ბსუ-ს სტუდენტები, რომლებიც COVID 19-ით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ


ახალმა კორონავირუსმა COVID-19-მა თითოეული ადამიანის ცხოვრება შეცვალა. განსხვავებულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიც. შექმნილ მძიმე  ვითარებაში ბსუ-ს რამდენიმე სტუდენტი, რისკის ფასად, ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნავს და უნივერისტეტში მიღებულ თეორიულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებს. ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ექვსი სტუდენტი: ანა კალანდაძე, შოთა მესხიძე, ანა ასამბაძე, როლანდ ბერიძე, მანუჩარ ნაკაშიძე და ანა კონცელიძე კლინიკა „მედალფაში“ მოხალისე ექთნებად ახალი კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან მუშაობენ. ისინი გვიზიარებენ თავიანთ მოხალისეობრივ გამოცდილებას, პანდემიასთან  დამოკიდებულებას და გვაძლევენ რჩევებს, თუ როგორ გავუფრთხილდეთ  ჯანმრთელობას. 



მოხალისეობა COVID-19-ის დასამარცხებლად


როლანდ ბერიძე

მე მომავალი ექიმი გახლავართ და ჩემთვის ეს დიდი პროფესიული გამოწვევაა. რისკი ძალიან დიდია, ყოველ პაციენტთან სამედიცინო მანიპულაციის ჩატარება ქმნის დაიფიცირების საფრთხეს. არსებულმა სიტუაციამ შემასწავლა კარანტინის სპეციფიკა და ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის უნარი გამომიმუშავა.

ანა ასამბაძე

მე, როგორც მედიცინის სტუდენტი და მომავალი ექიმი, თავს ვალდებულად ვთვლი, დავეხმარო სახელწიფოს და ადამიანებს. მედიკოსის ცხოვრება გარკვეულწილად საფრთხის შემცველია, თუმცა პაციენტებთან კონტაქტი ჩემთვის საინტერესოა, უდიდეს გამოცდილებას ვიღებ და ვხვდები, თუ როგორ ვვითარდები როგორც პროფესიული, ასევე პიროვნული თვალსაზრისით. აქ ყოფნისას გავეცანი ჩემთვის უცნობ მედიცინის ერთ-ერთ მიმართულება - ოზონოთერაპია.

ჩემი ასაკის მიუხედავად, ოჯახის წევრები სიხარულით შეხვდნენ ჩემს გადაწყვეტილებას. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მცირეწლოვანი ვარ მედალფას საკარანტინო სივრცეში.

შოთა მესხიძე

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თავს ვთვლი ვალდებულად, ვიდგე ერის ჯანმრთელობის სადარაჯოზე. პაციენტთან ყოველი კონტაქტი წარმოადგენს დაიფიცირების საშიშროებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვალდებული ვარ პროფესიისა და ქვეყნის წინაშე, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებისას არ მიყოყმანია.

ოჯახს ჩემი გადაწყვეტილების გააზრების საშუალება არ ჰქონია, რადგან რამდენიმე საათში მივიღე გადაწყვეტილება და გავემგზავრე კლინიკაში. რა თქმა უნდა, ღელავენ ოჯახის წევრები, მაგრამ ესმით, რომ ვალდებული ვარ.

ანა კალანდაძე

მიმაჩნია, რომ მოხალისეობით არამხოლოდ სახელმწიფოს და ადამიანებს, არამედ საკუთარ თავსაც ვეხმარები. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება მიმაღებინა საკუთარი პროფესიის სიყვარულმა და ჩემმა ხასიათმა.

რისკის შემცველია ეს ყველაფერი თითოეული ჩვენგანისთვის,მაგრამ მაქსიმალურად ვიცავთ უსაფრთხოების წესებს და დაინფიცირების საფრთხე მინიმუმამდე გვაქვს დაყვანილი. აქ გატარებული დრო უდიდესი პროფესიული და პიროვნული გამოცდილება ჩემთვის.


