესკოპით თვალი ედევნებინათ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის, პირველი ხელოვნური თანამგზავრის გაშვებისთვის. 1990-იან წლებამდე, ობსერვატორიის დახურვამდე, ამ ქალაქში მართლაც ბევრი იყო ასტრონომიით დაინტერესებული, მიმდინარეობდა აქტიური დაკვირვება მეცნიერთა მიერ და ობსერვატორიასაც ბევრი სტუმრობდა, დღეს ინტერესი ამ სფეროსადმი დაბალია, ამ მიზეზთა გამო, ჩვენი პროექტი ხელს შეუწყობს როგორც ჩვენს უნივერსიტეტში უკვე დაწყებული კვლევების გააქტიურებას, ასევე ახალგაზრდობის ასტრონომიით დაინტერესებას.
პროექტის მატერიალური და სამეცნიერო მიზანი სათაურშივეა მოცემული - „ასტრონომიული ობიექტების რელიეფის ელემენტების სიმაღლეების განსაზღვრა ასტრონომიული ტელესკოპი „FL – 80640“ -ის საშუალებით“, რაც შეეხება სხვა მიზანს, მსურს მოცემული პროექტის საშუალებით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდეს ასტრონომიით და ფიზიკით, გარდა ფორმულებისა და თეორიებისა, მსურს, ბევრმა დაინახოს ფიზიკის საგნის სილამაზე, მნიშვნელობა და მისი შესაძლებლობები, ამისთვის პროექტი ფესტივალით დაგვირგვინდება.
პროექტზე ჩემთან ერთად მუშაობდნენ ფიზიკის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტები ლინდა ჯორთმენაძე და ბექა შაინიძე, რომელთათვისაც ეს პროექტი, როგორც ჩემთვის, სიახლე და გამოწვევაა.
სტუდენტური პროექტი, „გარემოსდაცვითი ახალგაზრდული სამიტი“ არის სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებზე მორგებული, რომელიც ხელს შეუწყობს და საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს, დაეუფლონ თანამედროვე სტანდარტების მქონე განათლებას, თანაც არაფორმალური განათლება უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების წინსვლისა და განვითარებისთვის. არაფორმალური განათლებით მიღებული პრაქტიკა და გამოცდილება განსაზღვრავს მომავალში მათ კარიერულ წარმატებას. ეს პროექტი ახალგაზრდებს აძლევს უდიდეს შესაძლებლობას, გაეცნონ მათთვის საინტერესო საკითხებს, იმსჯელონ საქართველოში მიმდინარე უახლეს მოვლენებზე და თვითონვე შეიმუშაონ პრობლემების ალტერნატიული გადაჭრის გზები, ასევე ეს პროექტი ხელს შეუწყობს მათი პროფესიული ორიენტირის ჩამოყალიბებას.
ჩვენი პროექტის მიზანია, მივცეთ ახალგაზრდებს შესაძლებლობა, მიიღონ თანამედროვე, მაღალი ხარისხის განათლება და გამოცდილება, რომელიც მათ სამომავლოდ ხელს შეუწყობს პროფესიულ ორიენტაციაში. ასევე გაიღრმავონ კრიტიკული, ანალიტიკური და ლიდერული უნარ-ჩვევები, დაეუფლონ საჯარო გამოსვლების, დებატებისა და მოლაპარაკებების ხელოვნებას, იმუშაონ გარემოსდაცვით აქტუალურ/პრობლემატურ საკითხებზე, შეიმუშავონ საკუთარი გადაჭრის გზები გლობალური პრობლემებისა. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ არა მხოლოდ ქალაქში, არამედ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
პროექტის საინიციატივო ჯგუფის „ახალგაზრდები საქართველოსთვის“ წევრები არიან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები: თამთა ჯაფარიძე, შალვა შალიკაძე, თამუნა ნოღაიდელი და გიორგი ბოლქვაძე.
