ესპანელი სტუდენტები ბსუ-ში



ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერაზმუს  + ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ესპანელი სტუდენტები ედუ გარსია გერერო და ალვარო მარკოს მეიორალი სწავლობენ. ისინი ალკალას უნივერსიტეტში ეკონომიკის მიმართულების სტუდენტები არიან. ესპანელმა ახალგაზრდებმა ერთი სემესტრის განსხვავებულ გარემოში გასატარებლად, ახალი ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად არჩევანი ბათუმსა და კონკრეტულად ბსუ-ზე გააკეთეს.  ედუ და ალვარო გვიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს უნივერსიტეტის, ქალაქისა და ზოგადად საქართველოს შესახებ.

რატომ საქართველო?


ედუ: ჩამოსვლამდე ცოტა რამ ვიცოდი საქართველოზე, თუ დაახლოებით სად მდებარეობდა, როგორც კალათბურთის მოყვარულმა ვიცი წარმატებული ქართველი კალათბურთელები და სწორედ მათი მეშვეობით გავიგე თქვენს ქვეყანაზე. საქართველოში ჩამოსვლა ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო. ალკალას უნივერსიტეტში  ერაზმუს პლიუსის კოორდინატორს შევხვდი, რომელმაც თქვენს ქვეყანაში არსებული სასწავლო პროგრამები გამაცნო, კარგი შესაძლებლობა იყო გამეგრძელებინა სწავლა საქართველოს რომელიმე უნივერსიტეტში. არჩევანის საშუალება მქონდა თბილისს, ქუთაისსა და ბათუმს შორის. მას შემდეგ რაც ბათუმის ფოტოები ვნახე, რა თქმა უნდა, აქ გადავწყვიტე ჩამოსვლა.

ალვარო: საქართველოზე მეც არ ვიცოდი ბევრი. ინტერნეტში მოვიძიე ინფორმაცია თქვენი ქვეყნის ისტორიის შესახებ, თუ როგორ იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და რუსული გავლენისგან გათავისუფლებისთვის და რომ დღემდე  ოკუპირებულია. საქართველო ულამაზესი ქვეყანაა. მრავალფეროვანი, მთებიც გაქვთ და ზღვაც. ვიყავით თბილისში, კახეთში, ყაზბეგში, ხულოში,  ვნახე მტირალას პარკი და აღვფრთოვანდი ბუნებით, ხედებით, მტირალას ჩანჩქერი განსაკუთრებულად ლამაზია. ახლო მომავალში პრომეთეს მღვიმე უნდა ვნახოთ.

ალვარო მარკოს მეიორალ

სწავლა ბსუ-ში



ედუ: ბსუ-ში 5 საგანს გავდივართ ტურიზმისა და ეკონომიკის სპეციალობებიდან: კეთილდღეობის ეკონომიკას, საერთაშორისო ურთიერთობებს, სტრატეგიულ მენეჯმენტს ტურიზმის დარგში, მარკეტინგის საფუძვლებსა და ბიზნეს ინგლისურს.

სიმართლე გითხრათ, სწავლა ბსუ-ში უფრო მოსახერხებელია ვიდრე ესპანეთის უნივერსიტეტებში. კერძოდ,  ბსუ-ში პატარა ჯგუფებში ტარდება ლექციები, რაც იძლევა საშუალებას უფრო ჩართული იყო სალექციო პროცესში, გაიგო მეტი, დასვა კითხვები და მიიღო პასუხები.  ჩემს უნივერსიტეტში დიდი ჯგუფებია, როდესაც 80 სტუდენტთან ერთად ესწრები ლექციას და გადიხარ კურსს, ისე ასრულებ საგანს, რომ ლექტორი არც კი გიცნობს, შენი სახელიც კი არ იცის.

ედუ გარსია გერერო

აქ მასწავლებლები გვეხმარებიან, ძალიან კარგი ინგლისური აქვთ. ცდილობენ ყველაფერი გასაგები იყოს ჩვენთვის. კურსელებიც ყოველთვის მზად არიან დახმარება აღმოგვიჩინონ.  ჯგუფებში მუშაობის დროს ერთობლივად გუნდურად ვმუშაობთ.  სტუდენტებთან ურთიერთობა არ გვიჭირს, ინგლისურის ბარიერიც არ გვაქვს.

საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტიც ძალიან გვეხმარება. დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ხშირი კონტაქტი გვაქვს, მივმართავთ პრობლემების შემთხვევაში. უცხოელი სტუდენტებისთვის შექმნილია ჯგუფი, სადაც ინფორმაციას ვღებულობთ სად წავიდეთ, რა გავაკეთოთ.


პრაქტიკული საქმიანობა


ალვარო: სწავლის პარალელურად სტაჟირება გავიარეთ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში. საქართველოში წამოსვლამდე  ჩვენმა ერაზმუს + ის კოორდინატორმა ბსუ-ში მოგვაწოდა ინფორმაცია აღნიშნული სტაჟირების შესახებ. ტურიზმის დეპარატმენტში სხვადასხვა აქტივობაში ვიყავით ჩართული. ვეცნობოდით სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას,  ასევე ვიყავით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში, სადაც მათი მუშაობის სპეციფიკას გავეცანით. მივყვებოდით მოგზაურობებში, გავდიოდით მარშრუტებს, რომლებსაც ტურისტები გადიან, შემდეგ ჩვენ რჩევებსა და რეკომენდაციებს ვაძლევდით.

გარდა აღნიშნულისა, ცენტრ იბერიაში ვმუშაობთ, სადაც ესპანურს ვასწავლით. ეს საინტერესო გამოცდილებაა ჩვენთვის.


