ბსუ-ს სტუდენტები გაცვლითი პროგრამით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში
ბათუმის
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა
გაცვლით პროგრამაში და განათლებას ევროპის წამყვან უნივერისტეტებში ღებულობენ. ბსუ-ს
სტუდენტები: ამირან აბაშიძე, ანა მანველიძე და თედო შარადენიძე „ერაზმუს +“-ის პროგრამის
ფარგლებში, ერთი სემესტრის განმავლობაში პორტუგალიაში, გერმანიასა და ესპანეთში იმყოფებოდნენ.
ისინი გაცვლითი პროგრამის, ევროპული განათლებისა
და გამოწვევების გამოცდილებას გვიზიარებენ.
ახალი
გამოწვევები
ამირან
აბაშიძე
,,ერაზმუს
+’’ - ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, მეოთხე
კურსის პირველი სემესტრი საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური მეცნიერებების
მიმართულებით პორტუგალიაში ვსწავლობდი, კერძოდ
მინიოს უნივერსიტეტში. ეს იყო დადებითი ემოციებით სავსე ხუთი თვე. პირველი რამდენიმე
დღე უცხო გარემოსთან ადაპტირება ცოტათი რთული
იყო, მაგრამ ხალხის თბილი დამოკიდებულება დამეხმარა, მეპოვნა ჩემი ადგილი უცხო გარემოში.
პორტუგალია მრავალფეროვანი ქვეყანაა მოწესრიგებული ქალაქებით, არქიტექტურით, განსხვავებული
ცხოვრების სტილიც თვალშისაცემია. გამოვყოფდი XIV საუკუნის ბრაგის მთავარეპისკოპოსის
სასახლეს, წმინდა ბარბარეს ბაღებს და განსაკუთრებული
სილამაზის მქონე იესო ქრისტეს სახელობის ტაძარს (პორტ. Bom Jesus do Monte).
ამირან აბაშიძე
ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი
ანა
მანველიძე
ჰაინრიხ ჰაინეს უნივერსიტეტში (გერმანია, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწა) ერთი სემესტრის
განმავლობაში გერმანულ ენასა და ლიტერატურას ვსწავლობდი. თავდაპირველად საკმაოდ რთული აღმოჩნდა ახალი გარემო,
განსხვავებული ცხოვრების სტილი და რეჟიმი მაშინებდა კიდეც. თუმცა, მალევე გავიაზრე ყველა ის შესაძლებლობა, რასაც ეს ქვეყანა მაძლევდა. დავივიწყე შიში, გავხდი მეტად კომუნიკაბელური, დამოუკიდებელი და შევეცადე ეს პერიოდი სრულად გამომეყენებინა ჩემს საკეთილდღეოდ. გერმანია დიდი ისტორიისა და კულტურის მქონე ქვეყანაა, მოხიბლული ვარ გერმანელების წესრიგითა და კანონმორჩილებით.
ანა მანველიძე
ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი
თედო
შარადენიძე
ბსუ-ში
ინგლისურ ფილოლოგიას ვსწავლობ. ალკალა დე ენარესის უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ
სწავლა ამავე სპეციალობაზე არაფიქსირებული კურსით გავაგრძელე (სხვადასხვა კურსის
სტუდენტებთან ერთად ვსწავლობდი). ესპანური კულტურა საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა,
თავისი ტრადიციული დღესასწაულებით. ესპანელები დიდ ყურადღებას აქცევენ საკუთარი თავის
სიამოვნებას, აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად ცდილობენ გამოიყენონ თავისუფალი დრო
(რომელიც თავიანთი სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით ძალიან ბევრი აქვთ).
თედო შარადენიძე
ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი
„ერაზმუს
+“ -ის გამოცდილება
ამირან
აბაშიძე
პორტუგალიაში
ბაკალავრიატის სწავლის პერიოდი სამი წელია. ვინაიდან მეოთხე კურსზე ვარ, გარკვეულ საგნებს
მაგისტრანტებთან ერთადაც ვსწავლობდი. სწავლების
განსხვავებული მეთოდი ჩემთვის საკმაოდ საინტერესო იყო. სტუდენტების რაოდენობა საკმაოდ დიდია, ამიტომ ხშირად ლექტორები იყენებენ მხოლოდ ლექციის და გამოცდის
მეთოდს და არ ატარებენ სემინარებს. ამ ხუთი თვის მანძილზე უცხოელ სტუდენტებთან ერთად სწავლის პერიოდში მივიღე უფრო
დაწვრილებით ინფორმაცია სხვადასხვა ქვეყნის
შესახებ და დღეს უკეთ ვარ ინფორმირებული გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით.
