ბსუ-ს სტუდენტი უცხოეთში სწავლებისა და მოხალისეობრივი საქმიანობის გამოცდილებით

 


თამთა სალაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტია. მას უცხოეთში სწავლის საინტერესო გამოცდილება აქვს. თამთამ მესამე კურსის მეორე სემესტრში მონაწილეობა მიიღო  „ერაზმუს +“-ის პროგრამაში და რუმინეთში, შტეფან ჩელ მარეს სახელობის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა. მოგვიანებით, მონაწილეობა მიიღო კონკურსში ევროპის სოლიდარობის კორპუსის (European Solidarity corp) მოხალისეთა პროგრამაში მოსახვედრად, გაიმარჯვა და  სხვა ევროპელ ახალგაზრდებთან ერთად, შეარჩიეს ბულგარეთში სტაჟირებისთვის. ამჟამად, თამთა ბულგარეთში მასპინძელი ორგანიზაციის ახალგაზრდულ ინიციატივებშია  ჩართული, ინგლისურ ენას ასწავლის სკოლის მოსწავლეებს (ონლაინ რეჟიმში) და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს.

„ერაზმუს +“ -ის გამოცდილება

„ერაზმუს+“-ში მონაწილეობა მივიღე 2020 წლის გაზაფხულის სემესტრში. რა თქმა უნდა, გამარჯვება ძალიან გამიხარდა. მანამდე ვიცოდი ამ პროექტის შესახებ და ჩაბარების წლიდან ვფიქრობდი, რომ ეს შანსი, რომელსაც უნივერსიტეტი გვთავაზობდა, აუცილებლად უნდა გამომეყენებინა.

ბევრი რამ შეცვალა რუმინეთში ცხოვრებისა და სწავლების გამოცდილებამ - ახალი ურთიერთობები, ახალი გარემო, ახალი სახლი. სამწუხაროდ, ვირუსის გამო, რთული სიტუაცია შეიქმნა და ბევრი რამ, რაც დავგეგმე იქ შეძენილ მეგობრებთან ერთად, არ მოხერხდა. მიუხედავად ამისა, მაინც საოცარი გამოცდილება მივიღე. ვცხოვრობდი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში, სადაც 40-მდე სტუდენტი ვიყავით სხვადასხვა ქვეყნიდან. ახალგზარდები ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს. კომუნიკაცია ხშირად გვიწევდა და შესაბამისად, ენის ბარიერიც მალე გადავლახეთ.



რუმინეთში სწავლების განსხვავებული მეთოდები აქვთ, შეფასების სისტემაც სხვანაირია, ძირითადად ქულები არა მიმდინარე ლექციების, არამედ გამოცდებით ან პროექტებით იწერებოდა. ქულებს ვიღებდით იმის მიხედვით, თუ რამდენად შეგვეძლო ამ ცოდნის გამოყენებით პროექტის  მომზადება, რაც ყველაზე მეტად მომეწონა.

 


მოხალისეობრივი გამოცდილება

ამჟამად, ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისე ვარ ბულგარეთში. საზღვარგარეთ მიღებულმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ აქტიური სტუდენტი უნდა ვიყო და ყველა შესაძლებლობა გამოვიყენო განსავითარებლად. ეს პროგრამა საშუალებას მაძლევს, ჩემი ცოდნა სხვებს გავუზიარო. ვარ ინგლისური ენის მასწავლებლის ასისტენტი, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი პრაქტიკაა.

საზღვარგარეთ ცხოვრების გამოცდილება უკვე მქონდა, შესაბამისად არ გამჭირვებია ახალ, უცხო გარემოს მოვრგებოდი. აქაური ხალხი, რაღაც ნიშნებით, ქართველებს გვანან, სტუმართმოყვარეები არიან და დღესასწაულების ზარ-ზეიმით აღნიშვნაც უყვართ.




ბსუ ჩემთვის

ბსუ არის უნივერსიტეტი, სადაც ბევრი მეგობარი შევიძინე, მსოფლმხედველობა შემეცვალა, ჩემი გეგმების საწყისი ადგილია, ის ადგილია, რომელმაც საშუალება მომცა, ჩემი სტუდენტური წლები ნაყოფიერად გამომეყენებინა. განსაკუთრებით მიხარია რომ ჩემი სპეციალობა (თარგმანმცოდნეობა) აღმოჩნდა ზუსტად ის პროფესია, რომელსაც დარწმუნებული ვარ, ცხოვრების ბოლომდე ვემსახურები.

რას ვეტყოდი აბიტურიენტებს?!

პირველ რიგში, აბიტურიენტებს ვეტყოდი, რომ აირჩიონ სპეციალობა, რომელსაც ბოლომდე გაჰყვებიან და სიყვარულით ემსახურებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, არც სწავლა იქნება სასიამოვნო და მთელ შრომას ვერ ჩადებენ. ბსუ საკმაოდ ბევრ შესაძლებლობას და გაცვლით პროგრამას სთავაზობს სტუდენტებს, მთავარია მონდომება და სწორად გამოყენება.

 


Comments