ბსუ-ს ჯანდაცვის მიმართულების სტუდენტები და ბრძოლა პანდემიასთან


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტები  ვაქცინაციის ცენტრში არიან დასაქმებული და თავიანთი შრომით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ პანდემიასთან აქტიურ ბრძოლაში. ბსუ-ში განთავსებულ ვაქცინაციის ცენტრში მოქალაქეებს აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ცოცხალი რიგის პრინციპით შეუძლიათ. ცენტრში 10 ამცრელი ბრიგადა მუშაობს, რომლის დღიური გამტარობა 1000-მდე პაციენტია. ახალგაზრდები ბლოგის საშუალებით გვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას.

ნატა ბოკუჩავა, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მეოთხე  კურსის სტუდენტი, ფიქრობს, რომ იმუნიზაციის პროცესში  უშუალო ჩართვით მცირე წვლილი შეაქვს პანდემიასთან ბრძოლაში.

- ბავშვობიდან მინდოდა  გავმხდარიყავი წარმატებული ექიმი და ზუსტად სამი წლის წინ ჩემი ოცნება რეალობად გარდაიქმნა - ჩავაბარე ბსუ-ში. ემოციურად დაემთხვა ეს ყველაფერი პანდემიას, მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც დაიწყო პანდემია, თანდათან გამძაფრდა სიტუაცია და ჩემი პირველივე ნაბიჯები მედიცინასთან დაემთხვა ასეთ მნიშვნელოვან ფაქტს.  თავიდან ძნელი იყო, მიმეღო გადაწყვეტილება და ჩავრთულიყავი კოვიდთან ბრძოლაში. კარგად მქონდა გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც ამ პროფესიას ახლავს, თან რთული იყო ოჯახის წევრების ჯანმრთელობა დამეყენებინა საფრთხის წინაშე.  ხშირად წარმოვიდგენდი ჩემი კურსელების მდგომარეობას, რომლებიც კოვიდ კლინიკებში მუშაობენ, წარმოვიდგენ მათ ემოციურ მდგომარეობას, როცა ოჯახის წევრებს მთელი კვირეები ვერ ნახულობენ.  ბოლოს მეც მივიღე გადაწყვეტილება   და  ჩავერთე  ამ ბრძოლაში,  დავიწყე მუშაობა ბსუ-ს ვაქცინაციის ცენტრშიდღის განმავლობაში  ძალიან ბევრ ადამიანთან გვიწევს შეხება და ვფიქრობ, საპასუხისმგებლო და საამაყო საქმეს ვაკეთებთ. როგორც დამწყები ექიმისთვის, ეს ყველაფერი ძალიან დიდი გამოცდილება  და გამოწვევაა.  მინდა, იმუნიზაციის პროცესი მაქსიმალურად წინ წავიდეს და ბევრმა ადამიანმა გაიაზროს, რომ ვაქცინა არის გამოსავალი ამ რთული სიტუაციიდან.

მეგი ჯორბენაძე, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, სწავლის პარალელურად მუშაობს  ვაქცინაციის ცენტრში რეგისტრატორად.