იქ ყოფნის დროს დავინტერესდი
თანამედროვე გლობალური საკითხით:
,,საერთაშორისო მიგრაციით’’. ჩავატარე კვლევა, რის საფუძველზეც წარვადგინე
თემა: ,,მიგრაცია და საერთაშორისო უსაფრთხოება
ევროკავშირის ქვეყნების მაგალითზე’’, რომელმაც საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა და
ვაპირებ, რომ ეს თემა ბსუ-ში წარვადგინო საბაკალავრო ნაშრომად.
მინიოს უნივერსიტეტი, პორტუგალია
თედო
შარადენიძე
ალკალას
უნივერსიტეტში მომეცა საშუალება გამეცნო სტუდენტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც
ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გამოცდილებად შეიძლება ჩაითვალოს.
ალკალა
დე ენარესის უნივერსიტეტი გახლავთ ერთადერთი ხუთი ვარსკვლავის მქონე უნივერსიტეტი ესპანეთში,
აქედან გამომდინარე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესორ-მასწავლებლები ყველანაირად
ცდილობენ შეინარჩუნონ ეს იმიჯი.
უნივერსიტეტი
განსაკუთრებით ცნობილია ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში მიღწეული წარმატებებით, რადგან
ქალაქში, სადაც უნივერსიტეტი მდებარეობს, დაიბადა „დონ კიხოტის“ ავტორი მიგელ დე სერვანტეს
საავედრა.
ანა
მანველიძე
ვფიქრობ,
ყველასთვის ცნობილია გერმანული სწავლების სისტემა. ვისურვებდი საქართველოს განათლების
სფეროშიც დაინერგოს მსგავსი სტრუქტურა. კერძოდ, მეტად დაფასდეს პროფესიული განათლება,
საზოგადოებაში ამაღლდეს ცნობიერება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ.
ჩემთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა სტუდენტსა და უნივერსიტეტს შორის დამოკიდებულება. ყველა
სტუდენტი არის თავისუფალი, მას სურვილისამებრ შეუძლია გამოხატოს აქტიურობა ლექციაზე,
სრულად გამოიყენოს უნივერსიტეტის რესურსი (წიგნები, ტექნიკა) და შეიქმნას მაქსიმალური
კომფორტი სტუდენტური ცხოვრებისთვის.
ბსუ
ანა
მანველიძე
ბსუ-ში
ხშირად მქონდა შესაძლებლობა, დამემყარებინა კომუნიკაცია გერმანიიდან ჩამოსულ სტუმრებთან,
მათ შორის ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი იყო შეხვედრა გერმანიის
ელჩთან. დიუსელდორფში ჩასვლის შემდეგ მივხდი თუ რაოდენ დიდი როლი უჭირავს უნივერსიტეტს
ჩემს განათლებასა და კარიერულ წინსვლაში. ვფიქრობ, ენის შესასწავლად ყველაზე დიდ როლს
თამაშობს ამ ენაზე ვერბალური კომუნიკაციის დამყარება შესაბამის გარემოში. სწორედ, ბსუ-მ
მომცა შესაძლებლობა მიმეღო რეალური პრაქტიკა გერმანულ ენაში.
ჰუმანიტარულ
მეცნიერებათა ფაკულტეტი, კერძოდ კი ჩემი სპეციალობა, გერმანული ფილოლოგია, გამოირჩევა
მაღალკვალიფიციური ლექტორებით, განათლების მაღალი დონითა და მრავალფეროვანი ლიტერატურით.
ლექტორებს სტუდენტებთან აქვთ მეგობრული დამოკიდებულება, რაც სწავლაში ძალიან ეხმარება
სტუდენტს. ამ სპეციალობაზე არაერთი საინტერესო საგანი ისწავლება, თუმცა გამოვარჩევდი
ქვეყანათმცოდნეობას, ვფიქრობ ის ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი საგანია, რადგანაც სასწავლო
კურსის განმავლობაში სტუდენტს საშუალება ეძლევა სიღრმისეულად შეისწავლოს გერმანიის
პოლიტიკა, კულტურა, გეოგრაფია და ტრადიციები.
