ბსუ-ს იურიდიული კლინიკა


ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 2008 წლიდან მოქმედებს იურიდიული კლინიკა, სადაც კონკურსის წესით სემესტრულად 15-მდე სტუდენტი მიიღება და დღემდე  300-მდე მომავალმა იურისტმა გაიარა სტაჟირება. კლინიკა ყოველწლიურად 400-მდე სოციალურად დაუცველ მოქალაქეს ემსახურება.

იურიდიულ კლინიკას ხელმძღვანელობენ პრაქტიკოსი, მაღალკვალიფიციური, რამდენიმეწლიანი სასამართლო საქმიანობის გამოცდილების მქონე იურისტები და ადვოკატები. სტუდენტები აქტიურად მუშაობენ  სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამოქალაქო კატეგორიის საქმეებსა და სამემკვიდრეო დავებზე. ასევე, კლინიკის სტაჟიორები  ამზადებენ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის  შესაბამის დოკუმენტაციას.

ნარგიზ ცეცხლაძე
იურიდიული კლინიკის კოორდინატორი

იურდიულ კლინიკაში მიღება
სტუდენტების დაინტერესება იურიდიულ კლინიკაში პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებით  საკმაოდ მაღალია და ბევრი კონკურსანტია ყოველ მიღებაზე. გარდა გამოცდილების მიღებისა, მნიშვნელოვანი ფაქტი გახლავთ ის, რომ კლინიკაში მუშაობას აქვს მინიჭებული 10 კრედიტი.

იურიდიულ კლინიკაში 10-15 სტუდენტია, ძირითადად მე-3 და მე-4 კურსელები, თუმცა მაგისტრანტებსაც შეუძლიათ გახდნენ წევრები. ისინი კონკურსის წესით ხვდებიან.  მიღება ცხადდება წელიწადში ორჯერ, სემესტრულად, რადგან ბევრს აქვს წევრობის სურვილი და დაახლოებით 6-8 თვის მანძილზე მუშაობენ.

რაც შეეხება შერჩევის კრიტერიუმებს, სპეციალური კომისია მსურველებს აფასებს სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყურადღება ექცევა სტუდენტის აკადემიურ მოსწრებას, თუ რა განათლებას ფლობს. ასევე, მნიშნელოვანია მოტივაცია. გარდა ცოდნისა, აუცილებელია, კანდიდატი ფლობდეს საჭირო უნარ-ჩვევებს. 

მუშაობის პროცესი
კლინიკის წევრები მუშაობენ ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 12:00-17:00 საათამდე.  კლინიკა ძირითადად სამოქალაქო ადმინისტრაციულ საქმეებზე მუშაობს. კლიენტებს ვუწევთ  კონსულტაციებს, ვადგენთ  სარჩელებსა და შესაგებლებს. გვაქვს იზოლირებული ოთახი, სადაც კლიენტის სურვილის შემთხვევაში კონფიდენციალობის დაცვის მიზნით ხდება ინდივიდუალურად გასაუბრება. გარდა შემოსულ საქმეებზე მუშაობისა, პერიოდულად იმართება შეხვედრები პრაქტიკოსებთან, ტარდება ტრენინგ-სემინარები, საინტერესო კაზუსების განხილვები და დისკუსიები.

კლინიკის წევრების კვალიფიკაცია და მუშაობის ხარისხი
უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ წარმატებულად მუშაობს კლინიკა. მნიშნელოვანია კლიენტთან მუშაობისას ნდობის პრინციპი. ჩვენი კლიენტები კმაყოფილი არიან. სასამართლოში წარდგენილი სარჩელებიდან უმეტესობა, 95 პროცენტი წარმოებაში მიღებულია, მხოლოდ მცირედი გვიბრუნდება ხარვეზებით, რომლებიც გამოსწორებადია.

მოქალაქეთა მომართვიანობა
მოქალაქეთა მომართვიანობა საკმაოდ მაღალია. გავიხსენებ 2016 წელს, როდესაც მოგვიწია რეპრესირებულ კლიენტებთან აქტიური მუშაობა. დღის მანძილზე დაახლოებით 7 საქმე შემოდიოდა კლინიკაში. აქედან გამომდინარე, ზაფხულშიც მოგვიწია დატვირთული რეჟიმით მუშაობა.

