რუმინელი სტუდენტი დიანა ტიმოფეი - ,,Erasmus+“ -ის გაცვლითი პროგრამით ბსუ-ში


ბლოგის საშუალებით გაგაცნობთ  სუჩეავას სტეფან სელ მარეს უნივერსიტეტის სტუდენტს - დიანა ტიმოფეის, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა  საქართველოში იმყოფება და სწავლას   ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აგრძელებს.

ვსწავლობ რუმინეთში სუჩეავას სტეფან სელ მარეს უნივერსიტეტში, ეკონომიკის მიმართულებით (მენეჯმენტი და ადმინისტრირება). ბსუ-ში სწავლას ,,Erasmus+“-ის გაცვლითი პროგრამით ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  ვაგრძელებ. მომწონს ჩემი აკადემიური ცხოვრება. სალექციო კურსი ჩემზეა მორგებულია,  რაც უფრო მეტად მეხმარება ჩემ მიერ არჩეული საგნების საფუძვლიანად შესწავლაში. შესასწავლი კურსები მოიცავს ეკონომიკის ახალ ტენდენციებსა და ინფორმაციას. მაქვს მოქნილი განრიგი და შემიძლია მოვინახულო საქართველოს სხვადასხვა კუთხე. ბათუმში დარჩენას  კიდევ სამი თვით ვგეგმავ.

,,Erasmus+“-ის გაცვლითი პროგრამით უკვე მესამეჯერ ვსარგებლობ. პირველი ქვეყანა, სადაც ერთი სემესტრის განმავლობაში ვსწავლობდი, იყო პორტუგალია, მეორე გამოცდილება  უნგრეთში, ბუდაპეშტში  მივიღე და ახლა ვიმყოფები თქვენს უნივერსიტეტში.

გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაციას ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში გავეცანი და გადავწყვიტე კონკურსში მონაწილეობა. გასაუბრებისა და ინგლისური ენის გამოცდის შემდეგ,  შესაძლებლობა მომეცა ჩამოვსულიყავი ბათუმში და მთელი ერთი სემესტრი მესწავლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

კულტურულმა მრავალფეროვნებამ მიბიძგა საქართველო ამერჩია. მინდოდა მეტი გამეგო ადგილობრივი ტრადიციების შესახებ. ამასთანავე, ჩემს მეგობარს ჰქონდა ,,Erasmus+“-ის გამოცდილება ბსუ-ში, რომელმაც დიდი რეკომენდაცია გაუწია თქვენს უნივერსიტეტს. გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა ბებიამ, რომელიც იცნობდა საქართველოს, მთელი ბავშვობა მიყვებოდა ისტორიებს ამ ქვეყნის და მისი ისტორიის შესახებ. ამიტომ გადავწყვიტე აქ ჩამოვსულიყავი, მესწავლა, მემოგზაურა და აღმომეჩინა ადგილობრივი სამზარეულო, კულტურა და ტრადიციები.

ბათუმთან შეგუება ძალიან ადვილი იყო, რადგან პატარა ქალაქია. ადაპტაციაში დიდად დამეხმარნენ ბსუ-ს სტუმართმოყვარეობითა და კეთილგანწყობით გამორჩეული სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, განსაკუთრებით კი სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებიც მუდამ მზად არიან დახმარების ხელი გამომიწოდონ.

Comments