ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი ნოდარ ჯანელიძე ,,ერაზმუს+“-ის პროგრამით გერმანიაში, მიუნსტერის უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას.
,,ერაზმუსი“ თქვენთვის?
ერაზმუსი ჩემთვის არის პროექტი, რომელიც მაძლევს საშუალებას გავეცნო
ევროპულ კულტურას, სწავლებას და ჩემს შემთხვევაში გერმანულ ყოველდღიურობას. ძალიან მომწონს უცხო ენების შესწავლა და ერაზმუსის დახმარებით
შემიძლია არა მარტო გერმანულის გაუმჯობესება, არამედ ტანდემში სხვა ერაზმუსელთა ენების
გაცვლაც.
ბსუ-ს როლი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?
როგორც ვიცით, სრულფასოვანი
განათლების მიღება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბსუ-ს და ერაზმუსის დახმარებით კი სტუდენტებს შეუძლიათ მინიმუმ
ერთი ან ორი სემესტრით ევროპული განათლების მიღება სრული ფინანსური უზრუნველყოფით.
მოსამზადებელი ეტაპები
მოსამზადებელი ეტაპი ცოტათი დამღლელი იყო
პანდემიური სიტუაციიდან
გამომდინარე, არ იყო ხელმისაწვდომი პირდაპირი
ფრენები, რის გამოც მგზავრობაც გაიწელა. მიუნსტერში ბინის შოვნა ძალიან რთულია, მაგრამ
მე ძალიან მარტივად ვიპოვე მყუდრო ოთახი საერთო საცხოვრებელში. გერმანიაში მომიწია
საბანკო ანგარიშის გახსნა, გერმანული ნომრის შეძენა, დაზღვევა, მერიაში ჩაწერა და ა.შ.
ადაპტაცია და სირთულეები ახალ რეალობაში?
სიმართლე გითხრათ, ადაპტაცია არ გამჭირვებია, რა თქმა
უნდა, უცხო ქვეყანაში თავს ისე ვერ გრძნობ როგორც სახლში და სირთულეებსაც ბევრს წააწყდებით,
მაგრამ ადაპტირება რთული ნამდვილად არ არის. გერმანული ცხოვრების რეჟიმი სხვანაირია.
მათ თითქმის მთელი კვირა დაგეგმილი აქვთ, რაც ჩემთვის ძალიან უცხო და უცნაური იყო,
თუმცა მივხვდი რომ მეც ამ პრაგმატულობას უნდა ავყოლოდი. ველოდი, რომ გერმანულად მედიცინის სწავლა ძალიან რთული იქნებოდა,
თუმცა მათი განათლების სისტემა არის სტუდენტზე
მორგებული, რაც საქმეს ძალიან აიოლებს.
ცოტა რამ ქალაქისა და ქვეყნის შესახებ სადაც იმყოფებით?
პირადად ჩემთვის რთული წარმოსადგენი იყო ცხოვრება ბათუმზე
ლამაზ და კომფორტულ ქალაქში, თუმცა მიუნსტერმა მოლოდინს გადააჭარბა. ქალაქი ძალიან
ჰგავს ბათუმს თავისი განაშენიანებით. ცენტრში არის ხელოვნური ტბა, დიდი ვიდრე
მშობლიური ნური, მაგრამ ასევე შთამბეჭდავი. ქალაქის ცენტრი უძველესია და რაც უფრო შორდები
ცენტრს, მით უფრო მოდერნისტული ხდება ქალაქი. მიუნსტერს გერმანიის ველოსიპედების დედაქალაქსაც
უწოდებენ, რადგან ყოველდღიურად ათი ათასობით ველოსიპედი მოძრაობს
თქვენი ყოველდიურობა და დღის რეჟიმი?
ლექციები თუ სემინარები ძირითადად დილით ადრე 08:15
დან იწყება და 12-13 საათისთვის სრულდება. ამის შემდეგ გავდივარ ძირითადად გარეთ და
ვირჩევ ღია ცის ქვეშ კარგ ადგილს, სადაც ვჯდები და ვმეცადინეობ. საღამოობით ვხვდები
მეგობრებს და იწყება განტვირთვის საათები, რომელიც არანაკლებ მრავალფეროვანია.
რჩევა მომავალ აბიტურიენტებს?
ჩემი რჩევა იქნება შეისწავლოთ გერმანული ენა, რადგან
ამ ქვეყანაში არის შესაძლებლობა მიიღოთ საუკეთესო ევროპული განათლება. მთელს ევროპაში
ალბათ არსად არ არის სწავლა ასე ხელმისაწვდომი.
Comments
Post a Comment