- მთელი ჩემი ოჯახი პროფესიით ექიმები არიან და მეც არ დავარღვიე ტრადიცია. ამ პროგრამის შესახებ დეკანისგან გავიგე და გადავწყვიტე, პანდემიასთან ბრძოლაში ჩემი წვლილი ასე შემეტანა. დღის განმავლობაში 300-მდე ადამიანთან მიწევს შეხება. მიხარია, რომ აქტივობა მაღალია და დღითიდღე იზრდება ადამიანებში პასუხისმგებლობა, ბევრი გვყავს უკვე მეორე დოზით აცრილებიც.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ იმუნიზაციის პროცესში მხოლოდ ბათუმის მოსახლეობა არაა ჩართული, გვყავს მაღალმთიანი აჭარის მცხოვრებლებიც. ერთადერთი, რაც მაწუხებს, ის არის, რომ მომართვიანობა 30 წელს გადაცილებული ადამიანების უფრო მეტია, ვიდრე დაბალი ასაკის ადამიანების და მინდა ყველა ჩემს თანატოლს და ახალგაზრდას ვურჩიო, გადადგან ეს ნაბიჯი და გაიკეთონ ვაქცინა.ბსუ-ს ვაქცინაციის ცენტრში მუშაობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა იმისა, რომ ჩემი აქ მუშაობით მცირედი წვლილი შემაქვს ამ დიდი ბრძოლაში, ეს ყველაფერი მაძლევს ადამიანებთან კომუნიკაციის კარგი უნარების გამომუშავების საშუალებას, რაც ვფიქრობ  ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესიისათვის.მინდა ადამიანებს  ვუთხრა, რომ აცრა აუცილებელია და იმუნიზაცია არის ერთადერთი საშუალება ერთმანეთზე ზრუნვის და სიცოცხლის გადარჩენის.

 მარიამ გორაძე,  ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი, სპეციალობით ბიოლოგი, აქტიურადაა ჩართული კოვიდთან ბრძოლაში და გახსნის დღიდან ვაქცინაციის ცენტრის რეგისტრატურაში მუშაობს.

- მცენარეების და ცხოველების სიყვარულმა გადამაწყვეტინა, ბიოლოგია ამერჩია სპეციალობად და 2018 წელს ჩავაბარე ბსუ-ში. იმის გათვალისწინებით,  რომ მთელი ორი წლის განმავლობაში ვიყავით ჩაკეტილები და მოკლებული ვიყავი ადამიანებთან კომუნიკაციას,  დაუფიქრებლად დავთანხმდი შემოთავაზებას და  ბსუ-ში ვაქცინაციის ცენტრში დავიწყე რეგისტრატორად მუშაობა. დღის განმავლობაში 200-დან 300 ადამიანამდე მოდის რეგისტრაციის გასავლელად. აცრის მსურველთა მონაცემები შეგვყავს ერთიან ბაზაში და მგონია, ძალიან საპასუხისმგებლო საქმეს ვაკეთებ, რითაც პანდემიასთან ბრძოლაში მცირედი ჩემი  წვლილიც შემაქვს.მინდა გითხრათ, რომ  ვარ ჩართული ასევე სხვა პროექტშიც, რომლის ფარგლებში  როგორც შრომის უსაფრთხოების დესპანი,  სამუშაო ადგილებზე ვეწევით დასაქმებულთა და დამსაქმებელთა ცნობიერების ამაღლებას. დავდივართ ობიექტებზე, ვაცნობთ ორგანიზაციის წარმომადგენლებს რეკომენდაციებს და ვეხმარებით კოვიდ რეგულაციების სწორად მართვაში. ადამიანებს მოვუწოდებ, მეტი პასუხიმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე და იზრუნონ ოჯახის წევრებზე, ახლობლებზე და დროულად აიცრან. სასურველი იქნება, თუ თითოეული ჩვენგანი იქნება ვაქცინირებული.

 მზია ბოლქვაძე, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მეოთხე  კურსის სტუდენტი,  დიდი ენთუზიაზმით და მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობით მუშაობს ბსუ-ს ვაქცინაციის ცენტრში.

