ბსუ-ს იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი დავით ფუტკარაძე სწავლას ესპანეთში განაგრძობს და ბლოგის საშუალებით გვიზიარებს შთაბეჭდილებებს .

 


,,ერაზმუსი“ თქვენთვის?

,,ერაზმუსი“ არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი შესაძლებლობა თვითგანვითარებისთვის. სწავლობ ცხოვრებას მარტო, საკუთარ თავს ცდი უცხო გარემოში, სწავლობ უცხო ენებს და რა თქმა უნდა, ერთობი მეგობრებთან ერთად. 


ბსუ-ს როლი გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად? 

ბსუ-მ ვებგვერდზე დადო ინფორმაცია ,,ერაზმუსის” გაცვლითი პროგრამის შესახებ, მეგობარმა მირჩია მენახა და გამეგზავნა ყველა საჭირო დოკუმენტი. კონკურსში ჩართვის დღიდან  არ შემიძლია არ აღვნიშნო ბსუ-ს ადმინისტრაციისა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის წევრთა ყურადღება. მოგეხსენებათ, ურთულეს პერიოდში მომიწია კონკურსში ჩართვა, კოვიდ-შემთხვევები დღითიდღე იმატებდა და იკეტებოდა საზღვრები, უქმდებოდა ფრენები. მიუხედავად ამისა, ბსუ და მეც ყველანაირად ვცდილობდით, რომ მომეხერხებინა წასვლა და მაქსიმალურად მაწვდიდნენ ინფორმაციას სიახლეების შესახებ, რათა სწორი ნაბიჯები გადამედგა. 


მოლოდინი და რეალობა?

რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა. ულამაზესი და ისტორიული ქალაქები, თბილი და ყურადღებიანი ხალხი, სტუდენტებისთვის უამრავი ღონისძიება, შეკრებები, ტურები, ექსკურსიები, ახალი მეგობრები, ურთიერთობები. ყოველდღე რაღაც ახლის და საინტერესოს მოლოდინი გაქვს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ესპანეთი იყო და არის ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ქვეყანა, ბავშვობიდან ვოცნებობდი წავსულიყავი ბარსელონაში და მენახა ჩემი საყვარელი გუნდის მოედანი, ან თუნდაც თამაში, რასთანაც ახლა ძალიან ახლოს ვარ და როგორც კი გაიხსნება საქალაქთაშორისო მიმოსვლა, აუცილებლად ავიხდენ ამ ოცნებას. 


ადაპტაცია და სირთულეები ახალ რეალობაში?

ადაპტაცია საკმაოდ მარტივად წარიმართა. კომუნიკაბელური ადამიანი ვარ და ჩამოსვლისთანავე გავიცანი სტუდენტები, რომლებთანაც საკმაოდ მალე დავმეგობრდი და მეხმარებოდნენ ახალ გარემოსთან შეგუების პროცესში, მაჩვენეს კარგი ადგილები, სუპერმარკეტები, ბარები, რესტორნები. ერთი სიტყვით, სირთულეების გარეშე ჩაიარა ყველაფერმა. ერთ კვირაში უკვე თავს ისე ვგრძნობდი, როგორც დიდი ხნის მცხოვრები ესპანეთში. 


ცოტა რამ ქალაქისა და ქვეყნის შესახებ  სადაც იმყოფებით?

კორდობა არის ისტორიული ქალაქი, ვიწრო ქუჩებით, ხალხი ძალიან თბილი და მზრუნველია, ყველა იცავს კანონს და ძალიან აფასებენ უცხოელ ხალხს, რომლებიც ესპანურის სწავლას ცდილობენ. 


თქვენი ყოველდღიურობა და დღის რეჟიმი?

ჩემი დღე ძირითადად იწყება დილის ლექციებით, რომელიც შერეული ფორმატით მიმდინარეობს. შუადღის შემდეგ მაქვს თავისუფალი დრო, პირველ რიგში გავდივარ ჩემი მეგობრების სანახავად, ვსეირნობთ, შემდეგ ვგეგმავთ  საღამოს.  შაბათს ექსკურსიებსა და სხვადასხვა ტურებზე დავდივართ ხოლმე, ხოლო კვირას ერაზმუსელ სტუდენტებთან ერთად ვთამაშობთ ფეხბურთს.



რჩევა მომავალ აბიტურიენტებს?

პირველ რიგში გირჩევთ ყველას, რომ ისწავლოთ ინგლისური და ზოგადად უცხო ენები, ამაზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს. ასევე, აუცილებლად ისარგებლეთ იმ შესაძლებლობებით რასაც უნივერსიტეტი და გაცვლითი პროგრამები გაძლევთ.


Comments

Popular Posts

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ნინო ვარშანიძე ,,ERAZMUS+” -ის გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფება და სწავლას დაუგავპილსის უნივერსიტეტში განაგრძობს.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი - ნინო მიქელაძე ,,Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფებოდა. ბლოგის საშუალებით ნინო გვიზიარებს გამოცდილებას, რომელიც დაუგავპილსის უნივერსიტეტში სწავლისას მიიღო.