საქართველო ჩემთვის


ედუ: საქართველო მრავალფეროვანი ქვეყანაა.  მე ვეტყოდი, რომ ეს არის მშვენიერი ადგილი  მცირე დროში ბევრი რაღაცის სანახავად. შეგიძლია ერთ დღეს მთები ნახო, მეორე დღეს კი - სანაპიროზე დაისვენო.

უშუალოდ ბათუმს რაც შეეხება, მომწონს ქალაქის ინფრასტრუქტურა, მაღალი შენობები. ძალიან მომწონს ზღვიდან მაღალი შენობების ხედი. ძველი ბათუმიც მიმზიდველი და საინტერესოა.  სავახშმოდ  სწორედ აქ დავდივარ, კარგი ადგილებია სასიამოვნო საღამოს გასატარებლად და გემრიელი კერძების დასაგემოვნებლად. 


ქართველი ხალხი ესპანელების მსგავსად თბილი და ყურადღებიანია, მსიამოვნებს თქვენთან ურთიერთობა და არასდროს მექმნება პრობლემა. ერთადერთ დისკომფორტს განვიცდი ენის ბარიერთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ბევრი არ საუბრობს ინგლისურად კარგად, არ ვგულისხმობ სტუდენტებსა და ლექტორებს. ხშირად მაღაზიაში  სასურველი პროდუქტის შეძენისას მექმნება ენის ბარიერი. 

ალვარო: ქართული სამზარეულო განსაკუთრებულად მომწონს. ასევე, ჩემთვის სასიამოვნოდ გასაკვირი აღმოჩნდა პროდუქტების დაბალი ღირებულება. ჩვენთან კვება უფრო ძვირია, საქართველოში საჭმელი ესპანეთის ღირებულების ნახევარია. 

რაც შეეხება ქართველ ახალგაზრდებს, თავისუფალი დროის გატარების თვალსაზრისით ესპანელებისგან განსხვავდებით. ესპანეთში პარასკევს ვისვენებთ, კლუბებში დავდივართ, უფრო გარე აქტივობებით ვართ დაკავებული. ქართველებს კი სახლში გირჩევნიათ  გართობა, სახლში დალიოთ და დრო გაატაროთ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ჭაჭა და ღვინო იქნება. ვაღიარებ, ამასაც თავისი ხიბლი აქვს.



ბათუმის ტურისტული მომავალი


ალვარო: მიხარია, რომ ბათუმი და ზოგადად  საქართველო ვითარდება. კარგი მომავალი აქვს ბათუმს, აჭარას. საქართველო დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანაა.
სწორად ვითარდებით, ბევრი ინვესტორი შემოდის ბათუმში.  სტაჟირების ფარგლებში ტურიზმის დეპარტამენტმა მოგვაწოდა ინფორმაცია თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოს პიარკამპანია სხვადასხვა ქვეყანაში და ყოველწლიურად იზრდება ტურისტების რაოდენობა.

სასურველია პირდაპირი ფრენების რაოდენობა გაიზარდოს. ბათუმში როდესაც  მოვდიოდით ვერ ვიპოვეთ პირდაპირი რეისი ესპანეთიდან ბათუმის მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ამ მხრივ სიახლეები მალე იქნება, რადგან მოთხოვნა გაჩნდა და გაიზრდება სამომავლოდაც.


ახალგაზრდა ტურისტების მოზიდვისთვის აუცილებელია სასურველი გარემოს შექმნა. ამის ერთ-ერთი წინაპირობაა კლუბების არსებობა ქალაქში. როგორც ვიცი მხოლოდ სეზონურად მოქმედებს კლუბები. სასურველია ახალგაზრდებს არა მხოლოდ ერთ სეზონზე ჰქონდეთ გართობის საშუალება, არამედ წლის ნებისმიერ დროს. ასევე, სასურველია სხვადასხვა სპორტული აქტივობებისთვის სანაპირო ნაწილობრივ ქვიშანი იყოს. ვიცი არის რაღაცა ნაწილი ქვიშიანი, თუმცა არ არის საკმარისი. ესპანეთში ახალგაზრდები  მუდმივად თამაშობენ სანაპიროზე. მიმაჩნია, რომ ამ ქალაქს აქვს პოტენციალი სპორტული ქალაქი გახდეს, ვგულისხმობ დაიტვირთოს სხვადასხვა სპორტული ინფრასტრუქტურით. გაქვთ მსგავსი სივრცეები და სასურველია სამომავლოდაც გაიზარდოს რაოდენობა. ძალიან ლამაზი და განსხვავებული სანაპირო ზოლი გაქვთ, თავისი ველო ბილიკით, სადაც შეგიძლია ისეირნო და ირბინო ზღვის ხედის ფონზე. ამის ფუფუნება ბევრ ზღვისპირა ქალაქს არ აქვს.

ესპანეთში დაბრუნების შემდეგ ხალხს ვეტყვი, რომ საქართველო დიდი პოტენციალის მქონე ქვეყანაა და სწრაფად ვითარდება. მიხარია, რომ საქართველოში, კერძოდ ბათუმში სწავლის და ცხოვრების შესაძლებლობა მომეცა.



Comments

  1. https://tbilisiairporttransfer.com
    https://georgianvoyage.com

    ReplyDelete
  2. https://tbilisiairporttransfer.com
    https://georgianvoyage.com

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts

,,ბსუ გაძლევს შესაძლებლობას, რეალობად აქციო შენი სურვილები და გახდე იმაზე უკეთესი, ვიდრე ხარ“ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტი დიანა ცინცაძე სწავლას სლოვაკეთში განაგრძობს და ბლოგის საშუალებით გვიზიარებს შთაბეჭდილებებს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ნინო ვარშანიძე ,,ERAZMUS+” -ის გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფება და სწავლას დაუგავპილსის უნივერსიტეტში განაგრძობს.