კითხვაზე პასუხი, თუ რატომ ეს პროექტი, არის მარტივი და ერთმნიშვნელოვანი, ეს არის ,,საჭიროება’’. ახალგაზრდებთან ერთად მუშაობის ფართო გამოცდილების ანალიზმა გვაჩვენა, რომ უნივერსიტეტსა და ზოგადად სტუდენტებსა და ახალგაზრდებში არსებობს საუბრის კულტურის, არგუმენტირებული მსჯელობის, საკუთარი პოზიციების სრულყოფილად ჩამოყალიბების და დაცვის, თვითრეალიზების, გამართული ვერბალური თუ არავერბალური არასრულყოფილი კომუნიკაციის პრობლემა. ზემოთხსენებული პრობლემების გათვალისწინებით მივედით დასკვნამდე - საჭიროა, დავიწყოთ ისეთ პროექტზე მუშაობა, რომელიც დაეხმარება სტუდენტებს იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რომელიც სტუდენტს მისცემს ზემოთ აღნიშნული პრობლემების დაძლევის შესაძლებლობას. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტეთ, მოგვემზადებინა პროექტი ,,დებატკლუბი’’, რომელშიც სრულფასოვნად ჩართული ყველა ახალგაზრდა შეიძენს და განავითარებს კარიერული და პროფესიული განვითარებისთვის საჭირო უნარს.
ჩვენი გუნდის მიზანია, უნივერსიტეტში ჩამოაყალიბოს ისეთი ტიპის არაფორმალური განათლების ცენტრი, რომელიც სტუდენტებს შესთავაზებს ყველა იმ უნარის განვითარებას, რომელიც აუცილებელია ახალგაზრდების ეფექტური განვითარებისთვის. აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს ისეთი პირობების შექმნას, რომელშიც უპირატესობა მიენიჭება: არგუმენტირებულ მსჯელობას, ლოგიკურ აზროვნებას და ოპონენტების პატივისცემას.
ჩვენ ვგეგმავთ თანამშრომლობას საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციასთან, რომელიც 8 სტუდენტს გადაამზადებს შესაბამისი პერიოდით, სწავლების და გამოცდის შემდგომ კი მიანიჭებს შესაბამის სტატუსს, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენს რეგიონსა და უნივერსიტეტში მივიღოთ ათამდე ახალგაზრდა პროფესიონალი ტრენერ-მასწავლებელი. პროექტზე ჩემთან ერთად მუშაობდნენ სტუდენტები დავით კახიძე, ნიკა ფარტენაძე და სანდრო კიკნაძე.
საუნივერსიტეტო სივრცეში მეტად მნიშვნელოვანია სტუდენტური აქტივობების ვიდეორგოლის სახით გაშუქება, სადაც ისინი უფრო ვრცლად შეძლებენ თავიანთ მიღწევებზე საუბარს. ხშირად, როდესაც სტუდენტები აღმოჩნდებიან ვიდეოკამერის წინაშე, მათი ემოციები შიშითა და უხერხულობით ივსება. სწორედ, აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო სივრცეში ისეთი პლატფორმის შექმნას, რომელიც სტუდენტებს ვიდეოკამერის წინაშე მუშაობის გამოცდილებასა და მათი აქტივობების წარმოჩენის შესაძლებლობას მისცემს.
პროექტის უმთავრესი მიზანია, სტუდენტების მიერ განხორციელებული აქტივობების არა ფოტომასალით, არამედ ვიდეორგოლის სახით წარმოდგენა, რაც ხელს შეუწყობს როგორც სტუდენტების ადაპტირებას ვიდეო კამერებთან, ასევე ჟურნალისტიკითა და ვიდეოგადაღებით დაინტერესებული სტუდენტების აღმოჩენასა და განვითარებას, აგრეთვე უნივერსიტეტის პოპულარიზებას ფართო მასშტაბით.
ვფიქრობ, რომ
ამ პროექტს შეუძლია ბევრი სტუდენტის გაერთიანება, ახალგაზრდების ერთმანეთთან
დაახლოება და რაც მთავარია, სტუდენტური ცხოვრების გამრავალფეროვნება. 2020/2021
სასწავლო წლის სტუდენტები Covid19-ის გამო აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებას
ჩამოვშორდით, რაც ძალიან არ მომწონდა, შემდეგ მიზნად დავისახე, უნივერსიტეტში
დაბრუნების შემდეგ ბსუ-ს მოხალისეთა კლუბს ჩამოვაყალიბებდით, რომელიც სტუდენტებს
იმ დაკარგულ დროს ნაწილობრივ მაინც აგვინაზღაურებდა.
ჩვენი კლუბის მიზანია სტუდენტების დაახლოება ერთმანეთთან, სტუდენტების უნარ-ჩვევების გამოვლენა და გაუმჯობესება, ჩვენი უნივერსიტეტის სახელის წარმოჩენა ყველგან, სადაც ჩვენი საჭიროება იქნება, ასევე გვსურს, ჩავერთოთ საერთაშორისო ღონისძიებებში, რომელიც ჩვენი უნივერსიტეტის იმიჯზე დადებითად აისახება.
Comments
Post a Comment