,,ბსუ არის შესაძლებლობა იმისა, დაინახო საკუთარი თავი, მიხვდე რა გინდა და გადადგა ნაბიჯები განვითარებისკენ“
ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი იზა აბაშიძე ,,ერაზმუს+”-ის გაცვლითი პროგრამით ესპანეთში კორდობას უნივერსიტეტში განაგრძობს სწავლას. |
ბსუ და გაცვლითი პროგრამა, როგორც შესაძლებლობა...
ჯერ კიდევ სკოლის
ასაკში მქონდა გარკვეული ინფორმაცია ერაზმუსის შესახებ. უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისთანავე
მინდოდა, ვყოფილიყავი ამ პროგრამის ნაწილი. დავიწყე ინფორმაციის შეგროვება, ფიქრი სასურველ
ქვეყანაზე და ა.შ., თუმცა ეს ყველაფერი მეტისმეტად ადრეულად მეჩვენებოდა. ვფიქრობდი,
მეორე კურსის სტუდენტისთვის ერაზმუსი დიდი გამოწვევა იყო და სირთულეებს თავს ვერ გავართმევდი.
ჩემი სპონტანური გადაწყვეტილების შემდეგ, ემოციებით სავსე იყო თითოეული ნაბიჯი. მიხარია,
რომ უკან არ დავიხიე. აქ სწავლამ უდიდესი გამოცდილება მომცა, დამეხმარა ლიდერობის უნარ–ჩვევების
განვითარებაში, ვისწავლე თავის დამკვიდრება ახალ გარემოში.
ბსუ არის შესაძლებლობა
იმისა, დაინახო საკუთარი თავი, მიხვდე რა გინდა და რა თქმა უნდა, გადადგა ნაბიჯები განვითარებისკენ. ესპანეთში სწავლამ და ცხოვრებამ
მომცა ჩემი ხედვა მომავლისკენ და დამეხმარა სამომავლო გეგმების შექმნაში. ახლა უბრალოდ,
სტუდენტს ვეღარ ვუწოდებ საკუთარ თავს, ახლა ვარ სტუდენტი, რომელმაც იცის სამომავლოდ
რას უნდა ემსახუროს და იცის, როგორ იპოვოს ოცნებებისა და ჩანაფიქრების სისრულეში მოყვანისკენ
მიმავალი გზები.
პროგრამის შესახებ
უნივერსიტეტის ოფიციალური ვებგვერდიდან გავიგე, იქედან გამომდინარე, რომ უკვე დიდი ხანია დაინტერესებული
ვიყავი ერაზმუსში მონაწილეობის მიღებით, რეგულარულად ვამოწმებდი ინფორმაციას გაცვლითი
პროგრამების შესახებ, ვეცნობოდი სტუდენტების გამოცდილებას და ა.შ.
გზა ბათუმიდან კორდობამდე
გადაწყვეტილება სრულიად სპონტანური იყო, ცდამ გაამართლა და მეორე კურსის მეორე სემესტრში კორდობას უნივერსიტეტში, ესპანეთში უნდა წამოვსულიყავი.
როგორც კი შედეგები გავიგე, უკვე ვიცოდი რომ ეს იქნებოდა საუკეთესო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. სიტყვებით რთულია იმ ემოციების გადმოცემა, რაც აქ ჩამოსვლამ და ახალმა,სრულიად განსხვავებულმა გარემომ გამოიწვია. ესპანეთი ჩემი ოცნების ქვეყანა იყო და მოლოდინებიც შესაბამისი მქონდა, თუმცა რეალობა კიდევ უფრო საოცრად სასიამოვნო აღმოჩნდა. მხედველობაში მაქვს უნივერსიტეტი, ხალხი, კულტურა და ატმოსფერო.
საბუთების შეგროვებისა და გასამგზავრებლად მომზადების ეტაპი ყველაზე მეტად სტრესული აღმოჩნდა. პანდემის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დარწმუნებული არ ვიყავი, რომ აქ ჩამოსვლას შევძლებდი. მახსოვს, გამგზავრებამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე უნივერსიტეტის კოორდინატორმა ელექტრონული ფოსტით შეგვატყობინა, რომ ქალაქში სიტუაცია გაუარესდა და საქალაქო საზღვრები ჩაიკეტა. ეს იყო უდიდესი სტრესი, თითქმის დავიჯერე, რომ ამხელა შრომის შემდეგ, ვეღარ შევძლებდი გამგზავრებას. საბედნიეროდ, ყველაფერი გამოსწორდა.