ამირან
აბაშიძე
პირველი
კურსიდან დღემდე ბსუ-ს ხელშეწყობით დაახლოებით
50 პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული, ამ ყველაფერმა კი მნიშვნელოვნად შემიწყო ხელი, გავმხდარიყავი აქტიური და წარმატებული სტუდენტი. ასევე, ბსუ-მ მომცა შანსი, რომ ამესრულებინა
ჩემი ბავშვობის ოცნება და მესწავლა საზღვარგარეთ.
პირველი კურსიდან დღემდე ვარ რამდენიმე სტიპენდიის და სასწავლო
გრანტის მფლობელი. ბსუ-ში მხოლოდ ერთ დეტალს შევცვლიდი, უფრო მეტად გავზრდიდი
გაცვლითი პროგრამების მასშტაბს. კარგი იქნებოდა თუ უფრო მეტ უცხოელ სტუდენტს მივიღებთ
ჩვენს უნივერსიტეტში, რადგან ამ უნივერსიტეტს გააჩნია ის რესურსები, რაც სხვა ევროპის
წარმატებულ უნივერსიტეტებს აქვს.
თედო
შარადენიძე
ბსუ-მ
ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს კარიერულ ზრდაში, რადგან სწორედ აქ მიღებული
ცოდნით შევძელი დამემკვიდრებინა თავი ესპანეთში. სამართლიანი
და მიუკერძოებელი კონკურსის ჩატარების შემდეგ, ბსუ-სა და ალკალას უნივერსიტეტის ერთობლივი
გადაწყვეტილებით, გავხდი საერთაშორისო სტუდენტის სტატუსის მფლობელი.
ინგლისური
ფილოლოგიის პროგრამა ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა
ბსუ-ში, აქედან გამომდინარე ის ყოველთვის გამოირჩევა სტუდენტთა სიმრავლით. რაც
შეეხება ჩემთვის ყველაზე საინტერესო და გამოყენებად საგნებს, გამოვყოფდი ინგლისურენოვანი
მხატვრული ტექსტის სტილისტიკურ ანალიზს, ინგლისური ენის ფონეტიკას, ბრიტანეთისმცოდნეობას,
ინგლისური ენის ლექსიკოლოგიასა და ანალიზურ კითხვას. ესპანეთის სწავლების სისტემიდან
გამომდინარე ბსუ-ში არსებულ საგნების ნაწილს, რომლებიც სავალდებულოა, გავხდიდი არჩევითს.
სამომავლო
გეგმები
ანა
მანველიძე
სამომავლოდ
აუცილებლად გავაგრძელებ სწავლას გერმანიის რომელიმე საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ბსუ-ში მიღებული განათლება და გამოცდილება დამეხმარება სამომავლოდ სწავლა გავაგრძელო
გერმანიის ერთ-ერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და დავეუფლო მეორე პროფესიას, ინტერიერის
დიზაინს. ვფიქრობ, არსებული პროფესია თანდათან მეტად აქტუალური და მოთხოვნადი ხდება
ჩვენს რეგიონში და ვიმედოვნებ წინ დიდი წარმატება მელის.
ამირან
აბაშიძე
მინდა, რომ მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი შესაძლებლობები
და წარმატებულად დავასრულო ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა. ჩემს მეცნიერ ხელმძღვანელთან ერთად, მსურს,
მიგრაციის საკითხი დეტალურად შევისწავლო და საბაკალავრო ნაშრომის შემდეგ სტატიაც გამოვაქვეყნო, როგორც ქართულ ასევე ინგლისურ ენაზე.
გადაწყვეტილი მაქვს ჩემი სპეციალობით მაგისტრატურის გაგრძელება, მაგრამ ჯერჯერობით
უნივერსიტეტს ვერ დავასახელებ, რადგან მნიშვნელოვანი
ჩანაფიქრი მაქვს და ვფიქრობ, აუცილებლად გამომივა. საბოლოოდ, ვგეგმავ ჩემი სამომავლო საქმიანობა
კვლავ ბსუ-ს დავუკავშირო.
Comments
Post a Comment