სკოლიდან უნივერსიტეტამდე - ცვლილებების დროა



ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წელი დაიწყო. პირველკურსელები ცვლილებების მოლოდინში არიან, წინ სწავლების სრულიად ახალი სისტემა და გარემო ელოდებათ. ნინო ვარშანიძე - მომავალი ბიოლოგი, უკვე საერთაშორისო ურთიერთობის ბაკალავრიატის სტუდენტი დავით ფუტკარაძე  და ბავშვობიდან ექიმის პროფესიით დაინტერესებული რამინ დუმბაძე სასწავლებელში 70%-იანი გრანტით ჩაირიცხნენ. საინტერესოა რატომ გააკეთეს არჩევანი ბსუ-ზე, რა იცოდნენ სასწავლებლის შესახებ და რა მოლოდინები აქვთ.

ნინო ვარშანიძე
ბიოლოგიის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტი

რატომ ბსუ?
ნინო ვარშანიძე
აბიტურიენტობის დროს  მოვიძიე  ინფორმაცია, გავესაუბრე ჩემი ფაკულტეტის სტუდენტებს,  გავიგე ჩემთვის რის მოცემა შეუძლია უნივერსიტეტს, ყოველივე ამან დიდი როლი ითამაშა გადაწყვეტილების მიღებაზე. ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტი გამოირჩევა სწავლების ხარისხით, თანამედროვე ტექნოლოგიებით, კარგი ინფრასტრუქტურით, სტუდენტებს  გვაძლევს საშუალებას ლაბორატორიებში პრაქტიკულად განვახორციელოთ თეორიულად ნასწავლი მასალა. ალბათ ყველასთვის ცნობილია რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში წამყვან ადგილზეა გაცვლითი პროგრამების რაოდენობით და ვიმედოვნებ ახლო მომავალში ჩემი შრომითა და მონდომებით ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამის მონაწილეც გავხვდები. ასევე ბუნებრივია,  უნივერსიტეტის არჩევისას დიდი როლი ითამაშა უნივერსიტეტის მდებარეობამ, ვინაიდან და რადგანაც ბათუმში ვცხოვრობ ჩემთვის ხელსაყრელი იყო მშობლიურ ქალაქში სწავლა.

დავით ფუტკარაძე
ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი სწავლობს BSU-ში. ზოგიერთი თვითმმართველობაშია ჩაბმული, ზოგი სპორტულ წრეებში. ერთ-ერთი გაცვლითი პროგრამითაც იყო წასული საზღვარგარეთ. ვიცი, რომ არიან ძალიან მეგობრული ლექტორები, ასევე სპორტული მწვრთნელები. რემონტი კეთდება და ლიფტიც მოგვემსახურება მგონი. უნივერსიტეტის ყოველწლიური პროგრესიც შესამჩნევია, ინფრასტრუქტურაც თანდათან უფრო მიმზიდველი ხდება, თან ჩემს სახლთან ახლოსაა.

რამინ დუმბაძე
ბევრი ჩემი ნაცნობი ბსუ-ში სწავლობს, რა თქმა უნდა, ბევრი რამ მსმენია მის შესახებ. კარგი გარემო, მაღალკვალიფიციური პროფესორები, საცხოვრებელი ადგილი, გახდა მიზეზი იმისა, რომ ამერჩია ეს უნივერსიტეტი. ვიცი, რომ კარგი სწავლებაა,  ლექტორები ყველანაირად ცდილობენ დაეხმარონ სტუდენტებს თავიანთი ცოდნის რეალიზაციაში. ასევე მსმენია, რომ ბსუ საქართველოს მასშტაბით მესამე ადგილზეა გაცვლითი პროგრამების მხრივ.

არჩეული პროფესია

რამინ დუმბაძე
როდესაც ფიქრი დავიწყე პროფესიის არჩევაზე, რაც უნდა ბევრი მეფიქრა, ბოლოს მაინც ექიმობამდე მივდიოდი. თავიდანვე კარგად ავითვისე საბუნებისმეტყველო საგნები, რამაც უფრო და უფრო გააღვივა სურვილი, დავუფლებოდი ამ ძალზედ რთულ პროფესიას.

