ბსუ-ს სტუდენტი გიორგი აბაშიძე სწავლას ბულგარეთში განაგრძობს
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა
და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტი გიორგი აბაშიძე ,,ერაზმუს+“-ის
გაცვლითი პროგრამით ბულგარეთში, ცენოვის აკადემიაში განაგრძობს სწავლას. გიორგი მოგვითხრობს იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ბსუ სთავაზობს სტუდენტებს.
,,ერაზმუს+“ თქვენთვის?
ერაზმუსი არ არის მხოლოდ სასწავლო პროცესი. ის აერთიანებს
ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა: კულტურა, ახალი ურთიერთობები, მოგზაურობა,
ცხოვრებისეული გამოცდილება, სხვადასხვა საინტერესო აქტივობები და ღონისძიებებში მონაწილეობა.
ბსუ-ს როლი გაცვლით პროგრამაში
გაცვლითი პროგრამები დაკავშირებულია მრავალ ტექნიკურ და ადმინისტრაციულ პროცესებთან. აღნიშნული პროცესები გაცილებით მარტივია, როდესაც ისეთი უნივერსიტეტი გიდგას გვერდით, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება და ადამიანური რესურსი. ბსუ გაწვდის ამომწურავ ინფორმაციას არსებული პროგრამების, უნივერსიტეტებისა და საჭირო პროცედურების შესახებ. ყველა ეტაპზე აქტიურად არის ჩართული და გამოხატავს მხარდაჭერას. ამ პროცესებში დიდ როლს თამაშობს სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი.
მოლოდინი და რეალობა?
როდესაც ავირჩიე ცენოვის ეკონომიკური აკადემია, ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა კარგი შესაძლებლობა ეკონომიკის მიმართულებით ახალი ცოდნის მისაღებად, ცენოვის ეკონომიკური აკადემია შექმნილია სპეციალურად ამ მიმართულებისთვის,შესაბამისად ველოდი, რომ მივიღებდი მრავალმხრივ, სიღრმისეულ ცოდნასა და გავიზიარებდი გამოცდილებას.
მოსამზადებელი ეტაპები
წარმატებული გასაუბრებიდან სულ მალე, დეკემბრის მეორე ნახევარში სასურველი უნივერსიტეტიდან მივიღე მოწვევის წერილი!!!. არსებული პანდემიური სიტუაცია და საერთაშორისო მიმოსვლის შეჩერება დამატებით ბარიერს წარმოადგენდა, თუმცა, საბოლოოდ რეისი თბილისი-სოფია წარმატებით განხორციელდა და 2021 წლის 8 მარტს გავემგზავრე ბულგარეთში.
ბულგარეთი და ქალაქი სვიშტოვი
ცენოვის
ეკონომიკური აკადემია მდებარეობს
პატარა სტუდენტურ ქალაქ სვიშტოვში, ბულგარეთში. 83 წლიანი ისტორიით, აკადემია არის
წამყვანი ეკონომიკისა და ბიზნესის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ბულგარეთში.
თავად ქალაქი გამოირჩევა ძველი ისტორიული არქიტექტურითა და მშვიდი გარემოთი. მიუხედავად
მცირე ზომისა, ქალაქი არის ეკონომიკურად აქტიური, რადგან მდებარეობს მდინარე დუნაის
სანაპიროზე და აქვს პორტი, რომელზეც ძალიან ლამაზი ხედები იშლება საერთო საცხოვრებლიდან.
ეკონომიკური თვალსაზრისით, საინტერესოა ის ფაქტი, რომ აქვთ ფიქსირებული ვალუტის კურსი
ევროსთან მიმართებაში, რაც საქართველოსთან შედარებით განსხვავებულ ეკონომიკურ სისტემას
აყალიბებს.
სტუდენტური ცხოვრება ცენოვის უნივერსიტეტში
ჩემთვის საინტერესო იყო ის ფაქტი, რომ მე, როგორც სტუდენტი
ჩართული ვიყავი სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, რაც მოიცავდა საგნების შერჩევას, სასურველი
გრაფიკის შედგენას, თითოეული საგნის ფარგლებში მოდულების შერჩევასა და სწავლების მეთოდების
განსაზღვრას. მიმდინარე ეტაპზე მონაწილეობას ვიღებ კონფერენციაში, წარვადგენ თემას
,,ციფრული ცირკულარული ეკონომიკა“ ასევე, აქტიურად ვარ ჩართული სხვადასხვა კულტურულ
თუ სოციალურ ღონისძიებებში, რაც მეხმარება ადგილობრივი კულტურის გაცნობასა და ახალი
ურთიერთობების დამყარებაში. დასვენების დღეებს ვიყენებთ მოგზაურობისთვის. დღე სრულდება
სხვადასხვა გასართობი საღამოებით, სადაც ერთად ვიკრიბებით და სასიამოვნოდ ვატარებთ
დროს.
რჩევა მომავალ აბიტურიენტებს?
მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ კარგად ისწავლონ
ინგლისური ენა და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რასაც უნივერსიტეტი სთავაზობს. ბათუმის
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაცვლითი პროგრამების მხრივ ერთ - ერთი ლიდერია. ბსუ-ს არჩევის შემთხვევაში გაქვთ შანსი
ისწავლოთ საზღვარგარეთ, გირჩევთ, მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა.
Comments
Post a Comment