ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულეტეტის სტუდენტი თათია კახიძე - გზა ბათუმიდან - ვალენსიამდე
ბსუ-ს როლი „ერაზმუს+“-ის გაცვლით პროგრამაში უმნიშვნელოვანესია, სწორედ, მისი მეშვეობით დავუახლოვდი ჩემს მიზანს. დამოუკიდებლად გრანტის მოპოვება საკმაოდ ბევრ დეტალს მოიცავს. ბსუ-ს საერთაშორისო ოფისის მეშვეობით კი ჩემი მთავარი საქმე ინგლისურის ცოდნა და საჭირო დოკუმენტების შეგროვება იყო. რაც შეიძლება, რთულად მოგეჩვენოთ, თუმცა პროგრამის დაწყების შემდეგ მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი ძალიან უმნიშვნელოა.
ბსუ ყოველწლიურად ატარებს საინფორმაციო შეხვედრებს აბიტურიენტებისათვის და რამდენად ბანალურიც არ უნდა იყოს, მეც სწორედ, ასეთ პრეზენტაციაზე გავიგე ,,ერაზმუს+“-ის შესახებ. რეალურად, ეს იდეა ავიტაცე პირველი კურსის ბოლოს, როცა შევხვდი ამ პროექტის მონაწილე სტუდენტებს. ისინი ისე მარტივად აღწერდნენ პროგრამაში მოხვედრის შესაძლებლობას, გამიჩნდა მონაწილეობის სურვილი. ასევე, დიდია ბსუ-ს წვლილი იმაშიც, რომ პირველი კურსის სტუდენტმა მივიღე მონაწილეობა ესპანეთში გამართულ ინოვაციური ბიზნეს იდეების საერთაშორისო კონკურსში, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებულიც გავხდი. ხოლო მესამე კურსის სტუდენტისთვის კი ,,ერაზმუს+“-ი გახდა შანსი, რომელმაც ჩემი ოცნება, მიმეღო ევროპული განათლება, რეალობად აქცია. ჩემი ფრენის დღე რომ ახლოვდებოდა, ცოტა მეშინოდა, ბევრი სირთულეც შემხვდა (პანდემიის გამო), თუმცა აქ გატარებული დღეები ამ ყველაფრად ღირდა.
თავისუფლების და დამოუკიდეისბის შეგრძნება, როგორც კი თვითმფრინავი ეშვება აეროპორტში, მაშინვე გეუფლება, შენ სრულიად ახალი კულტურის ნაწილი ხდები. რა თქმა უნდა, არის სირთულეები, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი სწავლის სისტემას ეცნობი. ითვისებ არა მარტო ესპანურს, არამედ ტექნიკურ ინგლისურსაც, მაგრამ სწორედ, ეს გამოწვევები გვაძლიერებს.მოლოდინი და რეალობა
ვალენსია (ესპანეთი) ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია დღეს. ვალენსია ძალიან თბილი ქალაქია, თუ არ გავითვალისწინებთ მისთვის დამახასიათებელ ხშირ ქარს და ავდარს, წელიწადში 56 დღის განმავლობაში რომ გრძელდება.
ხალხი გახსნილი, თბილი და უბრალოა. ყველა მზადაა, დაბნეულ უცხოელ სტუდენტს დაეხმაროს. ამიტომ, აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. უნივერსიტეტის სისტემა ცოტათი განსხვავდება, ჩემი ფაკულტეტი ამ დროისთვის ყველა ლექციას უნივერსიტეტში ატარებს, რაც ძალიან ამარტივებს კურსელებთან და პროფესორებთან კომუნიკაციას.
ასევე, მინდა ვისაუბრო მოსამზადებელ ეტაპზე, რომელიც ცოტა განსხვავებული იყო, პანდემიისათვის თანმდევი აკრძალვის გათვალისწინებით. მუდმივად მიწევდა ყოველი სიახლის და შეზღუდვის შემოწმება. მთავარი ფსიქოლოგიური მზადყოფნაა, საჭიროა გაიგო, რაც შეიძლება მეტი მოგზაურობის დაწყებამდე, გაეცნო ქალაქს. ცოტა ადგილობრივი ენაც შეისწავლო და მოემზადო კულტურული შოკისთვის.
მომავალ სტუდენტებს კი ვურჩევდი, კარგად დარწმუნდნენ პროფესიის არჩევისას, ოთხი წლის განმავლობაში ბევრი იშრომონ, ისწავლონ და მრავალი ღამე გაათენონ დასახული მიზნის მისაღწევად.
Comments
Post a Comment