დავით ფუტკარაძე
შემიძლია გამართულად საუბარი, მომწონს ოფიციალური შეხვედრები და კონფერენციები, ასევე ვფლობ რამდენიმე უცხო ენას, რაც დიპლომატისთვის აუცილებელია.

ნინო ვარშანიძე
ალბათ გაგიგიათ შემთხვევები, როცა მოსწავლეების  საგნისადმი სიყვარული ან სიძულვილი მასწავლებლის დამსახურებაა. რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა. ბიოლოგია ძალიან მიყვარდა და გამიმართლა, არაჩვეულებრივი მასწავლებელიც შემხვდა. მასწავლებელთან ერთად არაერთხელ მიმუშავია ლაბორატორიაში ჩემთვის საინტერესო თემებზე, რამაც უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.  სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, თუ რატომ ავირჩიე ჩემი სამომავლო პროფესია. ვფიქრობ ბიოლოგია სამომავლო სპეციალობებს შორის ყველაზე პერსპექტიული და საჭირო პროფესიაა, რომელიც ყოველთვის უნდა ვითარდებოდეს. მე მესმის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩემი არჩევანი ჩემი მომავლისთვის და  ვიმედოვნებ მომავლის იმედები არ გამიცრუვდება.



დავით ფუტკარაძე
საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობის პირველი კურსი სტუდენტი


მოლოდინები

დავით ფუტკარაძე
ველოდები ძალიან მხიარულ, ხალისიან, წარმატებულ სტუდენტურ წლებს. ახალ მეგობრებს, საინტერესო ექსკურსიებსა და სპორტულ ღონისძიებებს.

ნინო ვარშანიძე
რა თქმა უნდა ჩემი მოლოდინები დიდია.  მოველი რომ უნივერსიტეტი იმედებს გამიმართლებს, დამეხმარება დასახულის მიღწევაში და  ჩამომაყალიბებს პროფესიონალ სპეციალისტად. 

რამინ დუმბაძე
ძალიან დიდი მოლოდინები მაქვს, რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს უნივერსიტეტი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კარგი სამედიცინო განათლება მივიღო და ჩამოვყალიბდე მაღალკვალიფიციურ, პროფესიონალ ექიმად. ამისათვის კი თეორიასთან ერთად ხშირი პრაქტიკული სამუშაოებია საჭირო სხვადასხვა კლინიკასა თუ საავადმყოფოში.

სკოლიდან უნივერსიტეტამდე - ცვლილებების დროა

ნინო ვარშანიძე
არასდროს  ვყოფილვარ ცვლილებების მოწინააღმდეგე. პირიქით ვფიქრობ, რომ ცვლილებები აუცილებელია და ყოველი ახალი წინგადადგმული ნაბიჯი გვაახლოებს მიზანთან. ყოველივეს დიდი სიხარულით შევყურებ, არაფერზე ვნერვიულობ და ველი ცხოვრების ახალ საინტერესო ეტაპს, რომელიც ალბათ გამოწვევებით იქნება აღსავსე.

რამინ დუმბაძე
ძალიან ამაღელვებელია ის ყველაფერი, რასაც უნდა შევეჭიდო. მიხარია, რომ ახალ ადამიანებს გავიცნობ. რაც შეეხება სწავლების ახალ სკოლისგან განსხვავებულ სისტემას, ძალიან დადებითი და პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს მის მიმართ.



დავით ფუტკარაძე
ნერვიულობით არაფერზე არ ვნერვიულობ, უნივერსიტეტის დაწყებას და ფეხბურთის გუნდში შესარჩევ თამაშს ველოდები დიდი სიხარულით.  ძალიან დადებითად ვარ დამუხტული.

