„აკეთე ის, რაც გიყვარს და გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ“


სკოლის დასრულებისას მოსწავლეები უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინაშე დგანან, მათ უნდა განსაზღვრონ საკუთარი სამომავლო საქმიანობა. პროფესიის არჩევა სხვადასხვა სირთულესთანაა დაკავშირებული. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი ქეთევან ბერიძე და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული ნინი ბარამიძე აბიტურიენტებს აძლევენ რჩევებს, თუ როგორ აირჩიონ სწორად პროფესია და რა მთავარი საკითხები გაითვალისწინონ.  


 ქეთევან ბერიძე
ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგი

  რას ნიშნავს პროფესიული ორიენტაცია?

 - პროფესიის არჩევა ადამიანის ცხოვრებაში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია, შეიძლება ითქვას, ამით განისაზღვრება შემდგომი ცხოვრების ნაწილი. მაქს ვებერის აზრით - პროფესიული ორიენტაცია არის ცხოვრების ხანგრძლივად უზრუნველყოფის, ნივთებისა და საარსებო საშუალებების შეძენის შანსების საფუძველი.


 რამდენად მნიშვნელოვანია სწორად პროფესიის შერჩევა?

უპირველეს ყოვლისა უნდა გაითვალისწინოთ, რომ პროფესიის არჩევა არის  – თქვენი არჩევანი, თქვენ ირჩევთ არა მხოლოდ მატერიალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის საჭირო საშუალებას,  არამედ ცხოვრების სტილსაც. პროფესიის სწორად შერჩევაზე დიდად არის დამოკიდებული პიროვნების ცხოვრებისეული გზა, საკუთარი საქმიანობით კმაყოფილება, წარმატებები შრომით საქმიანობასა და კარიერაში.


რა ფაქტორები ახდენს გავლენას ადამიანის პროფესიის არჩევაზე? როგორი სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში?

პროფესიის არჩევაზე გავლენას ახდენს:

  პიროვნული შესაძლებლობები
  მიდრეკილებები ( საყვარელი, საინტერესო საქმიანობა)
  ოჯახის წევრების პოზიცია
  მეგობრების პოზიცია
  პედაგოგების პოზიცია
  ინფორმირების დონე
  პირადი პროფესიული გეგმები
• რეალობის შესაბამისობა პირად გეგმებთან(ამ პროფესიით სამუშაოს შოვნის შესაძლებლობები)

დღესდღეობით პროფესიის არჩევისას ბევრი ახალგაზრდა უპირატესობას ანიჭებს იმ პროფესიას, რომელიც პოპულარული და მაღალანაზღაურებადია. ხშირად ასე არჩეული პროფესია „პროფესიად“ რჩება და სხვა მიმართულებით ვცდილობთ საქმიანობის დაწყებას.

გარეგანი გარემოებების ან სხვათა ინტერესების გათვალისწინებით გაკეთებული არჩევანი, ექსპერიმენტია, რომელიც შესაძლოა ძვირად დაგიჯდეთ თქვენც და თქვენს გარშემომყოფთაც.


 მოსწავლეების პროფორიენტაციის შესწავლის რა მეთოდები არსებობს?

ფსიქოლოგიაში არსებობს სხვადასხვა ტექნიკები პროფორიენტაციის შესასწავლად, კერძოდ: კითხვარები, ტესტები, თერაპიული ტექნიკები.


რა უნდა იცოდეს მოსწავლემ, რის მიხედვით უნდა იხელმძღვანელოს პროფესიის არჩევისას?

  - ის, რაც უნდა გავითვალისწინოთ არჩევანის გაკეთების დროს არის:

  რა სჭირდება ბაზარს
  ვის ვჭირდები მე
  რა შემიძლია
  რა მსურს
  რისთვის/ვისთვის მსურს

ყველას აქვს უფლება მიჰყვეს თავის არჩევანს, უნდა შეეჯიბროთ მხოლოდ საკუთარ თავს, მოტივებსა და შესაძლებლობებს. ჩვენ მიერ შერჩეული პროფესია უნდა შეესაბამებოდეს ჩვენს პიროვნულ მახასიათებლებს – უნარებს, ინტერესებს, სურვილებს. არჩეულ პროფესიაში საკუთარი თავის რეალიზება უნდა მოვახდინოთ.