მოხალისეობრივი მოვალეობები


შოთა მესხიძე

ამ ეტაპზე ვარ თერაპიული განყოფილების ექთანი. მორიგეობაზე 30 და მეტი პაციენტი გვყავს, მორიგეობა იწყება სპეცეკიპირებით, რომელსაც 12 საათის განმავლობაში ვატარებთ. მორიგეობის გრაფიკი მაქსიმალურად ოპტიმალურადაა შედგენილი, 12-საათიანი მორიგეობის შემდეგ, 24 საათი ვისვენებთ და მერე ისევ 12 საათი ვმორიგეობთ.

უნივერსიტეტში მიღებული განათლება ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩემს საქმიამობაში. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ჩვენს უნივერსიტეტს, რადგან გვქონდა საშუალება საფუძვლიანად შეგვესწავლა ეპიდემიოლოგია, რის შედეგადაც უკეთ მომზადებული შევხვდით ამ სიტუაციას.

ანა ასამბაძე

ჩვენს კლინიკაში ვმკურნალობთ კორონა ვირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს, მათთან თითქმის ყოველდღიური კონტაქტი მაქვს. პაციენტებზე ვზრუნავთ: ვკვებავთ, ვაწესრიგებთ, ვმკურნალობთ, შეძლებისამებრ ვუქმნით მათთვის მოსახერხებელ გარემოს. მე ამ ეტაპისთვის  ექთნის დამხმარის მოვალეობას ვასრულებ.

უნივერსიტეტი გვაძლევს იმ საბაზისო ცოდნას, რომლის გარეშეც კლინიკა ჩვენთვის უცხო იქნებოდა. ძალიან გვეხმარება ჩვენ მიერ შესწავლილი ისეთი საგნები როგორიცაა: ბიოსტატისტიკა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია.

როლანდ ბერიძე

მე ვარ რეანიმაციული განყოფილების ექთანი და მაკისრია დიდი პასუხისმგებლობა, ვინაიდან მაქვს ძირითადი შეხება კრიტიკულ პაციენტებთან.

ანა კალანდაძე

ირითადად  ექიმის დანიშნულებების შესრულება გვევლება. ყველა პაციენტი განსაკუთრებული და ინდივიდუალურია. ყველასთან დისტანციური, თუმცა ძალიან თბილი ურთიერთობა მაქვს.




მესიჯი საზოგადოებას

შოთა მესხიძე

მოქალაქეებს მოვუწოდებ, რომ დარჩნენ სახლში, გაითვალისწინონ რეკომენდაციები, არ დაარღვიონ დროებით გამკაცრებული კანონების შეზღუდვები. ვიმედოვნებ, ახალი დაიფიცირების შემთხვევები მასობრივად შემცირდება და მაქსიმალურად მცირე პერიოდში აღდგება ცხოვრების ჩვეული რიტმი.

ანა ასამბაძე

მოვუწოდებ საქართველოს მოქალაქეებს დარჩით სახლში, გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაგვიფრთხილდით ჩვენც! ჩვენ ერთად  დავამარცხებთ  COVID 19-ს. ბოლო მოვლენების გათვალისწინებით ვიმედოვნებ, რომ აღარ მოიმატებს ინფიცირებულთა რიცხვი და დროულად შევძლებთ ამ ვირუსის დამარცხებას.

როლანდ ბერიძე

მოქალაქეებს ვუჩევ დარჩნენ სახლში და გაითვალისწინონ მითითებები. განწყობილი ვარ ოპტიმისტურად და ვიმედოვნებ, მოკლე დროში სიტუაცია დადებითად შეიცვლება.

ანა კალანდაძე

ვენდოთ პროფესიონალებს, მაქსიმალურად დავიცვათ უსაფრთხოების ნორმები. მესმის, რომ ძალიან რთულია, მაგრამ #დარჩისახლში! #უფრონაკლებიაგრესია და #უფრომეტიპოზიტივი




Comments

Popular Posts

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ბიოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ნინო ვარშანიძე ,,ERAZMUS+” -ის გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფება და სწავლას დაუგავპილსის უნივერსიტეტში განაგრძობს.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი - ნინო მიქელაძე ,,Erasmus+”-ის გაცვლითი პროგრამით ლატვიაში იმყოფებოდა. ბლოგის საშუალებით ნინო გვიზიარებს გამოცდილებას, რომელიც დაუგავპილსის უნივერსიტეტში სწავლისას მიიღო.