სტუდენტური ცხოვრება და გეგმები

ნინო ვარშანიძე
სტუდენტური ცხოვრება აკადემიური თვალსაზრისით მეტად დატვირთული და შრომატევადია, თუმცა ვფიქრობ, რომ გარდა სწავლისა აუცილებელია განტვირთვისთვის  დროის გამონახვა, სწორედ ამიტომ პირველივე კურსიდან ვაპირებ აქტიურად ჩავერთო სხვადასხვა სპორტულ-შემეცნებით აქტივობებში, მონაწილეობა მივიღო ინტელექტუალურ ღონისძიებებში და გავხდე აქტიური სტუდენტი.

დავით ფუტკარაძე
როგორც უკვე ვახსენე, მინდა ფეხბურთის გუნდში თამაში. არ იქნებოდა ცუდი მუსიკალური ბენდშიც გავწევრიანებულიყავი, მაგრამ ორივე ერთად დიდი ალბათობით არ მოხერხდება.

რამინ დუმბაძე
ძალიან გამიხარდებოდა, თუ იქნებოდა წიგნის კითხვის მოყვარულთა კლუბი, სადაც ლიტერატურის მოყვარული სტუდენტები საინტერესო ინფორმაციას გაცვლიდნენ და გაუზიარებდნენ ერთმანეთს ამა თუ იმ წიგნის წაკითხვის შემდეგ მიღებულ შთაბეჭდილებას.

პირველკურსელებისთვის მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდნენ რა ელოდებათ წინ, რა გაითვალისწინონ, გამოწვევებს როგორ უპასუხონ.  ეს კი ყველაზე მარტივად შეიძლება გაიგონ  სხვების გამოცდილებიდან. ნინო ბარამიძე, რომელიც ფსიქოლოგიის სპეციალობის კურსდამთავრებულია და სამართალმცოდნეობის მეორე კურსის სტუდენტი გია ჩხიაძე საუბრობენ უნივერისტეტში გატარებულ წლებზე, პირველკურსელებს აძლევენ საჭირო რჩევებსა და რეკომენდაციებს.


გია ჩხაიძე
სამართალმცოდნეობის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი

რატომ ავირჩიე ბსუ

გია ჩხაიძე
აბიტურიენტობის დროს, ბსუ-ზე არჩევანი გავაკეთე რამდენიმე გარემოების გამო. პირველ რიგში, ბსუ ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია ჩვენს ქვეყანაში, სადაც იურიდიული ფაკულტეტი ასე მიმზიდველია სტუდენტებისთვის. ასევე, ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ  საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავების მიზნით მიიღონ მონაწილეობა უამრავ გაცვლით პროგრამაში, ამ კუთხით კი ბსუ ევროკომისიის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების მიხედვით - საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის მესამე ადგილზეა.

ნინი ბარამიძე
ბსუ ავირჩიე ოჯახის წევრების რჩევით და საოცარი ადგილმდებარეობის გამო.

რა ვიცოდი ბსუ-ზე, სანამ სტუდენტი გავხდებოდი
                
ნინი ბარამიძე
ბსუ-ს შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი მაგრამ მოლოდინი მქონდა, რომ საინტერესო წლები მელოდებოდა წინ, საბოლოოდ რეალურმა სურათმა მოლოდინს გადააჭარბა.
გია ჩხაიძე

სანამ ბსუ-ს სტუდენტი გავხდებოდი დაახლოებითი წარმოდგენა მქონდა უნივერისტეტის შესახებ. ვიცოდი, თუ გავაგრძელებდი აქტიურ სამოქალაქო მოღვაწეობას/აქტიურ მოქალაქეობას სტუდენტური ცხოვრება არ იქნებოდა ხელისშემშლელი ფაქტორი, უნივერსიტეტი კი  ხელს შემიწყობდა დასაქმებაში.