- სამედიცინო მიმართულება ჩემი და  მშობლების სურვილით  შევარჩიე და  პირველივე წელს ენთუზიაზმით შევუდექი სწავლას. დასაწყისში ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, დავდიოდით პრაქტიკებზე კლინიკებში, გვქონდა შეხება პაციენტებთან. მოკლედ წარმატებულად ვეუფლებოდით ამ რთულ პროფესიას, სანამ პანდემია არ დაიწყო. გადავედით სწავლების ონლაინ რეჟიმზე და მოვაკლდით ამ ყოველივეს. შემდეგ იყო გადაწყვეტილება, როგორც სტუდენტი, მეც ჩავრთულიყავი კოვიდთან ბრძოლაში და შემოთავაზებისთანავე დავიწყე მუშაობა ბსუ-ს ვაქცინაციის ცენტრში (ვაკეთებ ვაქცინას). დღეში დაახლოებით 50 ადამიანის აცრა მიწევს და ვფიქრობ, მცირედი წვლილი მაინც შემაქვს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვხედავ ადამიანების ემოციურ მდგომარეობას, ხშირად მიწევს მათი დამშვიდებაც, მგონია რომ მათ ცხოვრებაში ძალიან მცირე ადგილასაც ვიჭერ და ვიმედოვნებ, გამიხსენებენ და იტყვიან, იმ გოგონამ კარგად გამიკეთა აცრა😊. ეს ყველაფერი ჩემთვის დიდი გამოცდილების მომცემი იქნება, ვფიქრობ, ყველა ექიმს კარგად უნდა ესმოდეს პაციენტის ფსიქოლოგია, უნდა შეეძლოს ემოციების მართვა და ეს ყველაფერი სამომავლოდ ძალიან გამომადგება.მიხარია, რომ  იზრდება აცრის მსურველი ადამიანების რაოდენობა, რაც ჩემი აზრით გამოიწვია იმან, რომ ძალიან ბევრი და სწორი ინფორმაცია აქვთ უკვე ვაქცინაციასთან დაკავშირებით. სიცოცხლე არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ უნდა გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფებს.

მარი ტყეშელაშვილი, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის მეოთხე  კურსის სტუდენტი. მარი პანდემიასთნ ბრძოლაში ჯერ წითელი ჯვრის საშუალებით ჩაერთო, ამჟამად კი ვაქცინაციის ცენტრში აცრის კაბინეტში ემსახურება მოქალაქეებს.


- ექიმობა და ადამიანების დახმარების სურვილი მეც პატარაობიდანვე გამიჩნდა. მინდოდა რამე ისეთი გამეკეთებინა, რომელიც სხვას გამოადგებოდა. მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავადა, მაინც ჩავაბარე სამედიცინოზე და პირველივე წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გავხდი.

პანდემიასთან ბრძოლაში უკვე დიდი ხანია ვარ ჩართული. თავიდან მუშაობა დავიწყე წითელ ჯვარში და ბულვარში, კარვებში ვმუშაობდი, სადაც ტარდებოდა როგორც მოქალაქეების ტესტირება, ასევე ვაცნობდით ადამიანებს რეგულაციებს, ვასწავლიდით სამედიცინო, სადეზინფექციო ხსნარის დამზადებას. შემდეგ კოვიდთან ბრძოლა ბსუ-ში გავაგრძელე და ამჟამად ვმუშაობ ვაქცინაციის ცენტრში.

რაც შეეხება აქ მიღებულ გამოცდილებას ვფიქრობ, ძალზედ მნიშვნელოვანია, გვიწევს ფორსმაჟორში მუშაობაც. როცა ადამიანებს აქვთ გამოხატული ემოციური ფონი, გვიწევს მათი დამშვიდება და ეს ყველაფერი როგორც მომავალ ექიმს ძალიან გამომადგება სამომავლოდ. პირველ რიგში მიხარია ის, რომ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებაში შემაქვს წვლილი.

დღევანდელი ვითარების ფონზე ვფიქრობ, კიდევ უნდა გააქტიურდეს მოსახლეობა და მეტი ადამიანი აიცრას. ჩემს თანატოლებს, კურსელებს და მომავალ კოლეგებს მინდა ვთხოვო, რაც შეიძლება ბევრი სწორი პროპაგანდა გაწიონ იმისთვის რომ ადამიანებში აამაღლონ ცნობიერება იმუნიზაციაზე. სამწუხაროდ, ვრცელდება ბევრი დეზინფორმაცია, რაც ხელს უშლის ვაქცინაციის პროცესს.

