თამარ თურმანიძე-100 %-იანი გრანტით ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ევროპისმცოდნეობის მიმართულებაზე ისწავლის


ვსწავლობდი ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაში, რომელსაც დიდ წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში. ბავშვობიდან საკმაოდ ცვალებადი ვიყავი, ამიტომ პროფესიის შერჩევა ჩემთვის ადვილი იყო-მეთქი რომ ვთქვა, მოვიტყუებ. საბოლოოდ არჩევანი 16 წლის ასაკში გავაკეთე და, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ შევცვალე შემდეგ გადაწყვეტილება, ყოველთვის ვიცოდი, რომ  ევროპისმცოდნეობა იქნებოდა ის, რასაც გავყვებოდი. რატომ ეს მიმართულება? ალბათ იმიტომ რომ ეს არის სინთეზი ყველაფერი იმის, რაც ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის სფერო: უცხო ენები, ისტორია, განსხვავებული კულტურები, საერთაშორისო ურთიერთობები და,რაც მთავარია, დიპლომატია.


ბსუ-ს შესახებ უმეტესად ინფორმაციას ჩემი მეგობრებისგან ვიღებდი, რომლებიც ბსუ-ში სწავლობენ და გარკვეულწილად, ესეც ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო ჩემი არჩევანის. კარგი და ხარისხიანი სწავლება, სტუდენტებზე მორგებული პირობები და გაცვლითი პროგრამების მრავალფეროვნება, რითაც საკმაოდ ცნობილია უნივერსიტეტი. ბსუ-ს არჩევა პირველ რიგში, განაპირობა  რა თქმა უნდა, სწავლის ხარისხმა იმ პროფესიის, რისი შესწავლაც მინდა და ასევე ჩემთვის უფრო მოსახერხებელი იქნებოდა იმ ქალაქში გამეგრძელებინა სწავლა, რომელშიც ვცხოვრობ.

მინდა მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი და უნივერსიტეტის რესურსები, რათა უამრავი ახალი მასალა ვისწავლო და ეს ცოდნა შემდგომ უფრო გავაღრმავო. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, საფრანგეთში მინდა სწავლის გაგრძელება და იმედი მაქვს, მალე შევძლებ ამ გეგმის განხორციელებას.

 ვფიქრობ, უკვე შევეგუეთ და ვისწავლეთ პანდემიასთან ერთად ცხოვრება, ამიტომ  არც ისე რთული არ უნდა იყოს დისტანციური სტუდენტობა, მაგრამ იმედია მალე შევძლებთ აუდიტორიებში სწავლის დაწყებას, რადგან რაც არ უნდა მაქსიმალურად დავიხარჯოთ, ისეთი შედეგიანი არ არის ონლაინ სწავლება, როგორიც აუდიტორიებში.

მომავალ სტუდენტებს ვურჩევდი პირველ რიგში, არ შეეშინდეთ იმის, თუ ჯერ კიდევ არ აქვთ არჩეული პროფესია. არ გაფლანგონ აბიტურიენტობის 10 თვე სიზარმაცეში და მიზნად დაისახონ მაქსიმალური შედეგი.

მიღებული შედეგები რა თქმა უნდა, უდიდეს სიხარულთან ერთად მოულოდნელიც იყო, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ამის მოლოდინი უნდა მქონოდა. საბოლოოდ, კენწეროში მართლა გატკბილდა, მაგრამ წინ კიდევ ბევრი მაქვს გასავლელი.

 

Comments