მოლოდინი და რეალობა

ნინი ბარამიძე
მოლოდინი ძალიან დიდი მქონდა და მიხაია, რომ  გამართლდა და არასდროს მინანია  ბსუ-ში ჩაბარება. ბსუ სწავლის ხარისხში რა თქმა უნდა არის ხარვეზები მაგრამ მომწონს ის რომ ყველა სტუდენტის აზრი გათვალისწინებულია და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხარისხიანი და კარგი განათლება მისცეს უნივერსიტეტმა სტუდენტებს. მე პირადად დასაქმებაში ბსუ ძალიან დამეხმარა, ბსუ-ს ფსიქოლოგიის კლინიკასა და ძალადობის ცენტრში გავლილმა სტაჟირებებმა დიდი როლი ითამაშა პრაქტიკული უნარების განვითარებაში. დღეს უკვე უნივერსიტეტის დასრულებიდან სამ თვეში, საკუთარი პროფესიით ვმუშაობ, ვფიქრობ რომ ეს ნამდვილად ბსუ- და ჩემი ფაკულტეტის დამსახურებაა.


ნინი ბარამიძე
ფსიქოლოგიის სპეციალობის კურსდამთავრებული

გია ჩხაიძე
სტუდენტად გახდომის შემდეგ მქონდა მოლოდინი, რომ  ჩემს ცხოვრებაში იწყებოდა ახალი ეტაპი. ეს ეტაპი დატვირთული იქნებოდა სიახლეებით, გამოწვევებით, საინტერესო მომენტებით. ახალ გარემოში და ახალი ადამიანების გარემოცვაში მომიწევდა ყოფნა და შესაბამისად მარტივად უნდა გამევლო ადაპტაცია.

ბსუ-ში სწავლის დაწყებისთანავე მოვიხიბლე უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურით, თბილი გარემოთ, ბიბლიოთეკითა და კვალიფიციური ლექტორებით, რომლებიც ცდილობდნენ სასწავლო პროცესი გაეხადათ მაქსიმალურად მორგებული სტუდენტებისთვის.

ვიტყოდი გამიმართლდა მოლოდინები, თუმცა ბოლომდე არა. მიმაჩნია, რომ დრო არის საჭირო დარჩენილი მოლოდინების გასამართლებლად. ვისურვებდი, პროგრესი ამავე ტემპით გაგრძელებულიყო, გატარებულიყო ყველა საჭირო რეფორმა, გატარებულიყო ინოვაციური პროექტები და უფრო მეტი წარმატებისთვის მიეღწია ბსუ-ს.

რჩევები პირველკურსელებს
გია ჩხაიძე
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე პირველკურსელებს ვურჩევდი, რომ იყვნენ        მაქსიმალურად თავდაჯერებული, თავიანთ საქმეზე შეყვარებული, მონდომებული, ცვლილების მოყვარული, მოტივირებული და ზომიერად ამბიციური. მათთვის იწყება ცხოვრების ახალი ეტაპი, შესაბამისად ცვლილებებს უნდა შეხვდნენ პოზიტიურად. სტუდენტური ცხოვრება დატვირთულია სიძნელეებითა და გამოწვევებით. 

სასურველია აქტიური სტუდენტები იყვნენ, ჩაერთონ პროექტებში, განვითარდნენ პიროვნულად და პროფესიულად. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია, სტუდენტური პორტალის არსებობა, სადაც დარეგისტრირების შემთხვევაში სტუდენტებს ექნებათ ინფორმაცია ყველა იმ აქტივობების შესახებ, რომლებიც დაიგეგმება ჩვენს უნივერსიტეტში.

ნინი ბარამიძე
უკვე პირველ კურსელებს ვურჩევდი რომ იყვნენ ძალიან თავდაჯერებული და მონდომებული, არასდროს არ დაეზაროთ აქტივობებში მონაწილეობის მიღება, ძალიან დიდი ყურადღება მიაქციონ სწავლას, რადგან ბსუ ნამდვილად აძლევს სტუდენტებს ხარისხიან განათლებას და აუცილებლად მიიღონ მონაწილეობა გაცვლით პროგრამებში.


