ბსუ-ს სტუდენტები ინოვაციური გამოგონებით ვალენსიაში საერთაშორისო კონკურსზე მიეგმზავრებიან


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები: საბა დოლიძე, ლაშა მუკუტაძე და თათია კახიძე თავიანთი გამოგონებით ვალენსიაში ინოვაციური ბიზნესიდეების  საერთაშორისო კონკურსზე მიემგზავრებიან. სტუდენტების წარმატება Erasmus+-ის საგრანტო პროექტის „InnoCENS Project” (Enhancing Innovation Competence and Entrepreneurial Skills in Engineering Education - ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში) ფარგლებში ბსუ-ში ჩატარებულ ინოვაციური ბიზნესიდეების კონკურსში გამარჯვებას უკავშირდება. სტუდენტებმა გამოიგონეს კალამი (DELTA PEN), რომელიც 6 ნივთს აერთიანებს: საწერკალამი, სენსორული კალამი, ფანქარი, კალამი ტუში, მეხსიერების ბარათი, მობილური ტელეფონისა და პლანშეტური კომპიუტერის სადგამი. ბსუ-ს სტუდენტები სექტემბერში უკვე ესპანეთში გეგმავენ თავიანთი ინოვაციური გამოგონების საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობას. საბა, ლაშა და თათია საუბრობენ თუ სად და როგორ დაიწყეს ყველაფერი,  როგორ მივიდნენ ინოვაციურ გამოგონებამდე და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ.


საბა დოლიძე:

პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი წარმატების მიზეზი საკუთარი საქმის სიყვარული და განვითარების სურვილია. მშენებლობის  სპეციალობაზე ვსწავლობ, უკვე მესამე კურსი დავასრულე. ამ პროფესიის სიყვარული ჩემს შემთხვევაში ალბათ უფრო გენეტიკურია. მიხარია, რომ ავირჩიე იმ სპეციალობაზე სწავლა, რისი ინტერესიც მქონდა და დღეს უკვე მიღწეული წარმატებაც ამის დასტურია. მას შემდეგ რაც ბსუ-ში სტუდენტებს გვითხრეს ინოვაციური ბიზნესიდეების საერთაშორისო კონკურსის შესახებ, მივხვდი ეს კარგი შესაძლებლობა იყო იდეები, რომლებიც მაწუხებდა რეალობად მექცია და საკუთარი თავი გამომეცადა. შესაბამისად ვიპოვე თანამოაზრეები, უკვე შემდგომში თანაგუნდელები, მივიღეთ კონკურსში მონაწილეობა და გავიმარჯვეთ.



თათია კახიძე:

ბსუ-ში მშენებლობის სპეციალობაზე ვსწავლობ, პირველ კურსზე ვარ. თავიდან ერთადერთი გოგონა ვიყავი, ახლა უკვე ორნი ვართ, მსგავსი ზრდადი ტენდენცია მახარებს უკვე. სიმართლე გითხრათ, თავიდან არ ვიცოდი რა მიმართულებით მინდოდა სწავლა, თუმცა ყოველთვის მხიბლავდა რაღაცის შექმნის პერსპექტივა, მშენებლობა კი სწორედ ამის საშუალებას იძლევა. როდესაც ცხოვრობ ისეთ სწრაფად განვითარებად ქალაქში როგორიც ბათუმია, არ არის გასაკვირი, რომ მშენებლობის მიმართულებით დავინტერესდი. როგორც ყველა პირველკურსელი, მეც ხშირად მივმართავდი მაღალკურსელებს დახმარებისთვის სხვადასხვა კითხვითა თუ თხოვნით და სწორედ ასეთ ვითარებაში გავიცანი საბა და ლაშა. შემდეგ უკვე ჩვენი ინტერესები გადაიკვეთა კონკურსთან დაკავშირებით და გავაერთიანეთ ჩვენი ძალები.



ლაშა მუკუტაძე:

მეც საბას მსგავსად მესამე კურსი დავასრულე, თუმცა არქიტექტურის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ დამიმთავრებია სწავლა უკვე მაქვს საკუთარი ხედვები ქალაქის განვითარებასა და განაშენიანებასთან დაკავშირებით. საბა ერთ-ერთ საპროექტო კომპანიაში გავიცანი, სადაც უნივერსიტეტის დახმარებით მოვხვდით.



