ბსუ-ს სტუდენტი ანა არაბიძე გაცვლითი პროგრამით ნორვეგიაში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი ანა არაბიძე გაცვლითი პროგრამით სწავლას  ნორვეგიაში განაგრძობს.


მე ვარ ანა არაბიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტურიზმის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში ვიცოდი, რომ უნივერსიტეტის არჩევისას უპირატესობას მივანიჭებდი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რადგან ბსუ მომავალ სპეციალისტებს მყარ ცოდნასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს; უზრუნველყოფს უცხოენოვან გარემოში ყოველდღიური კომუნიკაციის გზით ენობრივი უნარების განვითარების პირობებს; იძლევა საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობას, ხელმისაწვდომ სტაჟირებასა და შესანიშნავ კარიერულ პერსპექტივებს.

ინფორმაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ ნორვეგიის უნივერსიტეტის გაცვლითი პროგრამის შესახებ გავიგე  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის საშუალებით. ყველა სავალდებულო ნაბიჯი გავიარე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემს გამარჯვებაზე გავლენა იქონია USN-ის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან გასაუბრებამ. ვფიქრობ, კარგად წარმოვაჩინე საკუთარი თავი რეალურ მიზნებზე, სწავლასა და მოტივაციაზე საუბრისას და მოვიპოვე უცხოეთში სწავლის შესაძლებლობა. ამჟამად, ვიმყოფები ნორვეგიაში, ტელემარკის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბოში (Bø) .

ბო არის ნორვეგიის პატარა სტუდენტური ქალაქი, სადაც ძალიან აქტიური სოციალური ცხოვრებაა. უნივერსიტეტის დახმარებით სტუდენტები აწყობენ სხვადასხვა ტიპის უამრავ სპორტულ და მუსიკალურ ღონისძიებას. მაგრამ ამ ადგილის მთავარი სიმდიდრე, რა თქმა უნდა, ბუნებაა.


ძირითადად, ნორვეგია არის მწვანე ტყეები და მთები, ხელუხლებელი მყინვარები, ხმაურიანი ჩანჩქერები, მდინარეები და ტბები, თეთრი ღამეები და ჩრდილოეთის ნათება. ასევე საოცარი პეიზაჟები, ნადირობა, თევზაობა, საინტერესო და სათავგადასავლო ისტორია, კულტურა და უმაღლესი განათლება, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი აკადემიური სტანდარტებით, სწავლების ინოვაციური მეთოდებით, სტუდენტებსა და მასწავლებლებს შორის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობებით.

როგორც ცნობილია, სტუდენტების სოციალური ადაპტაცია უცნობ ქვეყანაში  ინდივიდუალურია. ზოგიერთისთვის ეს პროცესი მხოლოდ რამდენიმე დღე გრძელდება, ზოგს კი რამდენიმე კვირა ან თვე სჭირდება. ჩემთვის აღნიშნული პროცესი მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდა, რადგან ადგილობრივი სტუდენტები დამეხმარნენ ადაპტაციაში. ქვეყნის კლიმატი რა თქმა უნდა, სრულიად განსხვავდება ჩვენი ქვეყნის კლიმატისგან, ასევე, ადვილი არ იყო შეეგუო იმ ფაქტს, რომ დილით უნივერსიტეტში წასვლისას და შუადღით, დაბრუნებისას საკმაოდ ბნელა.  

ჩემი ყოველდღიური რუტინა მოიცავს დილით უნივერსიტეტში ლექციებზე დასწრებას, შემდგომ ბიბლიოთეკის მყუდრო გარემოში სწავლას, მომავალი ლექციებისა და სემინარების მომზადებას და უნივერსიტეტის მიერ მოწყობილ აქტივობებში მონაწილეობის მიღებას, იქნება ეს გასართობი თუ შემეცნებითი სახის.

ვთვლი, რომ ბსუ-ს ნებისმიერ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა მსგავს გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების თუ ისინი აკმაყოფილებენ  შემდეგ კრიტერიუმებს: კარგი აკადემიური მოსწრება, უცხო ენის ცოდნა საჭირო დონეზე, სამეცნიერო და სოციალური აქტივობა, თავდაჯერებულობა და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი - მოტივაცია. ეს არის ის, რაც წარმოადგენს პროცესებს, მეთოდებსა და საშუალებებს, რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტების შემეცნებითი საქმიანობისკენ.

მინდა ყველა ჩემს თანატოლს და აბიტურიენტს ვურჩიო, რომ არ შეუშინდნენ კონკურენციას, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსსა თუ პროგრამაში, რომლებიც მისცემ შესაძლებლობას, დაფინანსებით მიიღონ განათლება უცხოეთში. არ აქვს მნიშვნელობა მოკლევადიან პროგრამაზე ფიქრობთ, პროფესიულ კურსზე, თუ სრულფასოვან უმაღლეს განათლებაზე - უცხოეთში გატარებული დრო, უცხოელი სტუდენტების გარემოცვაში, ახალი ცოდნის მისაღებად უნიკალური შესაძლებლობა იქნება თქვენთვის.

საზღვარგარეთ განათლების მიღებისას თქვენ არა მხოლოდ ისწავლით ენას ან იღრმავებთ როფესიულ ცოდნას, ეცნობით ახალ კულტურას და მოგზაურობთ, არამედ იძენთ კარიერული წინსვლის რეალურ ინსტრუმენტებს, გაიცნობთ ახალ მეგობრებს, გაზრდით სამუშაოს მიღების შანსებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

ეს გამოცდილება გასწავლით თუ როგორ გაუმკლავდეთ ყოველდღიურ ცხოვრებას დამოუკიდებლად. საზღვარგარეთ ხანმოკლე დამოუკიდებელი ყოფნის შემდეგ მეტად თავდაჯერებული,  პასუხისმგებლობით სავსე და ორგანიზებულ იქნებით. ყველა ეს თვისება კი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის, როგორც პიროვნული, ასევე პროფესიული ზრდისთვის.

როგორც ყველას, მეც მაქვს მოკლევადიანი და ასევე გრძელვადიანი მიზნები. ნორვეგია არ არის ჩემი საზღვარგარეთ სწავლის დასასრული, ვგეგმავ სხვა პროგრამებში მონაწილეობს მისაღება. ვფიქრობ, ბაკალავრიატის დასრულების შემდგომ სწავლა გავაგრძელო ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში. მაგრამ ჩემი მთავარი მიზანია მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის, მსურს მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანო ტურიზმის სექტორის განვითარებაში.

Comments