სტუდენტური ცხოვრება სასკოლო სისტემისგან რადიკალურად განსხვავებულია. პირველკურსელებისთვის უცნობია შეფასების სისტემა, ელექტრონული პლატფორმები, რომლებითაც მოუწევთ სარგებლობა.  მათთვის მნიშვნელოვანია, იცოდნენ თავიანთი უფლებები და მოვალეობები, უნივერსიტეტში მიმდინარე სიახლეები, ვის მიმართონ დახმარებისთვის და რა მომსახურებით შეუძლიათ ისარგებლონ. ყოველივე ამაზე საუბრობს სტუდენტთა კარიერული განვითრების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მერაბ დიასამიძე.


მერაბ დიასამიძე
 სტუდენტთა კარიერული განვითრების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი 

პირველ რიგში მინდა,  ჩვენს პირველკურსელებს მივულოცო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის უფლების მოპოვება. აქვე მინდა, აღვნიშნო და მივულოცო, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიმდინარე წელს სამეულშია რეიტინგების მიხედვით. თამამად შეგვიძლია ვუთხრათ მათ, რომ ისინი სწავლას გააგრძელებენ მაღალი რეიტინგის მქონე უნივერსიტეტში, რომელმაც წარმატებით გაიარა ექვსწლიანი ავტორიზაცია და პასუხობს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც  ტექნოლოგიების და ზოგადად საზოგადოების განვითარებას მოჰყვა.

ბსუ პირველკურსელებისთვის

რეგისტრაციისას ჩვენ დავაკვირდით, რომ  პირველკურსელების უმეტესობა  არასრულწლოვანია. გარკვეულად რთული პერიოდი აქვთ, ისინი შემოდიან უნივერსიტეტში ხდებიან სრულწლოვანი, სკოლის რეალობიდან გამოდიან და უკვე სტუდენტურ ცხოვრებას იწყებენ, მათ  მიმართ იზრდება მოთხოვნები საზოგადოების მხრიდან.  ამ გარდამავალ პერიოდში მათ უნივერისტეტთან მიმართებაში დიდი მოლოდინი  აქვთ და ჩვენ მზად ვართ ეს იმედები გავუმართლოთ.  ბათუმის სახელმწიფო უნივერისტეტის წარმატებად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ სისტემურად ცვლის სტუდენტურ სერვისებს. 2018 წლიდან ყველა სერვისის მიღება ერთი ფანჯრიდანაა შესაძლებელი. ჩვენი სამსახური მზადაა ნებისმიერ დროს სტუდენტებს გაუწიოს დახმარება და  ეს იქნება ძირითადი რგოლი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ტიპის ინფორმაციის გაცემას სტუდენტებზე. ჩვენი ოფისი სტუდენტებისთვის მარტივად ხელმისაწვდომია  და განთავსებული იქნება რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კორპუსის პირველი სართულის ფოიეში.

სტუდენტთა გამარტივებულ სერვისები

უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციის საფუძველზე 2018 წლიდან  ყველა ტიპის სერვისი  ერთ სივრცეში გავაერთიანეთ. ჩვენი მიზანია გავამარტივოთ სტუდენტების მომსახურება, იგულისხმება როგორც პროცედურების, ასევე სისწრაფის გაუმჯობესება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იუსტიციის სახლის მსგავს მუშაობის პრინციპზე გადავდივართ. აქამდე არსებობდა ელექტრონული მართვის სისტემა, იგულისხმება ელექტრონული ჟურნალი და სტუდენტური პორტალი, რომლებიც ცალ-ცალკე დამოუკიდებელ პლატფორმას წარმოადგენდნენ  და პირველი ოქტომბრიდან მოხდება გაერთიანდება. სტუდენტებს გაცილებით გაუმარტივდება  ყველა ტიპის სერვისის მიღება, ეს ეხება როგორც აკადემიურ და ადმინისტრაციულ რეგისტრაციას, ასევე სპორტულ და კულტურულ წრეებში გაწევრიანებას. დამატებით სტუდენტს შეუძლია ცნობის, სასწავლო ბარათის მიღება. 