მრავალფუნქციური კალამი 

საბა დოლიძე:

მას შემდეგ რაც ინოვაციური ბიზნესიდეების საერთაშორისო კონკურში მონაწილოება გადავწყვიტეთ, ბუნებრივია, დავიწყეთ ფიქრი თუ საინტერესო და ინოვაციური რა შეგვეთავაზებინა კონკურსის ჟიურისთვის. რამდენიმე იდეა გვქონდა, თუმცა საბოლოოდ შევჯერდით კალმის შექმნაზე, რომელსაც მრავალი ფუნქცია ექნებოდა და ბევრი პროფესიისა და ინტერესის მქონე ადამიანს გააერთიანებდა. მე პირადად კალმების კოლექცია მაქვს და რა თქმა უნდა ეს იდეა ორმაგად მისაღები და საინტერესო იყო ჩემთვის. ეს არის კალამი (DELTA PEN) რომელიც შეიძლება გახდეს: ტუში, ფანქარი, ტელეფონის ან პლანშეტური კომპიუტერის სადგამი, ასევე კალამში შესაძლებელია განვათავსოთ მეხსიერების ბარათი.

ლაშა მუკუტაძე:

მრავალფუნქციული კალამი (DELTA PEN) საშუალებას გვაძლევს თავიდან ავირიდოთ ზედმეტი ხარჯები და ასევე დავზოგოთ დრო ცალ-ცალკე სხვადასხვა იმ საჭირო ნივთის შეძენისას, რომლებიც ამ კალამშია გაერთიანებული. თუ ჩვენ გვესაჭიროება ფანქარი გვიწევს მისი ყიდვა, ასევე ხდება კალმის ან ტუშის შემთხვევაში. ჩვენ გთავაზობთ კალამს, რომელიც აერთიანებს ოთხ საწერ საშუალებას: ტუშს, საწერკალამს, ორი განსხვავებული ფერით და ფანქარს, ამავდროულად  ჩვენ მარტივად შეგვიძლია მოვახდინოთ მისი ტრანსფორმაცია და მოცემული საწერკალამი ვაქციოთ მობილური ტელეფონის ან პლანშეტური კომპიუტერის სადგამად, რომელიც საშუალებას გვაძლევს ზედმეტი დისკომფორტი თავიდან ავიცილოთ და მარტივად ვუყუროთ ჩვენს საყვარელ ფილმებს, სერიალებს თუ გადაცემებს. მაგრამ ეს სულაც არ ზღუდავს ჩვენი საწერი საშუალების მთავარ ფუნქციას, რადგან  პლანშეტური კომპიუტერისა თუ ტელეფონის გამოყენებისას თავისუფლად შეგვიძლია  გამოვიყენოთ მთავარი ფუნქციისთვის (წერისთვის).




თათია კახიძე:

ჩვენი გამოგონილი პროდუქტის პოტენციური მომხმარებელია: სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, ოფისებში დასაქმებული პირები. საკმაოდ მოსახერხებელია საქმიანი ვიზიტების დროს, როდესაც დიდი ხნით გვიწევს გამგზავრება, კომპაქტურია და არ გვიწევს ბევრი ნივთის თან ტარება, მარტივად გამოიყენებ თვითმფრინავსა თუ ნებისმიერ ტრანსპორტში სხვადასხვა დანიშნულებით. ბუნებრივია, მხოლოდ პროდუქტის შექმნა არ არის საკმარისი, აუცილებელია მისი მარკეტინგულად შეფუთვა, რაზეც უკვე ვფიქრობთ და ვმუშაობთ, კონკურსის ფარგლებში დაგვპირდნენ ამ კუთხით დახმარებას. სასიხარულოა, რომ მსოფლიოში ინტერნეტვაჭრობა საკმაოდ პოპულარულია, სხვადასხვა  ვებგვერდი არსებობს სადაც შეიძლება განთავსება ჩვენი პროდუქციის და მსოფლიო ბაზარზე გასვლა. თუმცა, ბუნებრივია მანამდე ქართველ მომხმარებელზე ვართ ორიენტირებული, საქართველოში შესაძლებელია როგორც ინტერნეტვაჭრობის პლატფორმების გამოყენება, ასევე სხვადასხვა საკანცელარიო მაღაზიაში განთავსება, საადაც მომხმარებელს შეეძლება პრაქტიკაში გამოსცადოს ჩვენი პროდუქტი.




საბა დოლიძე:

მსოფლიოში არსებობს მსგავსი ტიპის კალმები, თუმცა შეზღუდული რაოდენობის ფუნქციებით, ძირითადად ორი ან სამი მიმართულებით. ჩვენს შემთხვევაში კი მაქსიმალურად ვეცადეთ  ისეთი ფუნქციებით დაგვეტვირთა, რომ ვიზუალისთვის არ ყოფილიყო ხელისშემშლელი. შესაძლებელია ისე დამძიმდეს კალამი რომ მთავარი დანიშნულება ვეღარ განახორციელოს, თუმცა ეს შემთხვევა ჩვენს გამოგონებას არ ეხება, ვეცადეთ ყველაფერი გაგვეთვალისწინებინა.



