დიანა ცინცაძე-100 %-იანი გრანტით ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულებაზე ისწავლის
ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. გავრცელებული მოსაზრებით, მოსწავლის წარმატება სკოლასთანაა თანხვედრაში და ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი მას უკავშირდება, თუმცა, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, მინდა აღვნიშნო, რომ მეტწილად ყველაფერი საკუთარ შესაძლებლობებსა და უნარებზეა დამოკიდებული. პროფესიასთან დაკავშირებით ბავშვობიდან სხვადასხვა შეხედულება მქონდა, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია გაცხადდა, რომ ფსიქოლოგიაში ვხედავდი საკუთარ თავს. ხშირად გვესმის, რომ ესა თუ ის პროფესია შემოსავლიანი, პერსპექტიულია და არჩევანის გაკეთებისას ამ ფაქტორებს აქცევენ ყურადღებას. თუმცა, ვფიქრობ, რომ ადამიანმა ის საქმე უნდა აკეთოს, რომელიც მას სიამოვნებს და მატერიალურთან ერთად, სულიერ კომფორტსაც ანიჭებს. საკუთარი უნარებსა და თვისებებზე დაყრდნობით გადავწყვიტე, რომ მომავალი სპეციალობა ფსიქოლოგიას დავუკავშირო, რადგან მგონია, ამ სფეროში საკუთარ თავს საუკეთესოდ წარმოვაჩენ.
ბსუ-ს არჩევაზე სხვადასხვა ფაქტორმა იქონია გავლენა. მის შესახებ საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ვფლობდი, რამაც გარკვეულწილად ჩემი არჩევანის მასზე შეჩერება განაპირობა.
ყურადღებას იქცევს უნივერსიტეტის ხედვა, ადგილმდებარეობა, თუმცა, რამაც განსაკუთრებით
მიიტაცა ჩემი გონება, გაცვლითი პროგრამების სიმრავლეა. ამ მხრივ, ბსუ ნამდვილად მრავალფეროვან
სპექტრს გვთავაზობს და სამომავლოდ ჩემი გეგმები სწორედ, მას უკავშირდება, მინდა უცხოურ
გამოცდილებასაც ვეზიარო და საკუთარი თავის მაქსიმალური რეალიზება შევძლო.
პანდემიის პერიოდში სტუდენტური ცხოვრება მრავალ სირთულესთანაა დაკავშირებული.
ეჭვგარეშეა, რომ ონლაინ რეჟიმში სწავლამ სტუდენტთა უდიდეს ნაწილზე იქონია უარყოფითი
გავლენა. შესაბამისად, ზოგადი ღელვა და შიში მეც მაქვს ამ საკითხისადმი, მაგრამ ვფიქრობ,
დაუძლევადი არაფერია და შედეგზე ორიენტირებითა და მონდომებით შეგვიძლია ყოველი შემაფერხებელი
ფაქტორი საკუთარ სიძლიერედ გარდავქმნათ. ვიმედოვნებ, საყოველთაო ვაქცინაცია მოგვცემს
საშუალებას, დავამარცხოთ პანდემია და მალე დავუბრუნდეთ ჩვეულ რიტმს. მომავალ სტუდენტებს ვურჩევ, აბიტურიენტობის პერიოდში
მაქსიმალური შრომისმოყვარეობით მიუდგნენ მეცადინეობის პროცესს, რადგან უმთავრესად სწორედ
ესაა, რაც საუკეთესო შედეგებს გვიქადის. თვეების განმავლობაში მეცადინეობით დაღლილობის
„სინდრომი" შეიძლება დაგემართოთ, თუმცა შედეგით ტკბობა ნამდვილად ღირს ყოველ გათენებულ
ღამედ. ასევე, პროფესიის არჩევისას მოუსმინონ საკუთარი გულისხმას და აირჩიონ ის, რაც
მათთან ყველაზე ახლოსაა, რადგან ნებისმიერი წარმატების საწინდარი საქმის გულით კეთებაა. გრანტის
მოპოვება თავიდანვე წარმოადგენდა ჩემს მიზანს და სწორედ, ამისათვის ვიბრძოდი. ცალკეული
საგნის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გარკვეული მოლოდინები მქონდა გრანტთან დაკავშირებით,
მაგრამ მაინც უდიდესი სიხარულის მომტანი იყო საბოლოო შედეგის გაგება. ძალიან მნიშვნელოვანია,
როცა გაწეული შრომა გიფასდება და ეს თვითკმაყოფილების განცდასთან ერთად, სიამაყით გავსებს.
Comments
Post a Comment