ბსუ-ს სტუდენტი გიორგი შავაძე ზალცბურგის უნივერსიტეტსა და "ერაზმუს+ "-ის გამოცდილებაზე

 


გიორგი შავაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია და  საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს.  გიორგი ამჟამად, „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ზალცბურგის უნივერსიტეტში (ავსტრია) განათლებას ღებულობს. იგი ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული პანდემიის გამო, სწავლას ონლაინრეჟიმში განაგრძობს. ბსუ-ს სტუდენტი გვიზიარებს თავის გამოცდილებას, თუ რა ეტაპები გაიარა უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად, წარმატების მისაღწევად რა სირთულეები შეხვდა და რას გეგმავს მომავალში.


გზა ბათუმიდან ზალცბურგამდე

გაცვლითი პროგრამები და საერთაშორისო პროექტები პირველივე კურსიდან იწვევდა ჩემში ინტერესს, შესაბამისად, ყოველდღიურად ვეცნობოდი მიმდინარე ინფორმაციას. ,,Erasmus+“-ის გაცვლითი პროგრამის შესახებ მონაცემები უნივერსიტეტის ვებგვერდისა და ჩემი მეგობრებისგან გავიგე.  კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამიმძაფრა იმ ფაქტმა, რომ ერთ-ერთი მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იყო ზალცბურგის უნივერსიტეტი ავსტრიაში. ამ ქვეყანაში მოგზაურობის მცირე გამოცდილება მქონდა, ვიცნობდი იქაურ კულტურას, ხალხს და მქონდა განცდა, იმ გარემოში შევძლებდი სრულფასოვან ინტეგრირებას.

საერთაშორისო გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა რამდენიმე ეტაპის გავლა: ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარება, სამოტივაციო წერილისა და რეზიუმეს მომზადება, ბოლოს კი უნივერსიტეტის მიერ დანიშნულ კომისიასთან ორენოვანი გასაუბრება. ყველა ეტაპის გავლის  შემდეგ ყველა კონკურსანტს ენიჭება საკონკურსო ქულები და უმაღლესი შედეგების მქონე რამდენიმე მონაწილის აპლიკაციები იგზავნება მიმღებ უნივერსიტეტში.

 ჩემთვის, ეტაპების გავლა არ იყო მარტივი. აქვე აღვნიშნავ, რომ პირველივე მცდელობაზე ჩავიჭერი ინგლისურ ენაში, არც ჩემი წინარე გამოცდილება აღმოჩნდა დამაკმაყოფილებელი, რის გამოც უპირველეს ყოვლისა, მომიწია უცხო ენის დონის გაუმჯობესება და აკადემიური ცოდნის ამაღლება. პირველი უშედეგო მცდელობიდან ორი წლის შემდეგ, ხელახლა გავედი გამოცდებზე და ამჯერად წარმატებულად, უმაღლესი ქულებით შეფასდა ჩემი სამოტივაციო წერილი და რეზიუმე, ასევე კარგად გავიარე გასაუბრება, თუმცა საბოლოო სიტყვა, მაინც ზალცბურგის უნივერსიტეტს ეძლეოდა. უპირატესობა რომ მომეპოვებინა, მომიხდა დამატებით გერმანული ენის გამოცდის ჩაბარება (მოგეხსენებათ, ავსტრია გერმანულენოვანი ქვეყანაა). პროგრამაში გამარჯვებით გამოწვეული განცდა შეუდარებელი გრძნობა იყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა ორი წლის მანძილზე ვემზადებოდი იმ გამოცდილების მისაღებად, რასაც „ერაზმუს+“-ი ჰპირდება მონაწილეებს.



სწავლების ახალი ეტაპი

სასწავლებლად გავემგზავრე 2020 წლის თებერვალში, სემესტრის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, რათა საორიენტაციო შეხვედრებში მონაწილეობა მიმეღო. სამწუხაროდ, სემესტრის დაწყებიდან ორ კვირაში პანდემიის გამო, ავსტრიაშიც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და სწავლა მთლიანად ონლაინ რეჟიმში გადავიდა, რის გამოც ყველა ის სიკეთე, რასაც „ერაზმუს+“-ი ჰპირდება მონაწილეს, ვერ მივიღე. სწორედ ეს მწუხარება გავუზიარე ზალცბურგის უნივერსიტეტში ერაზმუსის კოორდინატორს და ვთხოვე, თუ იქნებოდა შესაძლებელი, კიდევ ერთი სემესტრით გამეგრძელებინა სწავლა, რაზეც მათგან თანხმობა მივიღე. დავუკავშირდი კვლავ ბსუ-ს საგარეო საქმეთა დეპარტამენტს, ავუხსენი სიტუაცია და სიამოვნებით დამთანხმდნენ გაგრძელებაზე, შესაბამისად ზაფხულის სემესტრთან ერთად, ზალცბურგის უნივერსიტეტში დღემდე გავდივარ ზამთრის სემესტრსაც. ამჟამად, სემესტრი დასკვნით ფაზაშია და უკვე კვირის ბოლოს გამოცდების ციებ-ცხელება იწყება, რომელიც კვლავ ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.