როფორიენტაციის კუთხით ჩვენი უნივერსიტეტის სახელით რა ტიპის ღონისძიებები განხორციელებულა?

 - ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტები სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორების ხელმძღვანელობით ატარებდნენ სემინარებს აბიტურიენტებთან პროფორიენტაციის საკითხებზე რესურს-ცენტრებში (ქედა, შუახევი, ხულო, ხელვაჩაური). ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკის ჩამოყალიბების შემდეგ, კლინიკის ფსიქოლოგები სტუდენტებთან ერთად, ატარებდნენ ტრენინგებს ბათუმის სხვადასხვა სკოლაში და ფსიქოკონსულტაციებს ინდივიდუალურად.


პროექტების ან კვლევების მეშვეობით რა თავისებურება ვლინდება ჩვენს მოსწავლეებში? რა პრობლემები იკვეთება?

  - ძალიან რთული იქნება ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა, ვინაიდან სტატისტიკური მონაცემების გარეშე მოგვიწევს მსჯელობა. ძირათადად უჭირთ „მინდა“–ს და „შესაძლებლობების“ ერთმანეთთან დაკავშირება.  საქართველოში გადაწყვეტილების მიღების ტრადიციული მეთოდებია აქტუალური, ის თუ რამდენად პრესტიჟულია პროფესია, რას გვირჩევენ ახლობლები.


 რას ურჩევდით აბიტურიენტებს, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ გადაწყვეტილება ან რამდენიმე პროფესიას შორის ორჭოფობს? როგორ დარწმუნდეს თავისი გადაწყვეტილების სისწორეში?

- როგორც ცნობილია, ადამიანები თავისი ინტერესებითა და მიდრეკილებებით მნიშვნელოვნად განსხვავდებიან. ნებისმიერი პროფესიული საქმიანობა გარკვეულ უნარსა და შესაძლებლობებს მოითხოვს. მაგალითად, თანდაყოლილი მუსიკალური სმენა, მხატვრობის ნიჭი და ა.შ. უნარების დიდი ნაწილი კი სწავლითა და ვარჯიშით ვითარდება. აუცილებელია პიროვნების მიდრეკილებების, შესაძლებლობებისა და ინტერესების განსაზღვრა.

   მიდრეკილებები- პიროვნების სურვილი, ინტერესი და მიდრეკილება განსაზღვრული საქმიანობისადმი

    შესაძლებლობები - პიროვნების ცნობილი თუ ფარული უნარები და შესაძლებლობები

ამასთანავე უნდა გაარკვიონ:

   პროფესიაზე მოთხოვნა - ამა თუ იმ პროფესიისადმი საზოგადოების მოთხოვნა და ამ პროფესიით მომუშავეებზე მოთხოვნის ცვლილების პროგნოზირება. არის თუ არა სოციალური შეკვეთა, ანუ საზოგადოებრივი მოთხოვნა მოცემულ პროფესიაზე, როგორია ამ მოთხოვნის ცვლილების პერსპექტივა.

უნდა გაითვალისწინონ, რომ:

•   ინტერესის უქონლობისას, მომუშავის შრომის მწარმოებლობა მცირდება 35%-ით
•   პროფესიული უნარის უქონლობისას - 50%-ით
•   უნარისა და ინტერესის გარეშე მუშაობისას - 70%-ით

ნუ აირჩევთ ე.წ. “რომანტიკულ”, “ინტელიგენტურ” და „მოდურ“ პროფესიებს,  პროფესიებს, რომლებიც  “დიდ ფულს გვპირდებიან”. აირჩიეთ საქმიანობა, რომელიც პასუხობს შემდეგ მოწოდებას: „აკეთე ის, რაც გიყვარს და გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ“.



 ნინი ბარამიძე
ბსუ-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული


თქვენი აზრით, როგორ და რის მიხედვით ირჩევენ ახალგაზრდები მომავალ პროფესიას?

