100 %-იანი გრანტის მფლობელი ანა ფარტენაძე რომელმაც ბსუ-ზე გააკეთა არჩევანი

 

ანა ფარტენაძე-100 %-იანი გრანტით ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის   მიმართულებაზე ისწავლის




ვსწავლობდი ქალაქ ბათუმის 29-ე საჯარო სკოლაში, რომელიც ოქროს მედალზე დავამთავრე. ვფიქრობ, უნივერსიტეტის მსგავსად, სკოლასაც დიდი ადგილი უკავია ადამიანის განათლებასა და პიროვნულ ჩამოყალიბებაში. სწორედ, აქ შევიძინე მნიშვნელოვანი ცოდნა, რომელიც შემდგომ უფრო განვავრცე და თორმეტწლიანი დაუღალავი შრომა სტუდენტობას დავუდე საფუძვლად.

პროფესია მე-11 კლასში ავირჩიე, როცა უკვე აბიტურიენტობას ვუახლოვდებოდი. უცხო ენისადმი განსაკუთრებული ინტერესი ბავშვობიდანვე მქონდა, ხოლო ჩემი შესაძლებლობებისა და უნარების შეფასების შემდეგ, საბოლოოდ გადავწყვიტე ამ მიმართულებით წავსულიყავი.

სოციალური ქსელებით თვალყურს ვადევნებდი ბსუ-ს გვერდს და ვეცნობოდი სიახლეებს. მეგობრებმაც, რომლებიც ბსუ-ში სწავლობენ, გარკვეული ცნობები მომაწოდეს უნივერსიტეტის შესახებ. რადგანაც მშობლიურ ქალაქში მსურდა სწავლის გაგრძელება, ბსუ ყველაზე კარგი არჩევანი იყო. გაცვლითი პროგრამების სიმრავლემაც განაპირობა ამ უნივერსიტეტის არჩევა. ვფიქრობ, ბსუ მომცემს თვითგანვითარებისა და საკუთარი მიზნების რეალიზების საშუალებას.

სამომავლოდ მინდა ღრმად გავეცნო არჩეულ პროფესიას, დავიხვეწო და განვვითარდე ამ სფეროში. უნივერსიტეტში ჩაბარება მხოლოდ დასაწყისია იმ უამრავი სიახლის, წარმატებისა და ნაყოფიერი სტუდენტობისა, რომელიც წინ მელოდება.

პანდემიის ვითარებაში სტუდენტური ცხოვრება, ვფიქრობ, რთულია, განსაკუთრებით პირველკურსელთათვის. ყოველივე ეს ჩვენთვის ახალია და შეგუება გვესაჭიროება. მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც გადამწყვეტი მაინც შრომისუნარიანობა და მონდომებაა, ამის ფონზე კი ონლაინ სწავლებასაც სასიამოვნო პროცესად ვაქცევთ.

აბიტურიენტებს ვურჩევდი, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები და ბოლომდე გაისარჯონ. სწავლა გვიანი არასდროსაა, მთავარია მოტივირებულნი იყვნენ და ყველაფერი გამოუვათ, მათი შრომა კი წარმატების საწინდარი იქნება.

გრანტს ველოდებოდი კიდეც და უზომოდ ბედნიერი ვიყავი, რადგან ჩემი მრავალწლიანი შრომა დამიფასდა, დავამტკიცე საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები. სასიხარულოა ისიც, რომ ყველას იმედები გავამართლე, ვისაც ჩემი სჯეროდა.

Comments