,,ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მიღებული ეს დიდი პრაქტიკა ვფიქრობ სამომავლოდ დიდი გამოცდილების მომცემი იქნება ჩემთვის”ქეთევან ცეცხლაძე, ბსუ-ს ფიზიკური მედიცინისა და სამედიცინო რეაბილიტაციის  საგანმანათლებლო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი.


- ადამიანების დახმარების სურვილმა მიბიძგა იმისკენ, რომ სპეციალობად ამერჩია ფიზიკური მედიცინა. სწორედ ამ სურვილმა გადამაწყვეტინა ისიც, რომ ამ ფორმით  ჩავრთულიყავი პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში და გახსნის დღიდან დავიწყე ბსუ-ს ვაქცინაციის ცენტრში მუშაობა.

ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს მიღებული ეს დიდი პრაქტიკა ვფიქრობ სამომავლოდ დიდი გამოცდილების მომცემი იქნება ჩემთვის, ამიტომაც დაუფიქრებლად დავთანხმდი ამ გამოწვევას და ჩემს მეგობრებთან, თანაკურსელებთან და მომავალ კოლეგებთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობით დავადექი ამ გზას.

მინდა ვურჩიო და ვთხოვო ჩემს თანატოლებს და ახალგაზრდებს  გაიკეთონ ვაქცინა  და არ დაუჯერონ იმ არასწორ ინფორმაციას, რომელიც ვრცელდება სოციალურ ქსელებში. ასევე ვურჩევ, მოიძიონ ბევრი სწორი ინფორმაცია და არამარტო მოიძიონ გაავრცელონ კიდევაც.

რუსუდან ფარტენაძე, ბსუ-ს ფიზიკური მედიცინის და სამედიცინო რეაბილიტაციის მე-4 კურსის სტუდენტი, პანდემიის დაწყებისთანავე ჩართულია პანდემიასთან ბრძოლაში, მუშაობს სხვადასხვა კლინიკასა და კოვიდ ცენტრში.

- პანდემიის დასაწყისში როგორც ყველას მეც ძალიან მეშინოდა, მაგრამ მერე გავათვიცნობიერე, რომ თუ ყველა რეგულაციებს  კარგად  და ზედმიწევნით დავიცავდი, შემეძლო ადამიანებს დავხმარებოდი. როცა გამოცხადდა სტუდენტების მობილიზება პანდემიასთან საბრძოლველად ბევრი არ მიფიქრია, ჯერ დისტანციურად ვეხმარებოდი ჩემს კოლეგებს, ვურეკავდი ინფიცირებულ პაციენტებს, ვკითხულობდი მათ მდგომარეობას და ჩემი კომპეტენციის ფარგლებში რჩევასაც კი ვაძლევდი. შემდეგ მუშაობა გავაგრძელე როგორც ეპიდემიოლოგმა და ვაკეთებდი  ტესტებს.  ასევე, ბსუ-ს ვაქცინაციის ცენტრის გახსნის დღიდან მოქალაქეებს ვემსახურები ამ სივრცეშიც და ჩართული ვარ  ვაქცინაციის მართვის პროცესში.

მინდა იმ სიკეთეებზე და გამოცდილებაზეც ვისაუბრო, რასაც ეს აქტივობები მოგვიტანს მე და ჩემს თანაკურსელებს. თითქმის ყველა ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობასთან გვაქვს ურთიერთობა, ვუყურებთ მათ ემოციებს, დამოკიდებულებას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, ნდობას, დახმარების სურვილს.  ეს ყველაფერი არის ძალიან დიდი პრაქტიკა, რომელიც სამომავლოდ ძალიან საჭიროა ჩვენს პროფესიაში. სურვილი მაქვს, რომ მოქალაქეებმა კარგად გაათვიცნობიეროს  ვაქცინაციის სიკეთე და ბევრი ადამიანი აიცარას.

Comments