ბსუ-ს სტუდენტი გაცვლითი პროგრამით საფრანგეთში - ლიონის უნივერსიტეტში

 


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული გაცვლით პროგრამებში, ღებულობენ განათლებას ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, ეცნობიან უცხო კულტურასა და გარემოს. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ მეგი ქამაშიძე, რომელიც მიმდინარე სასწავლო წელს ,,ერაზმუს+“-ის პროგრამის ფარგლებში, სწავლას საფრანგეთში განაგრძობს. ლიონში - Université lumière lyon 2 - მეგი ინგლისურ ენასა და ლიტერატურას, ასევე ფრანგულ ენას  ეუფლება.

ბათუმიდან ლიონამდე

ბსუ-ში სწავლამ მომცა შანსი, ჩემი შესაძლებლობები უკეთ დამენახა.  საკუთარი თავის გაცნობასთან ერთად, ნათლად დავინახე და დავრწმუნდი პროფესის არჩევის სისწორეში. ყველაზე დიდი რაც ბსუ-მ მომცა,  არის უცხოეთში სტუდენტური ცხოვრების გამოცდილება. ინფორმაცია ,,ერაზმუს+“-ის გაცვლით პროგრამაზე უნივერსიტეტში ჩაბარებამდე სტუდენტი მეგობრებისგან გავიგე. ამიტომ,  ჯერ კიდევ აბიტურიენტობისას გადავწყვიტე, მონაწილეობა მიმეღო ამ პროექტში, როგორც კი შესაძლებლობა მომეცემოდა. რაც შეეხება ეტაპებს, ჩემთვის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი გამოდგა, თუმცა ნამდვილად ღირდა იმ გამოცდილებად, რაც პროგრამამ მომცა.


სასწავლებლად წამოვედი მეოთხე კურსის პირველ სემესტრში, სექტემბერში, ჩემი მობილობა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება და მალე დავბრუნდები საქართველოში.

 


საფრანგეთი და ფრანგები


ლიონი მულტიკულტურული და ძალიან ლამაზი  ქალაქია მრავალფეროვანი არქიტექტურით, დიდი ისტორიით და საინტერესო ადგილებით, რომლებსაც სეირნობისას აღმოაჩენ ხოლმე. ადგილობრივებთან ერთად, ძალიან ბევრი უცხოელი სტუდენტი სწავლობს აქაურ უნივერსიტეტებში და ეს ბევრად სახალისოს ხდის აქ ცხოვრების პროცესს. ფრანგები მოწესრიგებული და ზრდილობიანი ხალხია, ზრუნავენ იმ გარემოზე, რომლებშიც ცხოვრობენ, აფასებენ თავიანთ კულტურას და ენას. თვლიან, რომ თუ აქ ცხოვრება გინდა, აუცილებლად უნდა ლაპარაკობდე ფრანგულად.

 

საფრანგეთმა მომცა დამოუკიდებლობა და საკუთარი თავის რწმენა. აქ ჩამოსვლიდან რამდენიმე კვირაში უკვე ვიცოდი, რომ სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის მოვახერხებ ჩემი ადგილის პოვნას და მარტო ყოფნის შიშის გარეშე ცხოვრებას.

 


სწავლა ლიონში

 

ფრანგული განათლების სისტემა ბევრად მეტ თავისუფლებას აძლევს სტუდენტებს, შენზეა დამოკიდებული იაქტიურებ თუ არა სემინარზე ან ლექციაზე,  ყოველკვირეულად არ იწერება ნიშნები და ფასდები მხოლოდ შუალედური/ფინალური გამოცდით. ლექტორები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი თავისუფლება მოგცენ სწავლის პროცესში და არ მოგახვიონ მათი სუბიექტური აზრები თავს, პატივს სცემენ შენს შეხედულებებს.

 

ლიონის უნივერსიტეტმა მინიმუმამდე შეამცირა ის დისკომფორტი, რაც შეიძლება ონლაინ სწავლებას მოჰყოლოდა. ძალიან მოწესრიგებული, უხარვეზო ონლაინ პლატფორმა აქვთ. გამოცდის დასაწერად რამდენიმე დღე მოგვცეს, რაც ნაკლებად სტრესული აღმოჩნდა. ვფიქრობ, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვისაც გაამართლებდა მსგავსი მიდგომა.

 

რჩევები აბიტურიენტებს

აბიტურიენტებს, რომლებიც სწავლას ბსუ-ში გეგმავენ ვურჩევ, რომ აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა ,,ერაზმუს+“-ის კონკურსში, ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილებაა, რის შესაძლებლობასაც ჩვენი უნივერსიტეტი იძლევა.


Comments