ხატია გორგაძე - ბსუ-ს კურსდამთავრებული, რეაბილიტაციის რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგი
გაიცანით ხატია გორგაძე - ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების კურსდამთავრებული, რეაბილიტაციის რეგიონული ცენტრის ფსიქოლოგი. ხატია ბლოგის საშუალებით გვიზიარებს გამოცდილებას და გვიყვება მისი წარმატების შესახებ. - ,, ბსუ-ში მიღებული განათლება ძალიან მეხმარება კარიერულ წინსვლაში, უნივერსიტეტმა მომცა ის თეორიული ცოდნა, რასაც პრაქტიკაში ვიყენებ“.
1.რატომ ბსუ და ეს მიმართულება?
აბიტურიენტობის
დროს ბევრს ვფიქრობდი სამომავლო პროფესიაზე. გადაწყვეტილების მიღება ძალიან მიჭირდა, რადგან დაინტერესებული ვიყავი ბევრი
რამით და ბევრ პროფესიაში ვხედავდი ჩემს თავს. საბოლოოდ არჩევანი ბათუმის შოთა რუსთაველის
სახელმწიფო უნივერსიტეტში ისეთ პროფესიაზე შევაჩერე, რომელიც ყველაფერს ერთად მოიცავდა
და ყველაზე ახლოს იყო ჩემს პიროვნულ თვისებებთან. დღეს, ჩემი არჩევანითა და გადაწყვეტილებით
ძალიან ვამაყობ, მე იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. გამიმართლა, ჩემი თავი ვიპოვე სწორ ადგილას! დღეს, რომ თავიდან
მიწევდეს პროფესიის არჩევა, ისევ ფსიქოლოგიის მიმართულებას ავირჩევდი.
პირველივე კურსიდან აქტიურად ვიყავი ჩართული ყველა საუნივერსიტეტო ღონისძიებასა თუ ტრენინგში. ვიღებდი მონაწილეობას სამეცნიერო კონფერენციებში, ვწერდი ნაშრომებს ფსიქოლოგიის მიმართულებით და რამდენიმე მათგანი ბსუ-ს სამეცნიერო კრებულშიც დაიბეჭდა. ვიყავი ბსუ-ს სამეცნიერო საზოგადოების ფსიქოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების რეკომენდაციით თავდაპირველად ვმუშაობდი ასას-ს მქონე ბავშვებთან ოჯახში, ასევე ვიყავი მოხალისე ფსიქოლოგი სხვადასხვა ორგანიზაციაში, ვატარებდი ღია ლექციებს. ამავდროულად ვარ IREX-ის სერტიფიცირებული ტრენერი მედიაწიგნიერების მიმართულებით. უნივერსიტეტში მიღებული განათლება ძალიან მეხმარება კარიერულ წინსვლაში, უნივერსიტეტმა მომცა ის თეორიული ცოდნა, რასაც პრაქტიკაში ვიყენებ.
2. რა მიმართულებით მუშაობთ რეაბილატაციის ცენტრში და თქვენი ძირითადი მოვალეობები?
რეაბილიტაციის რეგიონულ ცენტრში ვმუშაობ ფსიქოლოგად, ქცევით თერაპევტად. ჩემი ძირითადი მოვალეობაა კლიენტის ფსიქო კონსულტირება, ბენეფიციარის შეფასება და ქცევითი თერაპიის სეანსების ჩატარება.
რეაბილიტაციის რეგიონულ ცენტრში შესვლა იყო ჩემი პატარა ნაბიჯი დიდი შესაძლებლობებისკენ. დღეს, იმდენ დროს ვატარებ კლინიკაში, რომ თამამად შემიძლია ვთქვა, ის ჩემი მეორე სახლია. სამსახურში მისვლა ყოველთვის მიხარია და აქ დაღლაც კი სასიამოვნოა. კლინიკაში მუშაობის პროცესში უფრო მეტად გავიღრმავე ჩემი პროფესიული განათლება და პრაქტიკული ცოდნა, გავიარე უამრავი ტრენინგი ინკლუზიური განათლების მიმართულებით. ბავშვთა ფსიქოლოგად მუშაობამ ბევრი რამ სხვაგვარად დამანახა, ასევე მივხვდი, რომ ფსიქოლოგიასთან ახლოს მდებარე პროფესიების დაუფლებაც მჭირდებოდა, გავიარე ენისა და მეტყველების სასერტიფიკატო კურსებიც და ამ კუთხითაც განვვითარდი. ყოველთვის ვფიქრობ და ვცდილობ, გავიარო უამრავი ტრენინგი, რომელსაც ჩემს პრაქტიკაში გამოვიყენებ.
ფსიქოლოგად ყოფნა ჩემთვის უდიდეს პასუხისმგებლობას ნიშნავს, რადგან ჩემს თითოეულ სიტყვას ყოველთვის დიდი დატვირთვა აქვს არამხოლოდ სამუშაო გარემოში, არამედ არასამუშაო სივრცეშიც. სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან უამრავი შეკითხვებით ვივსები, ვხვდები საინტერესო და განსხვავებულ ადამიანებს, ვაკვირდები მათ ქცევას, ამით კი ჩემს პროფესიულ პრაქტიკას ვაღრმავებ. მომწონს ჩემი დატვირთული და მრავალფეროვანი ცხოვრება, მომწონს ჩემი კომფორტის ზონა, რომელიც ჩემი შემოსავლის წყაროა. ძალიან იშვიათია, აკეთო საყვარელი საქმე, განიცადო ყოველწამიერი სიამოვნება და ეს სიამოვნების პროცესი იყოს შენი შემოსავალი. დიახ, მე ნამდვილად გამიმართლა!
7. რამდენად აქვთ ბსუ-ს სტუდენტებს მსგავს კლინიკებში დასაქმების შანსი?
ფსიქოლოგიის შესწავლა, დღეს მრავალი ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სფეროა. ამ მიმართულების სტუდენტებს კი ფართო დასაქმების საშუალება აქვთ. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს პრაქტიკის გავლა შეუძლიათ, როგორც ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკაში, ასევე რეაბილიტაციის სხვადასხვა ცენტრებში, რაც შემდგომში მათ წარმატებულ დასაქმებას შეუწყობს ხელს.
სტუდენტებსა და აბიტურიენტებს ვურჩევდი, მოუსმინონ საკუთარ გონებას და ენდონ საკუთარ თავს. ადამიანის შესაძლებლობებს ზღვარი არ აქვს, მთავარია გაბედო და გჯეროდეს რომ გამოგივა! პატარა დასაწყისიდან დიდი რამ მოდის.
Comments
Post a Comment