თათია კახიძე:

უნივერსიტეტს აქვს ფაბლაბის ლაბორატორია, სადაც კალმის შექმნაზე ვმუშაობთ. ფაბლაბს აქვს ის დანადგარები რაც სჭირდება ამ კალმის აწყობას.

ჯერჯერობით ჩვენი პრიორიტეტი არის მოდელის შექმნა. იგულისხმება რეალური მოდელის, ნიმუშის შექმნა. კომერციალიზაციის თვალსაზრისით ჯერ კიდევ არის სამუშაო. თბილისში გავქვს პრეზენტაცია შემდეგ უკვე ვალენსიაში, ესპანეთში. ვალენსიაში გამზადებულ მოდელს წავიღებთ, გამოვცდით, მივიღებთ რეკომენდაციებს შენიშვნებს, გავეცნობით თანამედროვე ტენდენციებს და გამოვიყენებთ ჩვენი გამოგონების დახვეწაში.

რჩევები აბიტურიენტებს 

თათია კახიძე:

როდესაც ვაბარებდი, ჩემთვის პატარა თეორემა ჩამოვაყალიბე, რა არის ისეთი, რაც ადამიანებს ყოველთვის დასჭირდებათ და პასუხამდეც მარტივად მივედი: ეს არის შენობა. ადამიანებს მუდამ დასჭირდებათ რაღაცის აგება, შექმნა. ამიტომ ძალიან საინტერესო პროფესიად მიმაჩნია მშენებლობა და მჯერა, მოთხოვნა ყოველთვის იქნება ამ მიმართულების სპეციალისტებზე. ამ ეტაპზე სწავლებით რა თქმა უნდა კმაყოფილი ვარ, ამის ერთ-ერთი მიზეზი კონკურსში გამარჯვებაცაა, თუმცა მინდა ვაღიარო, რომ სწავლის პროცესი ძალიან რთულია, ბევრ შრომას მოითხოვს. თეორიის და პრაქტიკის შეთავსება დროს და ენერგიას მოითხოვს, მაგრამ ჩვენს სპეციალობაში ეს აუცილებელია. ამიტომ საჭიროა აბიტურიენტებმა კარგად გააცნობიერონ რა სურთ, სად ხედავენ საკუთარ თავს და ამის შემდეგ გააკეთონ არჩევანი მომავალ პროფესიაზე.

სამომავლო გეგმები

საბა დოლიძე:

ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ მაგისტრატურაში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას და დოქტურანტურის საფეხურზეც ვფიქრობ. სამომავლოდ, სათანადო გამოცდილების დაგროვების შემდეგ, მსურს საკუთარი კომპანია დავაფუძნო. იმედია, ჩემი გეგმები რეალობად იქცევა.

ლაშა მუკუტაძე:

არქიტექტურის მიმართულებით ვაპირებ კვალიფიკაციის ამაღლებას, მესმის ამ პროფესიის მნიშვნელობა და ვიცი რამდენად საპასუხისმგებლოა. ბათუმში დავრჩები, ქალაქს სჭირდება კომპეტენტური არქიტექტორები და იმედია სამომავლოდ ერთ-ერთი მათგანი მეც ვიქნები.

თათია კახიძე:

მინდა ბსუ-ს გაცვლით პროგრამაში მივიღო მონაწილეობა, სწავლა უცხოეთში გავაგრძელო, კერძოდ ვალენსიაში. მაქვს გარკვეული იდეები, რომლებსაც იმედია პერიოდულად განვახორციელებ. საეთაშორისო კონკურში მონაწილეობის მიღება და ჩვენი გამოგონების წარდგენა უკვე გამარჯვებაა ჩვენთვის. დაბრუნების შემდეგ გავაგრძელებთ გამოგონებაზე მუშაობას, დახვეწას და უკვე მარკეტინგული მიმართულებით განვითარებაზე გავამახვილებთ ყურადღებას. ამ ეტაპზე კი აქტიურად ვემზადებით კონკურსისთვის და იმედია სასიხარულო სიახლეებით დაგიბრუნდებით.




Comments

  1. https://tbilisiairporttransfer.com
    https://georgianvoyage.com

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ნინო ვარშანიძე ,,ERAZMUS+” -ის გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფება და სწავლას დაუგავპილსის უნივერსიტეტში განაგრძობს.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი - ნინო მიქელაძე ,,Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფებოდა. ბლოგის საშუალებით ნინო გვიზიარებს გამოცდილებას, რომელიც დაუგავპილსის უნივერსიტეტში სწავლისას მიიღო.