მეორე კურსის მეორე
სემესტრის დასაწყისში კორდობას უნივერსიტეტში დავიწყე სწავლა. მიუხედავად იმისა, რომ
ეს ჩემთვის სრულიად უცხო გარემო და გამოცდილებაა, ფაქტობრივად, ადაპტაციის ეტაპი არ
გამივლია. ემოციებმა თავისი ქნა, არანაირი დისკომფორტი ან სირთულე არ მქონია არცერთ
ეტაპზე. ვფიქრობ, ბედნიერებაა იყო ამ პროგრამის მონაწილე და გქონდეს შესაძლებლობა,
საქართველოდან ესპანეთში ისწავლო, იცხოვრო, შეხვდე უამრავ ადამიანს მსოფლიოს სხვადასხვა
წერტილიდან, პირისპირ გაიზიარო მათი კულტურა და ტრადიციები, იდეები, შეხედულებები,
დამოკიდებულებები და ა.შ. ბედნიერების გრძნობა იმდენად ძლიერია ჩემში, რომ სირთულეები
პრობლემებად აღარ მეჩვენება.
ოჯახის გარეშე ცხოვრება
მარტივი არ არის, თუმცა ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო ეს დრო საკუთარი თავის განვითარებისთვის,
ტრანსფორმაციისთვის.
ხშირად ვამბობ, კორდობა იმდენად თბილი, სასიამოვნო ქალაქია, რომ არ გჭირდება, შეეჩვიო აქაურ გარემოსა და ყოველდღიურობას. ეს ის ქალაქია, სადაც თანამედროვეობა და წარსული საოცარ კონტრასტშია ერთმანეთთან. აქაური ხალხი ძალიან ყურადღებიანი, თბილი, ზრდილობიანი და გამგებიანია, უყვართ ლუდი, დროის ერთად გატარება და არდადეგები. რა თქმა უნდა, პანდემიას თავისი გავლენა აქვს გარემოზე. სტუდენტები, რომლებიც აქ პანდემიამდე ჩამოვიდნენ, ამბობენ, რომ აქაურობა რადიკალურად განსხვავებული იყო, რა თქმა უნდა, უკეთესი ვიდრე ახლა. თუმცა ისევ და ისევ, ჩემში ეს ქალაქი ასოცირდება იდეალურობასთან და ძნელად თუ წარმომიდგენია უკეთესი კორდობა. აქაური მოსახლეობა განსაკუთრებით უფრთხილდება ბუნებას, ქალაქში შეხვდებით მწვანე გარემოს, ყვავილებს, ბაღებს, ტყესაც კი. ქალაქის რამდენიმე ნაწილი იმდენად განსხვავებულია ერთმანეთისგან, სეირნობისას გგონია სხვა ქალაქში ამოყავი თავი. მოსახლეობა მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, დღისა და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეხვდები ქალაქის რომელიმე ნაწილში მორბენალს ან მოვარჯიშეს. კორდობელები საოცრად მოწესრიგებული და ზრდილობიანი ხალხია, უყვართ ცხოველები. მიუხედავად პანდემიისა მათი ხასიათი, სილაღე, სასიამოვნო განწყობა ყოველთვის იგრძნობა ქუჩაში. სიხალისეს მაინც არ კარგავენ და ყოველთვის ცდილობენ, დახმარების ხელი გამოგიწოდონ.
სიტუაციის გაუმჯობესებასთან/გაუარესებასთან
ერთად, იცვლება დღის რეჟიმი. პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები კორდობაში ისევ ძალაშია,
რასაც თავისი გავლენა აქვს ყოველდღიურობაზე, თუმცა საერთო ჯამში, ვფიქრობ, დროს საკმაოდ
პროდუქტიულად და საინტერესოდ ვატარებ. კვირის განმავლობაში საშუალება მაქვს ლექციების
ნაწილს დავესწრო აუდიტორიაში, ნაწილს კი სახლიდან, ონლაინ პლატფორმის მეშვეობით ვადევნო
თვალი. რაც შეეხება უნივერსიტეტს და სწავლის სისტემას, აქაური სწავლის სისტემა საკმაოდ
განსხვავებულია, სასწავლო პროგრამა მრავალფეროვანი აქტივობებით, პროექტებით, პრეზენტაციებით
არის შედგენილი. ლექტორები მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევენ სტუდენტებს, მათთან მეგობრული
ურთიერთობა აქვთ. საგამოცდო სისტემა დასკვნითი გამოცდით შემოიფარგლება.
შეიძლება ითქვას,
რომ ჩემი მობილობის პერიოდი დასასრულს უახლოვდება, სულ მალე საქართველოში დავბრუნდები.
ამ გამოცდილებამ მიმახვედრა, რომ შეუძლებელი არაფერია. მთავარია სურვილი, მონდომება,
შრომა და საკუთარი თავის რწმენა. ბსუ–ს სტუდენტებსა და მომავალ ბსუ–ს სტუდენტებს ვურჩევდი,
აუცილებლად გამოიყენონ ის შანსი, რასაც უნივერსიტეტი იძლევა!
მადლობა ბსუ–ს ამ შესაძლებლობისა და გვერდში დგომისთვის!
Comments
Post a Comment