დღესდღეობით ახალგაზრდები პროფესიის არჩევის დროს ძირითადად ისეთ პროფესიას ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც პოპულარულობით სარგებლობს და მაღალანაზღაურებადია, ასეთ შემთხვევაში პროფესია უბრალოდ პროფესიად რჩება და სხვა მიმართულებით ცდილობენ ადამიანები საქმიანობის დაწყებას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პროფესია თავიდანვე ავირჩიოთ სწორად. ჩემ ირგვლივაც იყვნენ და არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც სწავლის პროცესშივე  მიხვდნენ და შეიცვალეს პროფესია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი არ კარგავენ დროს და ენერგიას  იმაზე, რის გაკეთებაც  რეალურად არ სურთ.


გაგვიზიარეთ პროფესიის არჩევის საკუთარი გამოცდილება!

-  აუცილებლად ის პროფესია და სფერო უნდა აირჩიო, სადაც ყოველდღიურობა შენთვის საინტერესო იქნება. აბიტურიენტობის პერიოდში პროფესია მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით ავირჩიე, გავითვალისწინე სასურველი საქმიანობის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ყოველთვის მიყვარდა და მსიამოვნებდა საზოგადოებასთან ურთიერთობა და ესეც გახდა ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ავირჩიე ფსიქოლოგია. დღეს არაფერს ვნანობ და ძალიან კმაყოფილი ვარ მიღებული გამოცდილებით. ყველაზე საინტერესო, ნაყოფიერი, ემოციებით დახუნძლული ოთხი წელი გავატარე და დღემდე საინტერესოდ გრძელდება ჩემი პროფესიული განვითარება. ეს ყველაფერი კი იმის დამსახურებაა, რომ აბიტურიენტობის პერიოდში პროფესია გააზრებულად და სწორად ავირჩიე.



პროფორიენტაციის კუთხით თუ მიგიღიათ მონაწილეობა პროექტებში და როგორი შედეგით დასრულდა?

-   ბსუ-ში სწავლის პერიოდში ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სხვა სტუდენტებთან ერთად აქტიურად ვიყავი ჩართული პროფორიენტაციის ტრენინგებში. კერძოდ, აბიტურიენტებს ვეხმარებოდით სწორად განესაზღვრათ თავიანთი სამომავლო პროფესია. ტესტების და სხვადასხვა აქტივობის საშუალებით სკოლის მოსწავლეებს შეეძლოთ დაედგინათ რომელი უნარები ჰქონდათ უფრო განვითარებული და რომელ სფეროში წარმოაჩენდნენ უკეთ საკუთარ თავს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო და აუცილებელია მსგავსი ტიპის ღონისძიებები აბიტურიენტებისთვის. გვქონდა უამრავი წარმატებული შემთხვევა. ტრენინგების შემდეგ ძალიან ბევრმა აბიტურიენტმა შეცვალა გადაწყვეტილება. მახსოვს, ერთი მოსწავლე კონკრეტულ მიმართულებაზე აბარებდა, ბოლოს შეჯამების დროს გვითხრა, დავფიქრდი და დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ფსიქოლოგიო. იყო შემთხვევები, როდესაც მოსწავლეები ტრადიციულად ოჯახის წევრების საქმიანობის გაგრძელებას აპირებდნენ, ჩვენ კი მათ თავიანთი რეალური ინტერესების გარკვევაში დავეხმარეთ, რის შემდეგაც შეცვალეს გადაწყეტილება.

რას ურჩევდით აბიტურიენტებს?

აბიტურიენტებს პირველ რიგში ვურჩევ, პროფესია აირჩიონ დამოუკიდებლად, დაფიქრდნენ კარგად რა სურთ და სწორად განსაზღვრონ თავიანთი შესაძლებლობები. არჩეული პროფესიის შესახებ მოიძიონ ინფორმაცია და გაიგონ სირთულეები რაც შესაძლებელია შეხვდეთ ამა თუ იმ პროფესიაში.


ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას და ნაყოფიერ სტუდენტობას

Comments