მოქალაქეები სხვადასხვა საშუალებით ღებულობენ ინფორმაციას ჩვენი კლინიკის შესახებ. გვაქვს ოფიციალური გვერდი,  ასევე კმაყოფილი კლიენტებისგან ვრცელდება ინფორმაცია.  პარალელურად, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ხდება კლიენტების გადმომისამართება. ეს ორგანიზაციებია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სახაზინო საადვოკატო ბიურო“. აღსანიშნავია, რომ არა მხოლოდ ბათუმის, არამედ რაიონების მასშტაბითაც ემსახურებიან მოქალაქეებს სტუდენტები.

სამომავლო გეგმები
კლინიკა გააგრძელებს არსებულ რეჟიმში აქტიურად მუშაობას და კლიენტების მომსახურებას. ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის ტრენინგ-სემინარები, დისკუსიები. დამატებით ვგეგმავთ შემოსული საქმეების აღრიცხვის ელექტრონული სისტემის შექმნას.


ბაჩო შავაძე
იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი

კლინიკის გამოცდილება
კლინიკის შესახებ ჩაბარების შემდეგ მეგობრებისგან გავიგე, რომლებიც აქ მუშაობდნენ და რეკომენდაციის შედეგად გადავწყვიტე მეც მიმეღო  კონკურსში მონაწილეობა. მესამე კურსზე გავდიოდი სტაჟირებას კლინიკაში. აღნიშნული მიმართულებით ჩემი პირველი პრაქტიკული გამოცდილება იყო. კლინიკაში მუშაობა პროფესიული ზრდის საშუალებას იძლევა. თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში გამოიყენებ. თავდაპირველად ძირითად ელემენტარულ საკითხებზე დავიწყე მუშაობა, არქივიდან როგორ ხდება საბუთების გამოთხოვა, კონსულტაციის გაწევა, სარჩელების შედგენა. რთული იყო დამოუკიდებლად მუშაობა, თუმცა კლინიკის მეოთხე კურსელი გამოცდილი წევრები მეხმარებოდნენ. კლინიკაში არიან მოხალისე კლინიკელები, რომლებიც ახალ წევრებთან მუშაობენ და უზიარებენ გამოცდილებას. ამ ეტაპზე მეც ამ მხრივ ვმუშაობ.

ყველაზე რთული საქმე
ყველაზე რთულ საქმედ მახსენდება კერძო პირის შესაგებლის დაწერა, რომელსაც ერთ-ერთ შპს-სთან ჰქონდა დავა.  აღნიშნული შემთხევა რთული იყო, რადგან შესაგებლის წარდგენის ბოლო დღე იყო და დროში შეზღუდული ვიყავი. მთელი დღის მანძილზე მომიწია მუშაობა, რაც საკმაოდ სტრესული და დამღლელი პროცესი იყო, თუმცა  სტრესულ რეჟიმში წარმატებული მუშაობის გამოცდილება მომცა, რაც ჩემი სამომავლო საქმიანობის შემადგენელი ნაწილი იქნება.

სამომავლო გეგმები
ამ ეტაპზე სწავლის პარალელურად მუშაობის დაწყებას ვგეგმავ.  საადვოკატო გამოცდები უნდა ჩავაბარო. აქ მიღებული გამოცდილება, რა თქმა უნდა, გამომადგება, რადგან ნებისმიერ კომპანიასა და ორგანიზაციაში მიღებისას შეიძლება სასამართლოს წარმომადგენლადაც მოგიწიოს მუშაობა. აქედან გამომდინარე, თუკი არ იცი სარჩელის ან შესაგებლის  შედგენა და დოკუმენტებთან მუშაობა, არ გაქვს გარკვეული პრაქტიკა მიღებული, რთულია იმუშაო. ჩვენი კლინიკა კი იძლევა  სასამართლოს წარმომადგენელთან ერთად, მუშაობის საშუალებას.  მინდა იურიდიული ფაკულტეტის ყველა სტუდენტს ვურჩიო ჩაერთონ კლინიკის საქმიანობაში, ამ პატარა ოჯახის წევრები გახდნენ და მიიღონ აუცილებელი პრაქტიკული გამოცდილება.



Comments