უკვე ნახსენებ ცვლილებებთან ერთად, იგეგმება საბიბლიოთეკო რესურსების სტუდენტურ პორტალთან დაკავშირება, რაც გაამარტივებს წიგნზე ხელმისაწვდომობას. ამჟამად უნივერსიტეტში არის 300000-მდე წიგნადი ფონდი, რომელიც ნაწილობრივ არის აღწერილი, თუმცა არსებობს მიმართულებები, სადაც  ყველა სტუდენტისთვის საკმარისი რაოდენობის წიგნი არ არის. სპეციალური აპლიკაცია მოგვცემს საშუალებას მოვძებნოთ წიგნი ბაზაში, გავიგოთ რა რაოდენობაა ხელმისაწვდომი, დაბრუნების ვადა და მოვითხოვოთ გატანა.

სასტიპენდიო და საშეღავათო პროგრამები


როცა ვსაუბრობდით რეიტინგებსა და ავტორიზაციაზე, აქ ხაზგასმით მინდა  აღვნიშნო, რომ უცხოელმა ექსპერტებმა განსაკუთრებულად დადებითად შეაფასეს უნივერსიტეტის სასტიპენდიო და სოციალური პროგრამები.  გვაქვს საუნივერსიტეტო, საფაკულტეტო სახელობის, კარგოსნების, სოციალურად დაუცველი წარჩინებული სტუდენტების, გაცვლით სასწავლო პროგრამების მონაწილეების სტიპენდიები. სოციალური შეღავათების მიმართულებით, დედ-მამით ობოლი სტუდენტები თავისუფლდებიან გადასახადისგან, სოციალურად დაუცველი, კარგი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები კონკურსის საფუძველზე უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან სწავლის გადასახადისათვის იღებენ თანადაფინანსებას. ასევე, უნივერსიტეტში მოქმედებს წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტების მხარდაჭერის ფონდი.


სამომავლო გეგმები

გასული წლებისგან განსხვავებით წელს პირველად დავიწყეთ სტუდენტების ყველა ინტერესის გამოკითხვა და  მონაცემთა ბაზის შექმნა. მოთხოვნის შესაბამისად ჩამოვაყალიბებთ კულტურისა და სპორტის მიმართულებით სხვადასხვა წრეს. საბედნიეროდ, ამის ფინანსური რესურსი გვაქვს. გასულ წელთან შედარებით ბიუჯეტი საკმაოდ გაიზარდა და მიმდინარე წელს  22 მილიონს შეადგეს, შესაბამისად პროპორციულად გაიზარდა დაფინანსება ზემოთნახსენები მიმართულებითაც.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შევუწყოთ სტუდენტების დასაქმებას. სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შეუძლია პორტალზე დარეგისტრირებული დამსაქმებელის მიერ გამოცხადებული ვაკანსიების მოძიება. სწორედ ამას ემსახურება მიმდინარე წლის შემოდგომის ბოლოს დაგეგმილი ფორუმის ჩატარება, რომელსაც დაესწრებიან პოტენციური დამსაქმებლები და სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნება კურსდამთავრებულთა და მრჩეველთა კლუბები. 

მიმდინარე წლიდან სტუდენტებს შევთავაზებთ ტრენინგ-კურსებს. არაფორმალური განათლების ფარგლებში სტუდენტების მოთხოვნიდან გამომდინარე ნებისმიერი მიმართულებით იქნება შესაძლებელი  ტრენინგების ჩატარება.



















                                   














Comments

  1. https://georgianvoyage.com
    https://tbilisiairporttransfer.com

    ReplyDelete
  2. https://tbilisiairporttransfer.com

    ReplyDelete

Post a Comment

Popular Posts

,,ბსუ გაძლევს შესაძლებლობას, რეალობად აქციო შენი სურვილები და გახდე იმაზე უკეთესი, ვიდრე ხარ“ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების სტუდენტი დიანა ცინცაძე სწავლას სლოვაკეთში განაგრძობს და ბლოგის საშუალებით გვიზიარებს შთაბეჭდილებებს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ნინო ვარშანიძე ,,ERAZMUS+” -ის გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფება და სწავლას დაუგავპილსის უნივერსიტეტში განაგრძობს.