ავსტრია ჩემთვის

როგორც აღვნიშნე, ავსტრიაში მანამდე მოგზაურობის გამოცდილება მქონდა, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში ჩემი წარმოდგენა ავსტრიაზე ერთი-ორად გაიზარდა. მიყვარს ეს ქვეყანა, რადგან ისეთივე მთაგორიანია, როგორც საქართველო. ავსტრია სრულად პასუხობს ჩემს მოთხოვნებს თავისუფალი დროის გატარებასთან დაკავშირებით, ამ ქვეყანაში კარგად არის შეზავებული ბუნების სიყვარული და თანამედროვე ტექნოლოგიები, ავსტრია ერთ-ერთი ყველაზე სუფთა და ეკო-მეგობრული ქვეყანაა, ზალცბურგს კი ველო-ქალაქად მოიხსენიებენ, რადგან ამ პატარა ქალაქში მილიონზე მეტი ველოსიპედი მოძრაობს და ქალაქის ინფრასტრუქტურა იძლევა საშუალებას, რომ ველოსიპედით გადაადგილება იყოს კომფორტული.

 ზალცბურგი ცნობილია მრავალფეროვნებით, ამ პატარა ქალაქში შეგიძლია 20-ზე მეტი უცხო კულტურის ნახვა, შესწავლა, ხალხის გაცნობა. ადგილობრივები ყოველთვის მზად არიან დასახმარებლად და ვიტყოდი, რომ ეს პროცესი სიამოვნებთ კიდეც.

 ის, რამაც აღმაფრთოვანა და მანამდე არ ვიცოდი, არის ავსტრიის კულინარიული შესაძლებლობები. შესანიშნავი სამზარეულო აქვთ და ავსტრიელებს ნამდვილად შეუძლიათ კვების ინდუსტრიითა და კერძებით იამაყონ.

 


ცვლილებების პერიოდი

წლების მერე, ამ პერიოდს შეიძლება ცვლილებების პერიოდი ვუწოდო, რადგან მნიშვნელოვნად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება მრავალი საკითხის მიმართ. პირველ რიგში, ავსტრიაში გატარებული ერთი წლის შემდეგ, ნათლად ვხედავ რა პრობლემების წინაშე დგას დღეს საქართველო. ასევე ამ პერიოდმა მომცა უნარი და ცოდნა, ამ პრობელემების მოგვარებაში საკუთარი წვლილი შევიტანო.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი, რაც ავსტრიაში სწავლას მოჰყვა, არის გაფართოებული საერთაშორისო კონტაქტები, მეგობრები იაპონიის უკიდურესი წერტილიდან - ამერიკის შეერთებულ შტატებამდე, გაუმჯობესებული საკომუნიკაციო უნარები და კარიერული წინსვლისთვის შეძენილი ცოდნა და გამოცდილება.


სწავლის თავისებურებები ზალცბურგის უნივერისტეტში

უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ქვეყანის უნივერსიტეტს სწავლების თავისი სტილი და მიდგომა აქვს. ზალცბურგის უნივერსიტეტის სწავლება მთლიანად დაფუძნებული იყო კვლევით საქმიანობაზე, ანუ ჩვენს საპროგრამო მასალას, უახლოესი კვლევების სახით ვეცნობოდით, რაც ჩემი აზრით, უფრო პრაქტიკულია. ამ მხრივ, ბსუ-ში ვისურვებდი,  კიდევ უფრო მეტი კვლევითი საქმიანობა განხორციელდეს და მასში ბევრი სტუდენტი ჩაერთოს.

სტუდენტებსა და ლექტორებს შორის მეგობრული დამოკიდებულება იგრძნობოდა და ეს არ სცილდებოდა პატივისცემის ჩარჩოებს. აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ მე არამხოლოდ ავსტრიელი ლექტორები, არამედ სხვა ეროვნების ლექტორები (გერმანელი, ბერძენი, ამერიკელი, ჩინელი და ა.შ) მასწავლიდნენ, რაც მეტი ინტერაქციისა და ინტეგრაციის შესაძლებლობას იძლეოდა.

ზალცბურგის უნივერსიტეტი ონლაინ სწავლებას, ჩემი აზრით, მომზადებული შეხვდა, რადგან სასწავლო პლატფორმა წლებია უკვე არსებობს და მცირე საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, მეორე დღესვე შევძელით ჯგუფში კოორდინირება და ონლაინ ლექციების დაწყება.

სამომავლოდ, ჩემი გეგმები კვლავ სწავლის მაგისტრატურის ხარისხის მოპოვებისთვის გაგრძელებას უკავშირდება და რამდენიმე უნივერსიტეტთან ერთად, ზალცბურგის უნივერსიტეტსაც განვიხილავ.


რჩევები აბიტურიენტებს

პირველ რიგში, აბიტურიენტებს ვეტყოდი, არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ ლექტორების მიერ მიწოდებული მასალით და საკითხის ირგვლივ მოიძიონ ინფორმაცია სხვა შესაძლო რესურსებით, დასვან ძალიან ბევრი კრიტიკული შეკითხვა, დაამყარონ კონტაქტი მათ წინამორბედებთან და გამოიყენონ ყველა შანსი, რაც უნივერსიტეტში და მის მიღმა გამოჩნდება.

საზღვარგარეთ სწავლების მსურველებმა კი ბევრი დრო და რესურსი უნდა დაუთმონ უცხო ენის, ძირითადად ინგლისურის (ასევე გერმანული, ფრანგული...) შესწავლას.



Comments